15:57 | 2020-06-30 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ერთი წლის წინ გარდაცვლილი და ჯერ დაუმარხავი კაცის ამბავი

ერთი წლის წინ გარდაცვლილი და ჯერ დაუმარხავი კაცის ამბავი

სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში მცხოვრები, 1935 წელს დაბადებული გივი ჭაბაშვილი 2019 წლის 4 ივნისს შინიდან გავიდა და დაიკარგა. შვილებმა პოლიციას შეატყობინეს და ერთობლივი ძალებით დაიწყეს ძებნა, თუმცა უშედეგოდ – მოხუცის კვალს ვერსად მიაგნეს.

 

გარდაცვლილის ქალიშვილმა, მარიკა ჭაბაშვილმა „პრაიმტაიმს“ უამბო, რომ მამის გაუჩინარებიდან ერთი თვის შემდეგ 112-ში დარეკა ქალბატონმა და გადასცა ინფორმაცია, რომ ბოდბისხევის ძველ დასახლებაში, სადაც სახლების უმეტესობა დაკეტილი და მიტოვებულია, ტყის პირას ძაღლი ადამიანის თავის ქალას დააგორებდა. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გაჩხრიკა და უცნობი მამაკაცის ძვლებს მიაგნო, რომელიც მომცრო არხში იყო ჩაყრილი. იქვე იყო მიმოფანტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც.

 

სამძებრო სამუშაოების ჩატარების შემდეგ სხეულის ნაწილები ტომარაში მოათავსეს და სამხარაულის საექსპერტო ბიუროში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

 

გივი ჭაბაშვილს 4 შვილი ჰყავდა. ერთი წლების წინ გარდაიცვალა. სამი შვილიდან მხოლოდ ერთი ვაჟი ცხოვრობდა მამასთან.

შვილებმა მამა ტანისამოსით ამოიცნეს. თუმცა, ბუნებრივია, რომ ინდენტიფიცირებისთვის გენეტიკური ანალიზის ჩატარება იყო საჭირო.

 

მარიკა ჭაბაშვილი: ჩემს ძმებს დნმ-ის ანალიზისთვის მასალა ჩამოართვეს და წნორის პოლიციაში (გამომძიებელი – ზაქრო მაზიაშვილი) გამოძიებაც დაიწყო. არ ვიცით, რა დაემართა საწყალ მამას. იქნებ გზა აებნა ტყეში, ჩაეძინა და ნადირმა შეჭამა, იქნებ წაიქცა, ტრავმა მიიღო, გონი დაკარგა ან სულაც იქვე მოკვდა და შემდეგ ნადირმა გაანადგურა. იქნებ მოკლეს ან გზაზე გადასვლისას მანქანამ დაარტყა და შემდეგ ტყეში წაიღეს და დააგდეს… ბევრი ვარიანტის განხილვა შეიძლება, მაგრამ სიმართლეს ალბათ ვერასოდეს გავიგებთ. ფაქტი ისაა, რომ მოხუცს საზარელი სიკვდილი ეწვია.

 

თბილისის ერთ-ერთ ცნობილ ქუჩას ტერორისტის სახელი ჰქვია - ნახეთ ისტორია
2020-06-30თბილისის ერთ-ერთ ცნობილ ქუჩას ტერორისტის სახელი ჰქვია - ნახეთ ისტორია

 

თუმცა, უკვე არც ამას ვჩივით, აღარც სიმართლის დადგენას, რადგან გარდაცვლილს მაინც ვერაფერს ვუშველით და ახლა სხვა პრობლემის წინაშე ვდგავართ: 9 თვე გავიდა ამ ამბის მერე და ვერ მივაღწიეთ, რომ მამას გადარჩენილი ნაწილები მოგვცენ და დავმარხოთ. ასეთი საშინელი სიკვდილის მერე კაცს მიწაც არ აღირსეს. ვეხვეწებით, – გაგვატანეთ მიცვალებული, რომ წესი ავუგოთ, მიწას მივაბაროთ, მაგრამ სამხარაულის ექსპერტიზა ხელს გამომძიებლისკენ იშვერს, გამომძიებელი – ექსპერტიზისკენ და ერთმანეთს აბრალებენ – იმას მოჰკითხეთო. დავიჯერო, გენეტიკურ ანალიზს ან ექსპერტიზას ამდენი ხანი სჭირდება? მარტო ძვლები რომ არ ყოფილიყო დარჩენილი და მთლიანი გვამი ეპოვათ, მაინც ამდენ ხანს გააჩერებდნენ? სადაა, ეგეც არ ვიცით, მორგშია, ექსპერტიზის ბიუროშია თუ სადმე სხვაგან… პასუხს ვერ ვეღირსეთ.

 

ჩვენ უბრალო ხალხი ვართ, არც გავლენა გვაქვს და არც ძალაუფლება, რომ რამეს მივაღწიოთ და იქნებ თქვენ გვიშველოთ…

დაგვეხმარეთ, რომ ერთი წლის წინ გარდაცვლილი მამა მიწას მივაბაროთ და დავისვენოთ ჩვენც და იმისმა გაწამებულმა ძვლებმაც.

„პრაიმტაიმი“ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ხვალ, 1 ივლისს, საღამოს შესაძლებელი გახდება მიცვალებულის გადმოსვენება ექსპერტიზის ბიუროდან.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

X