fbpx
11:54 | 2021-01-18 ავტორი: ზურა დვალაშვილი

ერთხელ და სამუდამოდ დავუსვამთ წერტილს ამ სიგიჟეს! – ფიტნესკლუბის გაფრთხილება ხელისუფლებას

ერთხელ და სამუდამოდ დავუსვამთ წერტილს ამ სიგიჟეს! – ფიტნესკლუბის გაფრთხილება ხელისუფლებას

ფიტნესკლუბი “რეფორმერი” ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს და ხელისუფლებას აფრთხილებს.

 

განცხადების თანახმად, თუ 1 თებერვლიდან კოვიდპანდემიის გამო არსებული შეზღუდვები არ მოიხსნება, მაშინ ისინი ისეთი პროცესების განვითარებას შეუწყობენ ხელს, რომელიც “ამ სიგიჟეს წერტილს დაუსვამს”.

 

“როგორც გახსოვთ არ დავემორჩილეთ არსებულ ალოგიკურ, გაუაზრებელ და უსამართლო შეზღუდვებს და ღიად, საჯაროდ, ჩვენს მაგალითზე შევეცადეთ გვეჩვენებინა ის აბსურდი, რაშიც ამჟამად მთელი ქვეყნის მოსახლეობა იმყოფება.

 

უკვე მერამდენე თვეა ზემოდან გვიყურებენ, როგორც აზროვნების არ მქონე, უუნარო არსებებს, რომლებსაც საკუთარ ცხოვრებასა და ნაბიჯებზე პასუხისმგებლობის აღება არ შეგვიძლია და ვირუსთან ბრძოლისა და ჩვენზე ზრუნვის მოტივით წაგვართვეს ბუნებით მონიჭებული ყველა უფლება, – უფლება ჩვენი ცხოვრება ჩვენვე განვკარგოთ, ვიზრუნოთ საკუთარ თავსა და ოჯახებზე, – უფლება ვიყოთ ადამიანები.
წაგვართვეს ყველაზე ღირებული – თავისუფლება.

 

ამ შეზღუდვების შედეგები უკვე დღესავით ნათელია და ფაქტია, რომ ყოველდღე უფრო მეტად ვღარიბდებით, – უფრო მეტი ადამიანი კარგავს სამსახურს და შემოსავლის წყაროს, უფრო დიდი რისკის წინაშე დგას ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ისიც ფაქტია, რომ ამ ყველაფერს არ უჩანს დასასრული და ამ გაურკვევლობაში ვერ ვახერხებთ დავგეგმოთ საკუთარი მომვალი..
ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება:

 

იმ შემთხვევაში, თუ 23 იანვრამდე არ გახდება ცნობილი, რომ 1 თებერვლიდან იხსნება ყველა შეზღუდვა ან ქვეყანა არ დაუბრუნდება ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს, არ განახლდება ეკონომიკური აქტივობები და ისევ გავაგრძელებთ სიღარიბის ჭაობში ჩაძირვას, 23 იანვრიდან ყველა ღონეს მივმართავთ მივცეთ ბიძგი ისეთი პროცესის განვითარებას, რაც ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს ამ სიგიჟეს”, – ნათქვამია ფიტნესკლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 28 დეკემბერს ბათუმში ფიტნეს კლუბი “რეფორმერი” ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილა და სპროტულმა დაწესებულებამ მუშაობა მაინც განაახლა და აბონენტების მომსახურეობა განაგრძო, რის გამოც „რეფორმერში“, პოლიცია და მუნიციპალური ინცპექცია შევიდა. კომპანია 10 000 ლარით დაჯარიმდა.

 

ფიტნესკლუბ “რეფორმერს” მხარდაჭერა პარტია “გირჩმა” გამოუცხადა.

ავტორი: ზურა დვალაშვილი
X