09:51 | 2021-04-27 ავტორი: Prime Time

ერთი ადამიანის ხუშტური თუ ნაციონალების ახალი გეგმა – ვინ როგორ აფასებს ნიკა მელიას განცხადებას

ერთი ადამიანის ხუშტური თუ ნაციონალების ახალი გეგმა – ვინ როგორ აფასებს ნიკა მელიას განცხადებას

თითქმის 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ დღეიდან საპარლამენტო საქმიანობაში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერი ოპოზიციური სუბიექტები ჩაერთვებიან.

 

ისინი საკანონმდებლო ორგანოში მივლენ და ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიღების საკითხზე კონსულტაციებს მმართველ გუნდთან გამართავენ. ცნობილია, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ გარდა, ყველა ოპოზიციური ძალა იქნება წარმოდგენილი.

 

მმართველ გუნდში მიესალმებიან ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის გადანაცვლებას და იმედს გამოთქვამენ, რომ საპარლამენტო საქმიანობა უფრო დატვირთული და საინტერესო გახდება.

 

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, 26 აპრილს ციხიდან წერილი გამოაგზავნა და ოპოზიცური პარტიების წარმოამდგენლებს მიმართა.

 

მელია აცხადებს, რომ თანახმაა გირაოზე იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები ამნისტიის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ შეთანხმება ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით აუცილებლად შესრულდება რადგან “ქართულ ოცნებას” ევროკავშირთან აღებული აქვს პასუხისმგებლობა.

 

შეთანხმებას სჭირდება შესრულება, “ქართული ოცნება” რჩება ერთგული შეთანხმების, აქედან გამომდინარე, გვაქვს პასუხისმგებლობა, მათ შორის, ამნისტიის კანონპროექტზე. ერთი ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი.

 

კანონპროექტი დაინიცირდება აუცილებლად და იქცევა კანონად! “ქართული ოცნება” შეასრულებს პირობას. ერთი ადამიანის ხუშტური, ვის რა როგორ მოუნდება, ვერაფერს გადაწონის,”- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

ნებისმიერი მსგავსი ტიპის გარიგება საქმის გაკეთების მაგივრად საქმეს მხოლოდ აფუჭებს. თავისი არსით, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის გარეშე, მსგავსი ტიპის მოქმედებები არის გაუმართლებელი, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას.

 

მისი განცხადებით, თუ ამნისტიის კანონპროექტში არ იქნება აღბეჭდილი პოლიტიკური ანგარიშსწორების არგამოყენების გარანტიები, ეს ხელისუფლებას მხოლოდ წაახალისებს და მომავალში „თავის რეალურ დამნაშავეებს ყოველთვის გაცვლის პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ მძევლებში“.

 

ნიკა მელიას დირექტივები და ციხეში დაწერილი რაღაც აპრილის თეზისები საერთოდ არ მაინტერესებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

 

„ნიკა მელიას დირექტივები და ციხეში დაწერილი რაღაც აპრილის თეზისები საერთოდ არ მაინტერესებს. რას დავუჭერთ მხარს და რას არ დავუჭერთ, ამას ჩვენი პარტია გადავწყვეტთ. სულ არ მაინტერესებს მელია იქიდან გაზეთ „პრავდაში“ რა დირექტივებს აქვეყნებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

ნაციონალური მოძრაობა” და ნიკა მელია გამოირჩევიან ზუსტად იმით, რომ არათანმიმდევრულად, უპასუხისმგებლოდ უდგებიან ნებისმიერ პროცესს, რაც ქვეყანაში ხდება.

 

ასე რომ, ეს ფერისცვალებაც უხერხულია მისი მხრიდან, თუმცა ვფიქრობ, ამ წინადადებაზე დათანხმება თავის დროზე იქნებოდა სწორი. ახლა კი მიჩენს ეჭვის საფუძველს, რომ მან ახალი დავალება მიიღო და იმის ფარგლებში მოქმედებს”,- ასე გამოეხმაურა რატი იონათამიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას.

 

ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი, – ასე ეხმაურება ,,ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიას გაითხოვენ, მზად არის ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს დათანხმდეს.

 

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თუ მედიატორი ნიკა მელიას წინადადებას დათანხმდება მზად არიან მას მხარი დაუჭირონ. მისივე თქმით, ამნისტიის კანონი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეეხება ჯალათებს და ამის განზრახვა არავის არ აქვს.

 

„ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილია და რაიმე ცვლილებებზე საუბარი შეიძლება გავმართოთ ორივე მხარემ მხოლოდ მედიატორების თანამონაწილეობით, ამიტომ ხვალ ყველაფერი წავა ისე, როგორც იყო დაგეგმილი. ვნახოთ, თუ მოხდება შეთანხმება „ქართულ ოცნებასთან“ ამნისტიის კანონპროექტზე საერთო პოზიციაზე“, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

 

„იცით, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი შესაბამისი ვერსია. მნიშვნელოვანია, ჩვენ გადავდგათ პირველი ნაბიჯები შეთანხმების შესრულების გზაზე და შემდგომ მე ვაპირებ ნიკასთან ვიზიტს საპატიმროში, თუ შევძლებ ხვალვე, თუ არა და მაქსიმუმ ზეგ. მასთან პირადად ვისაუბრებ იმ სურათზე, რაც გამოიკვეთება ხვალინდელი დღის შემდეგ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ავტორი: Prime Time


X