fbpx
10:37 | 2020-05-18 ავტორი: Prime Time

„ერთი ღამის სიყვარულის“ სასახლის მოჩვენებები – „დალუქული რკინის კარისკენ ნაბიჯების ხმას ბავშვების კისკისიც დაერთო“

„ერთი ღამის სიყვარულის“ სასახლის მოჩვენებები – „დალუქული რკინის კარისკენ ნაბიჯების ხმას ბავშვების კისკისიც დაერთო“

სასახლე

 

შენობას, რომელიც ახლა თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმია. მას „მოჩვენებების სასახლესაც“ უწოდებენ.

 

ამ შენობას აქვს ყველაფერი, რაც სასახლეს უნდა ჰქონდეს: კოშკი, საიდუმლო ოთახი, ტრიუმფალური შემოსასვლელი ღია ვერანდით, საზეიმო კოშკურა, უამრავი მისაღები.

 

ძველად სხვადასხვა სტილის დარბაზები იყო (ლუდოვიკოს, ეგვიპტური), საძინებელი ოთახები… სასახლეს უცნაური გერბი აქვს – რომელზეც მითიური რაში – პეგასია გამოსახული. მას სიყვარულის სიმბოლოსაც ეძახდნენ.

 

 

ისლამური გოთიკით ნაგები ევროპული სასახლე საქართველოში ერთადერთია. 1895 წელს, გერმანელმა არქიტექტორმა, ფაულ შტერნმა ააგო. ის საქართველოში ოპერისა და მერიის შენობების არქიტექტორმა, შრეტერმა ჩამოიყვანა.

 

ერთ-ერთი ვერსიით, საცხოვრებელი სასახლის აშენება შტერნს, ავსტრიელმა ემილია ტიტელმა დაუკვეთა.

 

თუმცა, არის მეორე ვერსიაც: პრინცმა კონსტანტინე ოლდენბერგმა ეს სასახლე, სიყვარულის ნიშნად, ქართველ ლამაზმანს აჩუქა.

 

როგორც ამბობენ, ხშირად უნახავთ სწორედ ამ ლამაზმანის აჩრდილი სასახლეში.

 

გიორგი კალანდია – თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი:

 

„პრინცი ოლდენბერგი უმდიდრესი ადამიანი იყო. მას ფოთსა და თბილისს შორის რკინიგზა გაჰყავდა.

 

პრინცს ძალიან მოეწონა პეტრე დადიანის ულამაზესი მეუღლე, აგრაფინა ჯაფარიძე, რომელიც ქუთაისში გაიცნო. მაშინ მიხაი ზიჩი „ვეფხისტყაოსნისთვის“ ილუსტრაციებს ქმნიდა.

 

ნესტან-დარეჯანის სახედ მან აგრაფინა დახატა. სწორედ მიხაი ზიჩთან გაიცნო ოლდერბერგმა მისი ოცნების ქალბატონი.

 

იმისთვის, რომ ქალის გული მოენადირებინა, ეს სასახლე აუშენა.

 

პრინცის სიყვარულმა აგრაფინასაც თავბრუ დაახვია და ქუთაისიდან თბილისში გამოიპარა…

 

ქორწინებამდე პრინცი და აგრაფინა ერთმანეთს სასახლის კოშკის თავზე, საიდუმლო ოთახში ხვდებოდნენ…

 

ამიტომაც შეარქვეს შენობას „ერთი ღამის სიყვარულის“ სასახლე…

 

აჩრდილები

 

როგორც მეზობლებმა მითხრეს, საღამოობით ეზოში ხშირად ხედავენ თეთრ პერანგში მოსიარულე ქალს, რომელიც ხან ეზოს ფანჩატურშია, ხან კი აივანზე. ერთხელ კოშკურაზეც შენიშნმეს…

 

ისტორია პირველი

 

ლელო ჭიჭინაძე წლებია რაც ამ მუზეუმში მუშაობს. მას ამ ისტორიების შესახებ ბევრჯერ სმენია.

 

„მე თვითონ არაფერი შემინიშნავს, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, მუშაობაში შევყოლილვარ და არასასიამოვნო შეგრძნება დამუფლებია.

 

იმდენად შემშინებია, რომ კარი დამიკეტავს და სასწრაფოდ წავსულვარ… ჩვენმა თანამშრომელმა, ნინა ცანდეკოვამ კი, რომელიც ერთხელ სამსახურში გვიანობამდე დარჩა, ფეხის ხმა გაიგონა.

 

ნაბიჯების ხმა ფონდიდან გაისმა, მერე კი მინავლდა… ფონდში შესასვლელი რკინის კარი დალუქული იყო. ნინამ იფიქრა, მომესმაო და ყურადღება დიდად არ მიაქცია. თუმცა, ხმა ცოტა ხანში ისევ განმეორდა, ვიღაცამ ჩაუქროლა.

 

ნაბიჯების ხმას ბავშვების კისკისიც დაერთო. ნინა იმ რკინის კარისკენ წავიდა, სადაც ეს ხმა ქრებოდა. როცა მივიდა, ნახა რომ იქ არავინ იყო… ისიც ძალიან შეშინდა…“

 

ისტორია მეორე

 

„ასეთი ამბავიც მოხდა. ცისფერ გალერეაში გვქონდა გამოფენა. ნამუშევრებს საღამოობით დაცვას ვაბარებდით… ერთ დილასაც დაცვა გარეთ დაგვხვდა. ძალიან შეშინებულები იყვნენ.

 

მარჯვენა მხარეს, სადაც ჩვენი მუზეუმიდან წაღებული პორტრეტები იყო გამოფენილი, თურმე სიმღერა მოესმათ. თავიდანვე შეშინდნენ, მაგრამ წამსვე გადაწყვიტეს, რომ ხმა კედლის უკან, ბაღიდან მოდიოდა.

 

დარბაზი დაკეტეს და ხმას გაჰყვნენ. თუმცა, ბაღში გასულებს არავინ დახვდათ… უკან მობრუნებულებს კი სიმღერა კვლავ შემოესმათ… შეშინდნენ, დარბაზი დაკეტეს და მთელი ღამე გარეთ გაატარეს…“

 

ამ საიდუმლოებით მოცული ისტორიებით სავსე სასახლეში მეგზურად დირექტორი დამყვება და უამრავ საინტერესო რამეს ჰყვება.

 

საინტერესო კი ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. სასახლის შესასვლელში შემორჩენილია რომაული მარმარილო, კედლებზე კი საღებავებშია ჩამალული უძველესი ფრანგმენტები.

 

გიორგი კალანდია:

 

„შენობის კედლები მთლიანად ამ ორნამენტებით იყო მოხატული, რომელიც შემდეგ კომუნისტებმა გადაღებეს. ჩვენ ამ საღებავებს ვაცლით.

 

გვინდა აღვადგინოთ და პირვანდელი სახე დავუბრუნოთ შენობაში ყველაფერს, ასევე ვაპირებთ ფანჩატურის განახლებასაც“. ფანჩატური სასახლეს, თურმე სასიყვარულო ისტორიები არასოდეს აკლდა…

 

როგორც ამბობენ, ბოლოს აქ საფრანგეთიდან გამოქცეული პრინცი მიურატიც დასახლებულა. მიურატს თავდავიწყებით შეუყვარდა ციციშვილის ულამაზესი ქალი, რომელიც მოპირდაპირედ მდებარე მოზაიკიან სახლში ცხოვრებდა.

 

ისინი ამ ეზოში საიდუმლოდ შეხვედრიან ერთმანეთს. ეს ფანჩატურიც მათი სიყვარულის ნიშნად აუშენებიათ. იმასაც ამბობენ, ამ ეზოდან ციციშვილის სახლამდე საიდუმლო გვირაბი იყო გათხრილიო…

 

სტატია მომზადებულია გაზეთ „პრაიმტაიმის“ არქივიდან

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X