23:45 | 2020-09-27 ავტორი: Prime Time

„ერთი გაფიქრება, ისიც კი ვიფიქრეთ, სოხუმისკენ ხომ არ მოვკურცხლოთ-თქო“ – ცნობილი მწერალი დევნილობაზე

„ერთი გაფიქრება, ისიც კი ვიფიქრეთ, სოხუმისკენ ხომ არ მოვკურცხლოთ-თქო“ – ცნობილი მწერალი დევნილობაზე

„ყოჩაღად ისროდნენ, მიზანს არ აცდენდნენ. არადა, როგორ ააცდენ მიზანს – ყველგან შენიანია, ქართველებია, რომელიმეს ხომ აუცილებლად გაარტყამ.

 

იხოცებდნენ გაღმა და გამოღმაც იხოცებოდნენ. ერთ მხარესაც ეგონა, რომ იმარჯვებდა და მეორესაც ეგონა, რომ იმარჯვებდა. არადა, ერთად ვმარცხდებოდით…” – ეს ფრაზები მწერალ გურამ ოდიშარიას ეკუთვნის…

 

ის მშობლიურ აფხაზეთზე ხშირად წერდა. დღეს, სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა… ამიტომ, ერთად გავიხსენოთ მწერლის თვალით დანახული დაცემული აფხაზეთი, ორი ანუ სათადარიგო სამშობლო და ომის ორივე წაგებული მხარე…

 

ბრიტანელი ფოტოგრაფის უიშვიათესი კადრები აფხაზეთის ომიდან - დღეს სოხუმი 27-ედ დაეცა
2020-09-27ბრიტანელი ფოტოგრაფის უიშვიათესი კადრები აფხაზეთის ომიდან - დღეს სოხუმი 27-ედ დაეცა

 

„ჩემი მშობლიური ქალაქი სოხუმი, 1993 წლის ოქტომბრის დასაწყისში, უღელტეხილით დავტოვე. უღელტეხილს რომ გადავურჩი, გზას სხვა გადარჩენილებთან ერთად თბილისისკენ გავუყევი. სენაკიდან ავტობუსმა მხოლოდ ცხენისწყლის ხიდამდე მიგვიყვანა, რადგანაც გზის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ცხენისწყალთან ომი დუღდა და გადმოდუღდა (თუ შეიძლება ასე ითქვას), მდინარის გამოღმა გამსახურდიას, გაღმა კი – შევარდნაძეს დაქვემდებარებული მებრძოლები ერთმანეთს ესროდნენ.

 

ხიდს რომ მივუახლოვდით, რატომღაც სროლა მთელი ძალით განაახლეს. ისროდნენ „კალაშნიკოვებიდან“ და ტყვიამფრქვევებიდან. შემდეგ, მოულოდნელად, ცაზე გამოჩნდა ვერტმფრენი, რომელიც ასევე ისროდა, მაგრამ საით ისროდა, ვერ გავარკვიეთ. მერე ვერტმფრენი სადღაც გაქრა.

 

ცხენისწყლის გამოღმა (აბაშის რაიონი) ტანკი იდგა, წარწერით „საქართველო“. ტანკზე შინდისფერი დროშა ფრიალებდა. გაღმაც, თითქოს სარკეში ირეკლებაო (სამტრედიის რაიონი), ზუსტად ისეთივე ტანკი იდგა (ის ხიდზე გადასვლის შემდეგ ვიხილეთ), მასაც „საქართველო“ ეწერა და ასევე, იმ ტანკზეც შინდისფერი დროშა ფრიალებდა. გამოღმიდანაც ქართველი, წვერმოშვებული „კალაშნიკოვიანი“ ბიჭები ისროდნენ. გაღმიდანაც ზუსტად ასევე – ქართველი, წვერმოშვებული „კალაშნიკოვიანი“ ბიჭები ისროდნენ.

 

შუაში კი ჩვენ ვიყავით, სოხუმელი ქართველები და სწორედ ჩვენ შეგვქონდა მთელი უხერხულობა ომის ამ იდილიურ ვითარებაში. ვცდილობდით გვევლო წინ, მაგრამ ყველაფერი აგვერია, სად იყო „წინ“ და სად იყო „უკან“, ვერ ვგებულობდით. ერთი გაფიქრება, ისიც კი ვიფიქრეთ, სოხუმისკენ ხომ არ მოვკურცხლოთ-თქო.

 

და ვთხოვეთ ჩვენ, სოხუმელმა ქართველებმა ცხენისწყლის გამოღმა ქართველებს და ცხენისწყლის გაღმა ქართველებსაც, რა თქმა უნდა (იმათ რაციით დავუკავშირდით), შეეწყვიტათ სროლა და იქნებ როგორმე ხიდზე გავეტარებინეთ. ძალიან ვთხოვეთ, ვუთხარით, რომ ომმა ნერვები და ფსიქიკა ძალიან დაგვინჯღრია-თქო. მათაც, გაღმა და გამოღმა, იფიქრეს, იფიქრეს, იფხანეს კეფა და… დაგვთანხმდნენ (თქვენ წარმოიდგინეთ)… და ჩვენც წავედით.

 

ხიდზე რომ გადავდიოდით, ვხედავდი, როგორ ვირეკლებოდი მდინარეში – ორი გურამი ვიყავი, სხვებიც, ჩემსავით, ორ-ორად მოდიოდნენ, ერთნი – ხიდზე, მეორენი მდინარის ზედაპირზე (შეიძლება ითქვას, მოლივლივლივებდნენ)…

 

ხიდიც იყო ორი, ხმელეთიც იყო ორი და ცაც. ორი იყო ქვეყანა. მოვდიოდი და ვფიქრობდი, რა კარგია, ორი სამშობლო რომ მაქვს-მეთქი, ანუ სათადარიგო სამშობლოც მქონდა უკვე… არ მომეწონებოდა ერთ სამშობლოში? გადავიდოდი მეორეში. მომბეზრდებოდა მეორე? დავუბრუნდებოდი პირველს.

 

როდესაც სამტრედიაში გადავედით და ის-ის იყო რკინიგზის სადგურამდე მივლასლასდით, სროლები განახლდა. ყოჩაღად ისროდნენ, მიზანს არ აცდენდნენ. არადა, როგორ ააცდენ მიზანს – ყველგან შენიანია, ქართველებია, რომელიმეს ხომ აუცილებლად გაარტყამ.

 

იხოცებდნენ გაღმა და გამოღმაც იხოცებოდნენ. ერთ მხარესაც ეგონა, რომ იმარჯვებდა და მეორესაც ეგონა, რომ იმარჯვებდა. არადა, ერთად ვმარცხდებოდით, ვტიალდებოდით, ვიღუპებოდით, ვქრებოდით…” – წერდა გურამ ოდიშარია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +