fbpx
18:08 | 2021-01-06 ავტორი: ზურა დვალაშვილი

“ერთადერთი ახსნა აქვს ამას, სასწაული კი არ მოხდა…” – მეუფე ნიკოლოზი პატრიარქისა და ხვლიკის ისტორიას განმარტავს

“ერთადერთი ახსნა აქვს ამას, სასწაული კი არ მოხდა…” – მეუფე ნიკოლოზი პატრიარქისა და ხვლიკის ისტორიას განმარტავს

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის მიერ პატრიარქისა და ხვლიკის შესახებ მოყოლილ ისტორიას საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა და ხშირად ქილიკიც კი მოჰყვა.

 

“პრაიმტაიმი” დაინტერესდა, რას ფიქრობს მიტროპოლიტი საზოგადოების რეაქციაზე და როგორ ხსნის მის მიერ მონაყოლს.

 

მეუფე ნიკოლოზი ჩვენთან საუბრისას დეტალურად განმარტავს, თუ რა იყო ამბის ქვეტექსტი და რა მიზანს ისახავდა ის, როცა ეს შემთხვევა გაიხსენა.

 

მეუფის თქმით, პატრიარქი იმდენად არააგრესიული ადამიანია, რომ ცხოველები ამას გრძნობენ და მასთან ურთიერთობა უყვართ.

 

“პატრიარქის დასახასიათებლად ხშირად მიმართავენ ხოლმე ცნობილი პიროვნებების გამონათქვამებს, მე ესეთი რაღაც ვთქვი, რომ დიახ, საინტერესოა ვინ რა თქვა პატრიარქზე, მაგრამ საინტერესოა ისეთი ვინმეს ნათქვამი, რომლის ობიექტურობაშიც ეჭვს ვერ შეიტან. მაგალითად მცენარეებისა და ცხოველების დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ, მათ რომ შეეძლოთ ლაპარაკი საინტერესოა რას იტყოდნენ. ამის მაგალითად მოვიყვანე ის, რომ ერთხელ ნამდვილად მოხდა ეს ამბავი, პატრიარქი იჯდა მინდორზე და ხვლიკი რომ მოვიდა შემთხვევით და პატრიოარქთან მივიდა, გასაქცევი არსად იყო, მან გაუწოდა ნესვი და შეჭამა.

 

ერთადერთი ახსნა აქვს ამას, პატრიარქი იმდენად არააგრესიულია, რომ ცხოველები ამას გრძნობენ. ეს არ არის ერთი შემთხვევა, სხვა შემთხვევებიც არსებობს. მაგალითად მტრედებთან პატრიარქის დამოკიდებულება და მტრედების მისდამი დამოკიდებულება, მე ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი და ახლა ამის მოყოლას არ დავიწყებ, თორემ კიდევ კრიტიკის ახალი ტალღა წამოვა.

 

მინდა გითხრათ ასევე, რომ ყველას ხელში მცენარეები არ ხარობენ და ეს ცნობილი ამბავია, ყველა მცენარეს ვერ გაახარებს და ცხოველებიც ზოგ ადამიანთან ახლოს მიდიან და ზოგ ადამიანთან არ მიდიან. მე ეს მაქვს საკუთარ თავთან გამოცდილი. მე არ გამომდის არც მცენარეებთან ურთიერთობა და არც ცხოველებთან ურთიერთობა.

 

ცხოველები და მცენარეები გრძნობენ პიროვნებას და იმას, რომ ის მათ მიმართ არ არის აგრესიული. მცენარეები და ცხოველები პატრიარქთან თავს კარგად გრძნობენ, ქვეტექსტი ასეთი მქონდა”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა “პრაიმტაიმთან” საუბრისას.

 

მეუფე ნიკოლოზს ასევე ვკითხეთ, რატომ გამოიწვია მის მიერ მოყოლილმა ისტორიამ საზოგადოების მხრიდან კრიტიკა?. რაზეც მეუფე პასუხობს:

“არაუშავს ამ კრიტიკას, ეს იმას ნიშნავს, რომ სულ ერთი არ არის ხალხისთვის, ეს ნიშნავს, რომ მათში სარწმუნოება შედის, ესე ამბობენ წმინდა მამები, ყველაზე ცუდი არის განურჩევლობა, როცა სულერთია ვიღაცა რას იტყვის, ეს არის ყველაზე ცუდი და ჩემს ნალაპარაკევზე რეაქცია რომ არ იყოს, ეს უფრო არ მომეწონებოდა”

 

 

მიტროპოლიტი მოუწოდებს ყველას, ვისაც აინტერესებს, არის თუ არა რაიმე ზებუნებრივი და უცნაური გარეული ცხოველის დაპურებაში, უპატრონო ცხოველებს დახმარების ხელი გაუწოდონ.

 

“ყველას ვისაც აინტერესებს რაიმე ზებუნებრივია თუ არა, ადვილი გასაკეთებელია და უპატრონო ცხოველებს გაუწოდონ დახმარების ხელი.

სასწაული კიარ მოხდა, თვითონ ამბავია არაჩვეულებრივი, ვისაც აინტერესებს ჩაატაროს ექსპერიმენტი”, – განაცხადა მეუფემ.

ავტორი: ზურა დვალაშვილი
X