fbpx
19:52 | 2020-05-19 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

„ერთად ბედნიერი 6 წელი ვიცხოვრეთ! – თურქი პოეტისა და ბათუმელი ქალის სიყვარულის ისტორიის სევდიანი დასასრული

„ერთად ბედნიერი 6 წელი ვიცხოვრეთ! – თურქი პოეტისა და ბათუმელი ქალის სიყვარულის ისტორიის სევდიანი დასასრული

მისი სახელი და გვარი თურქეთში ყველამ იცის. წარმოშობით ქართველი პოეტის, ეშრეფ ილმაზის ლექსები უკვე წლებია, დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

ამაყობს წარმომავლობით, ეთაყვანება ქართულ ადათ-წესებსა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქართულ კულტურას ბევრი უცხოელი აზიაროს.

 

ზუსტად არ იცის, თურქეთში დაბადებული მერამდენე თაობაა. მხოლოდ ის იცის, რომ მისი წინაპრები მე-17-ე საუკუნეში გურიიდან ბათუმთან ახლოს მდებარე დასახლებაში გადასულან საცხოვრებლად და წლების შემდეგ, ის ტერიტორია თურქეთმა მიიერთა. ასე იქცნენ უცხო ქვეყნის შვილებად, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი მახარაძეები.

მას შემდეგ საუკუნეები გავიდა, მათმა შთამომავლობამ გვარი შეიცვალა, თუმცა დრომ ვერაფერი დააკლო ქართულ დიალექტს. გურჯისტანელები ძველებურ ქართულზე ისევ მეტყველებენ და ბევრმა მათგანმა ქართული წერა-კითხვაც ახლაც კარგად იცის.

 

70 წლის თურქული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი წლების განმავლობაში სკოლაში პედაგოგად იმუშავა, რამდენიმე წელი უნივერსიტეტში ლექციებსაც კითხულობდა.

 

რაც წამოიზარდა, მას შემდეგ უფრო საფუძვლიანად დაიწყო ქართული ენის შესწავლა და შედეგმაც არ დააყოვნა. რამდენიმე წლის წინ, სტამბულში ქართული კულტურის ცენტრი მეგობრებთან ერთად დააფუძნა.

 

წლების წინ ბათუმელ ქალბატონზე იქორწინა. ის უკურნებელ სენს ებრძოდა… ერთად მხოლოდ ექვსი წელი იცხოვრებს და ახლა, მოგონებებით ცხოვრობს.

 

საყვარელი მეუღლე ბათუმში დაკრძალა. ის ყოველ წელს ჩამოდის ცოლის საფლავზე და ყვავილები მიაქვს.

 

„პრაიმტაიმი“ სტამბულში მცხოვრებ ქართული წარმომავლობის პოეტს, ეშრეფ ილმაზის  ესაუბრა.

 

სტამბულში ქართული ენის ცენტრი 

 

„თურქული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი გახლავართ. ქალაქ ართვინის მახლობლად სოფელ ჩუქურქევში დავიბადე და გავიზარდე. განათლების მიღების შემდეგ, პედაგოგიურ მოღვაწეობას სამსონში, ბუსასა და სტამბოლში ვეწეოდი.

 

უკვე 20 წელია, რაც საცხოვრებლად სტამბულში გადმოვედი. ამდენივე ხანია დაკავშირებული ვარ ქართულ კულტურასთან. კარგად ვსაუბრობ ქართულ ენაზე, ასევე, ვიცი წერა-კითხვაც.

 

2008 წელს სტამბულში დავაარსე ქართული კულტურის ცენტრი. 5-6 წელი მას ვხელმძღვანელობდი. ახლაც წევრი გახლავართ, თუმცა 2014 წელს ქართული ენის  ცენტრი დავაარსე და მეტი ყურადღება მასზე გადავიტანე.

 

უკვე ექვსი წელია, რაც თურქეთში დაბადებულ ქართველებს მშობლიურ ენას ვასწავლი. სამწუხაროდ ბევრი მსურველი არ არის, რის გამოც, ხშირად მიწევს საქართველოდან ჩამოსულებისთვის თურქული ენის შესწავლა, რათა ენის ბარიერის გამო სამსახურის შოვნაში ხელი არ შეეშალოთ.

 

ვწერ ლექსებს, ვაკეთებ ქართველი მწერლების პოეზიის თურქულ ენაზე თარგმანებს. თურქულ საზოგადოებას უკვე გავაცანი მშობლიურ ენაზე დათო მაღრაძის ლექსები.

 

სამშობლოში პირველი ჩამოსვლა

 

მთელი ცხოვრება მეგონა, რომ გვარად მახარაშვილი ვიყავი. როცა საქართველოში ჩამოვედი და ჩვენი წარმომავლობა საფუძვლიანად გამოვიკვლიე, აღმოვაჩინე, რომ კახელი კი არა, გურული ვიყავი და გვარად მახარაძე გახლდით.

 

ჩემს წინაპრებს ოზურგეთში უცხოვრიათ. მე-17-ე საუკუნიდან ბათუმის მახლობლად, დასახლებულან. მერე ეს ტერიტორია თურქეთის შემადგენლობაში შევიდა და ასე აღმოჩნდნენ თურქეთის ტერიტორიაზე.

 

პირველად საქართველოში 1993 წელს ჩამოვედი. საოცარი განცდა და ემოციები იყო, როცა მატარებლიდან ჩემს ისტორიულ სამშობლოს ბუნებას ვუყურებდი. ჩავედით გურჯაანში.

 

მიმიყვანეს ჯარისკაცის მამის ძეგლთან. თან მქონდა ვიდეო კამერა და ვცდილობდი ყველაფერი კადრებზე აღმებეჭდა. არ ვიცი, რა მსგავსება აღმოაჩინეს ჯარისკაცის მამასა და ჩემს შორის, მაგრამ მაშინ დამარქვეს ქართული სახელი გოდერძი.

 

ოჯახი

1969 წელს დავქორწინდი. სამი შვილი მყავს, ორი ვაჟი და ერთი გოგონა. მეუღლე ჩერქეზი გახლავთ. რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ერთმანეთს დავშორდით.

 

სტამბოლში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ ბათუმიდან ახალჩამოსული ულამაზესი ქალბატონი გავიცანი. ძალიან საინტერესო იყო ნინოს გაცნობა.

 

თურქეთში, როგორც ქართული კულტურის ცენტრის წარმომადგენელი ყოველთვის რითაც შემიძლია ვეხმარებოდი, ვეხმარები და მომავალშიც დავეხმარები საქართველოდან ჩამოსულ ქართველებს. ნინო ბათუმიდან ახალი ჩამოსული იყო შვილთან ერთად და გოგონასთვის სკოლას ეძებდა.

 

ვიღაცას ჩემზე უთქვამს, მას მიმართე და დაგეხმარებაო. მოვიდა, ამიხსნა რაში მდგომარეობდა პრობლემა და დავეხმარე. მისი შვილი კარგს სკოლაში შევიყვანეთ.

 

ერთ-ერთ შეხვედრაზე ნინომ მითხრა, ძალიან მინდა თურქეთის მოქალაქე გავხდე, ვინმესთან ფორმალური ქორწინებას გავაფორმებ და იქნებ დამეხმაროო.

 

თავიდან ჩემს ერთ მეგობარზე ვიფიქრე, მასთან შეიძლება ხელი მოაწეროს-მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე…

 

კიდევ რამდენიმეჯერ შევხვდით ერთმანეთს და სწორედ მაშინ დაიწყო რაღაც ამოუხსნელი. ვხვდებოდი, რომ ჩემი მისდამი დამოკიდებულება სულ უფრო სხვანაირი ხდებოდა.

 

ერთ-ერთ შეხვედრაზე მკითხა, ხომ არავინ გამოჩენილა ფორმალური ქორწინების მსურველიო. კი-მეთქი მაშინვე ვუპასუხე.

 

რამდენს ითხოვს სანაცვლოდო, კითხვითვე მომიგო. საერთო არაფერს – მეთქი, გაოცებული მიყურებდა. მერე ვუთხარი, რომ ის, ვისაც მისი ცოლად შერთვა სურდა, მე ვიყავი.

 

საინტერესო იცით რა არის? როცა ცოლობა ვთხოვე, მაშინ მითხრა, რომ სიმსივნე ჰქონდა და ფორმალურ ქორწინებასაც ამიტომ ცდილობდა, რათა მოქალაქეობის შემთხვევაში ჯანდაცვის მომსახურებას უფასოდ მიიღებდა თურქეთში.

 

მე ის მართლა შემიყვარდა, ცოლობა ვთხოვე და მისმა დიაგნოზმაც ვერ მათქმევინა დაქორწინების სურვილზე უარი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დათანხმდა ჩემს წინადადებას.

 

დავიწყეთ ერთად ცხოვრება. ნინომ ჩვენს კულტურის ცენტრში დაიწყო მუშაობა. მერე, როცა იქიდან წამოვედი ცოტა არ იყოს, დეპრესიაში ჩავარდა და ბევრი ფიქრის შემდეგ, იმის გამო, რომ ისევ სადმე დასაქმებულიყო და დროებით საკუთარ დიაგნოზზე აღარ ეფიქრა, ქართული ენის ცენტრი დავაარსე.

 

ძალიან ბედნიერი იყო. ყოველთვის ცდილობდა რაღაც ეყიდა და ცენტრისთვის რამე შეემატა.

 

 

საქართველოში თუკი ვინმე მიცნობს მისი დამსახურებაა. ერთად ბედნიერი 6 წელი ვიცხოვრეთ. 2016 წელს გარდაიცვალა.

 

ის ახლა 50 წლის იქნებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული ენის ცენტრში ბიბლიოთეკის კუთხისთვის ნინოს სახელი მიგვენიჭებინა.

 

ასეც მოხდა, სტამბულში, ქართული ენის ცენტრში ბიბლიოთეკა, ჩემი საყვარელი მეუღლის, ნინო ირემაძის სახელს ატარებს. ნინოს სტამბოლში ქართველების დიასახლისს ეძახდნენ.

 

ბათუმში ჩამოვასვენეთ და იქ დავკრძალეთ. გვიან გიპოვე და ადრე დაგკარგე, ჩემი კავკასიელი ჯეირანი. ნათელში იყოს მისი სული…

 

ყოველ წელს ჩავდივარ ბათუმში და მის საფლავზე გავდივარ.

 

ძალიან უყვარდა ყვავილები და ყოველთვის მიმაქვს. დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან.

 

განვლილი ცხოვრებიდან არაფერს ვნანობ, არც ნინოსთან ქორწინებას, მიუხედავად იმისა, რომ მისი დიაგნოზი თავიდანვე ვიცოდი და ერთად ცხოვრება კიდევ დიდხანს გვინდოდა, ეს ჩვენი ბედი იყო.

 

ვთვლი, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ. მიყვარს ის საქმე რასაც ვაკეთებ.

 

მყავს არაჩვეულებრივი შვილები და ორი შვილიშვილი. ძალიან მინდა ქართული ენის ცენტრმა ჩემს მერეც იარსებოს…

 

ახლა, როცა კარანტინია, ორი ქართული და ექვსი თურქული წიგნი წავიკითხე.

 

იმედი მაქვს, რომ მალე გამოსწორდება მდგომარეობა და ისევ დაბრუნდება ბედნიერი ცხოვრება. “ – ამბობს ეშრეფ ილმაზი.

 

იცოდით, რომ ნინო კალანდაძის მამა ფიდელ კასტროს მკურნალი ექიმი იყო? - უცნობი ფაქტები პოლიტიკოსის ცხოვრებიდან
2020-05-08იცოდით, რომ ნინო კალანდაძის მამა ფიდელ კასტროს მკურნალი ექიმი იყო? - უცნობი ფაქტები პოლიტიკოსის ცხოვრებიდან

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი
X