fbpx
22:59 | 2020-06-25 ავტორი: რუსა ღვანიძე

„ერთი სიტყვაც არ დამიწერია, რომ ჩემი ემოცია, სული და გული არ ჩამედო“ – ვინ არის ახალგაზრდა პოეტი „წმინდა ქალაქიდან“

„ერთი სიტყვაც არ დამიწერია, რომ ჩემი ემოცია, სული და გული არ ჩამედო“ – ვინ არის ახალგაზრდა პოეტი „წმინდა ქალაქიდან“

„როცა გითხარი ვცხოვრობ სიმართლით, მახსოვს ძვირფასო მწარედ დამცინე, მე მწვერვალებში გავუჩინარდი და პოეზია აღმოვაჩინე“ – 25 წლის პოეტი ნიკოლოზ ჭიკაიძე, რომელიც „წმინდა ქალაქ“ მცხეთის მკვიდრია, მეგობარ პოეტებთან ილია ელიზბარაშვილ და თენგო ხუციშვილთან ერთად მოღვაწეობს. საზოგადოებამ, ერთობლივი კრებულის – „გზა ტაძრისკენ“ ავტორები, „წმინდა ქალაქის პოეტებად“ მონათლა.

 

„პრაიმტაიმმა“ ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტები, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა და გაარკვია, რომ რამდენიმე თვის წინ, „საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის“ წევრებად აირჩიეს. როგორც ინტერვიუში საუბრობს, ნიკასთვის, ყველაზე დიდი წარმატება, ადამიანების სიყვარული, საზოგადოების დაფასება და სითბოს გამოხატვაა.

 

მე, ილია ელიზბარაშვილი (27 წლის) და თენგო ხუციშვილი – ქრისტეს მხედარი (33 წლის) ახლო მეგობრები ვართ. სამივე მცხეთის რაიონიდან ვართ. პოეტური გაერთიანება – „წმინდა ქალაქის პოეტები“ , 2013 წელს, თენგოს ინიციატივით შეიქმნა.

 

როდის გამოეცით პირველი კრებული?

 

პირველი ერთობლივი კრებული – „გზა ტაძრისაკენ“, 2017 წელს გამოვეცით. კრებლში შეტანილია, ჩვენი ლექსები. ჯგუფს – „წმინდა ქალაქის პოეტები“, ხალხმა გვიწოდა და ამიტომ დავირქვით. თენგოს ინიციატივით, მცხეთის შ. რუსთაველის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, სალონურ საღამოზე მივიწვიეთ, ისთი ცნობილი პოეტები, როგორც არიან ედუარდ უგულავა, საშა გველესიანი, გაგა გომართელი, მაიკო მიქაია, ვასილ ბესელია და მრავალი სხვა, სადაც ჩვენ ერთობლივ პოეზიას ვაზიარეთ. ვისაც სურვილი ჰქონდა, თავადაც კითხულობდნენ საკუთარ ლექსებს. ზოგჯერ საღამოებს, მცხეთის მუსიკალურ სკოლაში ვატარებდით.

 

 

პირველად, როდის გამოეცით საკუთარი ლექსების კრებული?

 

პერსონალური ლექსების კრებული, 2018 წელს გამოვეცი სახელწოდებით -„21 -ე განთიადი“. ამ ეტაპზე, მეორე წიგნზე ვმუშაობ. დაახლოებით ორ კვირაში, ჩემ საუკეთესო ლექსების კრებულს – „ქრისტეთი“ გამოშვებას ვგეგმავ, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ლექსის სახელწოდებაა.

 

25 წლის ასაკში მწერალთა შემოქმედების კავშირის წევრი გახდით, ეს ხომ უდიდიესი წარმატებაა?

 

ეს მართლაც სასწაული იყო. როგორც ჩანს, სალონური საღამოების შემდეგ, მწერლების და პოეტების გარკვეული ნაწილი, კარგად გაიცნო ჩვენ პოეზიას და რამდენიმე თვის წინ, სამივე პოეტი, „საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის“ წევრად აგვირჩიეს. მათ ძალიან დიდი როლი ითამაშეს, რეკომენდაცია გაგვიწიეს მწერალთა კავშირში ჩვენ გასაწევრიანებლად.

 

 

ყოფილა ისეთი შემთხვავა, რომ მწერალთა კავშირში, სამი პოეტი ერთად გაეწევრიანებიათ?

 

ზუსტად ვერ გეტყვით, სავარაუდოდ მართლაც პირველი შემთხვევა იყო. გარდა იმისა, რომ ერთ საქმეს ვაკეთებთ, ამავე დროს, ერთმანეთის კარგი მეგობრებიც ვართ. არის თემები, რომლებსაც ერთად ვწვიტავთ. არასდროს ვეჯიბრებით ერთმანეთს, ყველგან ერთად ვართ და რაც მთავარია, ერთმანეთის შური და ბოღმა არ გვაქვს.

 

როგორ მიიღოთ საზოგადოებამ…

 

პოეზიის მოყვარულმა საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ბოლო ხანებში, აქტიურობა გამოიჩინა. თავდაპირველად, სოციალურ ქსელში ძალიამ ცოტა მეგობარი მყავდა და ამიტომ არ ვჩანდი, შემდეგ კი როდესაც მეგობრების რაოდენობა გაიზარდა, საზოგადოებამაც, შესაბამისად მეტი ინტერესი გამოიჩინა ჩემ მიმართ.

 

რა არის შენთვის წარმატება?

 

ჩემთვის წარმატება, ადამიანების სიყვარულია. როცა საზოგადოება გაფასებს, სითბოს და სიყვარულს გამოხატავს, ეს არის წარმატება. ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემს პოეზიას ეცნობა და აღფრთოვანებას გამოხატავს, მოწონებას და კომენტარებს მოგზავნის, მინდა ყველას უღმესი მადლობა გადავუხადო. ამ ადამიანების 95%, ჩემთვის უცხოა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპლიმენტია მათგან.

 

შენი ხასიათი და სულის ამოძახილი, აშკარად ჩანს შენს პოეზიაში …

 

საკუთარ თავზე საუბარი, რთულია. კაცი თავის თავზე არ უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ ერთი სიტყვაც არ შემიქმნია და დამიწერია, რომ ჩემი ემოცია, ჩემი სული და გული არ ჩამედო. როგორც ჩანს, საზოგადოება, ამ ყველაფერს გრძნობს და ხედავს, რის გამოც, სავარაუდოდოდ, გამომარჩიეს. ქედმაღლურად არ ვამბობ, მაგრამ ალბათ ასეა.

 

რა ასაკიდან წერ?

 

ძირითადად 13-14 წლის ასაკიდან ვწერ, მოსამზადებელი ეტაპი გავიარე. დაახლოებით 2013 წლიდან კი ჩემ პოეზიას, უკვე განვითარება მივეცი. ძველი ლექსები, ჩემს კრებულში არც შემიტანია.  ოფიციალური კრიტიკოსი და მიმომხილველი არ ვარ, ვწერ იმას, რასაც ვგრძნობ და განვიცდი. ზოგადად, ქართულ პოეზიას კარგად ვიცნობ და მეოცე საუკუნის რომელ პოეტებსაც გამოვარჩევ, მათ შემოქმედებაზე, ჩემ საკუთარ შეხედულებებს ვწერ – თუ რატომ არიან გამორჩეული პოეტები თუ მწერლები, რა გარემოებამ მიიყვანა, რომ ეს ნაწარმოები დაწერა. ზოგადად, რით არიან გამორჩეულები.

 

 

 

ანუ, კრიტიკას არ ეხები და განიხილავ, მხოლოდ იმ მწერლებს, ვისაც გამოარჩევ…

 

კრიტიკას არა, მხოლოდ მათ შემოქმედებას განვიხილავ და მინდა გითხრათ, ამ ყველაფერს, ჩემთვის ვწერ. პოეზიაში და ზოგადად, ლიტერატურაში მთავარია ინტელექტი, ნიჭი. ნიჭიერ ადამიანს, ძალიან ცოტა ყოფნის, რომ „პატარა“, „დიდად“ აქციოს. ჩემ თავს, ზოგადად ლიტერატურაში ვხედავ.

 

ოჯახი, ძალიან დიდ როლს ასრულებს, ადამიანის ჩამოყალიბებაში – რას მეტყოდი მშობლებზე და იმ სასწაულ წმინდა გარემოში, სადაც დაიბადე და გაიზარდე?

 

ადამიანისთვის, სად აღიზრდება, რა გარემოში, მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა ოჯახია – როგორ აღზრდის მშობელი თავის შვილს, როგორ ასწავლის. პირველად რომ ლექსი დავწერე, დედას წავაკითხე და დღემდე ასე გრძელდება. ძალიან უყვარს პოეზია და ბავშვობიდან ბევრს მიკითხავდა. თან, კარგად ესმის ლიტარატურა და შეფასების კარგი უნარი აქვს. ამიტომ, ყველაზე მეტად, დედას ვენდობი. ბაბუას, რომელსაც სამწუხაროდ ვერ მოვესწარი, გადმოცემით ვიცი, რომ შეეძლო ლექსად ესაუბრა, როგორც ჩანს, გენებმა გაჭრა.

 

პროზაში როდის ჩაერთე?

 

ჩემი რამდენიმე ჩანაწერის გარდა, პროზაში არ მიმუშავია. ერთი მოთხრობა მაქვს მხოლოდ დაწერილი „ჯარისკაცი“, ახლა ვწერ რომანს, დაახლოებით, 50 -მდე გვერდი მაქვს დაწერილი, მაგრამ ჯერჯრობით გაჩერებული ვარ. ამ წიგნის გამოცემის შემდეგ, იმედია, უკეთ გამიცნობს საზოგადოება. თავიდან, არ მიფიქრია, რომ სერიოზულად დავიწყებდი პროზაში წერას, მაგრამ რაღაც იდეა მომივიდა, შთაგონება მომეცა და პერსონაჟების გამოგონების შემდეგ, ამ საქმეს მოვეჭიდე, აღმოჩნდა, რომ თითქოს უფრო გამიადვილდა. ლექსის წერა, მეტად რთულია, ფერწერა, ბგერების განლაგება, რითმის დაცვა, უფრო მეტად გიწევს. პროზა, უფრო გიადვილდება, რითმის დაცვაც არ გიწევს იმდენად. რა თქმა უნდა, სხვა ნიჭი უნდა, მაგრამ პოეზიას თუ ფლობ, არ გაგიჭირდება – ფიზიკას თუ ფლობ, მათემატიკაც იცი, მათემატიკა თუ იცი, შეიძლება ფიზიკა არ იცოდე. ამ შემთხვევაში, ფიზიკა არის პოეზია, ხოლო მათემატიკა – პროზა.

 

– უილიამ ფოლკნერი – შენი ყველაზე საყვარელი მწერალი…

 

არიან მწერლები, რომლებიც შეიძლება წაიკითხო და იგრძნო, რომ დიდი მწერალია. ისევე, როგორც პოეტი, როცა კითხულობ, შეგიყვარდება ის, რომელიც შენ სულთან მოდის, შენში აღწევს. ფოლკნერი მიყვარს იმიტომ, რომ ძალიან ღრმა და ამოუწურავი მწერალია. არიან „მარტივი“ მწერლები, რომლებსაც რომ კითხულობ, ადვილად იგებ. ფოლკნერს კითხულობ და რაღაცას იგებ, მაგრამ, რაღაც გაუგებარი რჩება. სწორედ ის გაუგებრობა იწვევს ინტერესს. საუბარია, ფოლკნერის „ხმაური და მძინვარებაზე“, ამ რომანის ბოლომდე გაგება, შეუძლებელია. ეს უნდა შეიგრძნო, ვიდრე გაიგო. ამას შევადარებდი იგივე გალაკტიონის პოეზიას. მაგალითად „ეფემერას“ წაიკითხავ, ქროლვა გიტაცებს, მაგრამ ვერ იგებ, მხოლოდ განიცდი, ხვდები, რომ ეს დიდი და ძლიერია. ზუსტად იგივეს ვიტყოდი ფოლკნერზე.

 

ძალიან საინტერესოდ განიხილავ ყველა მწერალს და მათ შემოქმედებას, საკმაოდ სიღრმისეულად გადმოსცემ…

 

ზოგადად, ყოველთვის ვერიდები ისე წერას, რომ ვინმემ ვერ გაიგოს. ვცდილობ ყოველთვის, რომ მარტივად დავწერო. სულში ჩავახედო და ვცდილობ, ყველამ შეეძლოს მისი წაკითხვა. ყოველთვის ვერიდები, უცხო ტერმინების გამოყენებას. ჩემს რომანშიც ძალიან მარტივად, გასაგებ ენაზე, მაგრამ სიღრმით გადმოვცემ. შეიძლება ითქვას, რომ ბევრისთვის გასაგებ ენაზე ვწერ. პაუზას არ ვაკეთებ, ყველა ჩემი ლექსი, ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

 

შენ ლექსებში, თითმის მთელი ისტორია იკითხება…

 

რასაც ვხედავ და განვიცდი, იმას ვწერ. ვერ ვიტყოდი, რომ მარტო სიყვარულზე ვწერ. ჩემი მთავარი თემა, ადამიანია, რომელიც დღევანდელი სინამდვილეა. ასევე ბიბლიური თემა, სადაც ისე სრულდება ყველაფერი, როგორც ნაწინასწარმეტყველებია. ვცდილობ ეპოქის შესაბამისად ვწერო, ეს დღევანდელი საუკუნეა. ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე გარემომ, სადაც გავიზარდე. მიყვარს სიმშვიდე და ბუნება, არ მიყვარს ხმაური. ყველაფერი უფლის ნებაა, შეიძლება ისეთ ადგილზე დაიბადო, სამოთხე იყოს, მაგრამ ვერ დაწერო.

 

გაგვაცანი შენი სამომავლო გეგმები…

 

ჩემი ყველაზე დიდი სურვილი და გეგმაა, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარო. ვწუხვარ დაკარგულ წლებზე, თუმცა, აუცილებლად გამოვასწორებ. რას ვიზამ მომავალში, არ ვიცი, შეიძლება პედაგოგადაც კი ვიმუშაო. მართალია დამიგვიანდა, მაგრამ გაისად აუცილებლად ჩავაბარებ. ამბობენ „სწავლა სიბერემდეო“, ამიტომ „ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. სიმართლე გითხრათ, თითქმის ორი თვეა, ლექსი არ დამიწერია. რომანზე ვმუშაობ და ამიტომ ვერ მოვიცალე.

 

როგორც პოეტი და რომანტიკოსი, სიყვარულზე რა იტყოდი?

 

სიყვარული ჩემთვის ზოგადი, არა მარტი ქალ-ვაჟურია, ყველაფრის პირველი მიზეზია ადამიანში. სიყვარული ფართო მცნებაა და ერთი მიმართულებით არ უნდა განიზილო. შეიძლება ხეს უყურებდე და სიყვარულს ქმნიდე. როგორც დოსტოევსკის ერთ-ერთ ნაწარმოებშია, როგორ შეიძლება ხეს შეხედო და ბედნიერება არ მოგგვაროს. რომ გაიღვიძებ, თვალებს გაახელ და დაინახავ, უკვე გიყვარს. მთავარია ადამიანები, ცხოვრება გიყვარდეს.

 

შეყვარებული ხარ?

 

სამწუხაროდ, არა. მხოლოდ, სკოლის პერიოდში მიყვარდა, მაგრამ ურთიერთობა ვერ ავაწყეთ და დავშორდით. წლებია, არავინ მყვარებია.

 

გასული საუკუნის ყველაზე გამორჩეული ქართველი პოეტი…

 

ზოგადად, გალაკტიონი არის ჩემთვის ყველაზე გამორჩეული პოეტი, ნიკოლოზ ბარათაშვილთან ერთად. მეოცე საუკუნე, გალაკტიონის საუკუნეა. ამ ორ პოეტთან რაღაც კავშირს ვხედავ. ქართველი პოეტები, ერთმანეთზე დგანან –  ხალხური პოეზია, შ. რუსთაველი, დ. გურამიშვილი, ბესიკი და ბევრი სხვა. რომ არა რუსთაველი, არ იქნებოდა ვაჟა-ფშაველა. ერთ-ერთი პიროვნება მეკამათა, ვაჟა-ფშაველა ხალხური პოეზიის მწვერვალი არ არისო. ჩემი აზრია, რომ ვაჟამ, ხალხური პოეზიის ფორმა, მწვერვალზე აიყვანა და მსოფლიო დონეზე დასვა. ქართული პოეზია, ერთიანი აგებულებაა, ისე, როგორიც ფესვებიდან ამოზრდილი ხე.

 

თანამედროვე მწერლებიდან ვის გამოარჩევდი?

 

ოცდამეერთე საუკუნის ქართულ პოეზიაში დღესდღეისობით ბევრი გამორჩეული პოეტია, ვგულისხმობ, როგორც უფროს თაობას, ასევე ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პოეტებს. ვფიქრობ, ხელოვნებაში დროის ამბავი, ერთ – ერთი ყველაზე უფრო მნიშვნრლოვანი ფაქტორია. დრო, ყველას ჩვენ – ჩვენ ადგილს მიგვიჩენს და შესაბამისად, საზოგადოებაც, გარკვეული დროის შემდეგ, რეალურ შეფასებას მოგვცემს ლიტერატურაში.

 

რას ურჩევდი შემოქმედ ადამიანებს…

 

პოეზიის სამყაროს, ყველაზე მეტად ვურჩევდი, რომ ერთმანეთის პატივისცემა და გვერდში დგომა ისწავლონ. რასაც ვუყურებ, ძალიან დიდი ბოღმა და შურია ერთმანეთის მიმართ, რაც ძალიან გულდასწყვეტია. ნიჭიერი ადამიანს ხელი არ უნდა ჰკრა, თორემ ღმერთსაც დაგმობ. მუდამ პოეზიაზე და ლიტერატურაზე ვფიქრობ, ისეთი წიგნი მინდა გამოვცე, მომავალ თაობას დარჩეს.

 

როდის გაქვს ახალი კრებულის პრეზენტაცია?

 

დაახლოებით ორ კვირაში, ახალ წიგნს, სახელწოდებით -„ქრისტეთი“ გამოვცემ.  სავარაუდოდ გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც იყიდიან. ვფიქრობ, პრეზენტაცია შემოდგომაზე დავგეგმო. პირველი კრებულიდან, 200 ტირაჟი გამოვეცი, მაგრამ მხოლოდ ახლობლებში დავარიგე, დანარჩენი სახლში მიდევს და არც კი ვიცი, სად და როგორ გავყიდო. ყველაფერს რეკლამა ჭირდება ტელევიზიაში, ან გაზეთში.

 

ბევრმა მომწერა, რომ ჩემი წიგნის შეძენა სურს. ერთ-ერთმა ქლბატონმა ბრიტანეთიდანაც კი დამირეკა და ჩემი რამდენიმე ლექსის თარგმანს შემპირდა. რაც შეეხება რომანს, რომელსაც ვწერ, შეიძლება ერთი ან ორი წელიც კი მოვანდომო.

 

მადლობა მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომლებმაც ჩემს მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს. უღრმესი მადლობა თქვენ და „პრაიმტაიმს“, რომ მომეცით საშუალება ჩემს შემოქმედებაზე და პრობლემებზე, გახსნილად მესაუბრა.

 

„მერანს“დაუღლელს, მე სულ ვაქროლებ, დროსთან ვედრებით ვპოვებ ღმერთს ცაში, თქვენი ნებაა, თუ გსურთ, ჩამქოლეთ,
მაგრამ ჩაქოლვით სიტყვას ვერ წაშლით“…

 

"ეფემერა"

Posted by ნიკა ჭიკაიძე on ორშაბათი, 25 მაისი, 2020

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე
X