fbpx
19:35 | 2020-12-23 ავტორი: Prime Time

ერთ-ერთ ბავშვს სიზმარი უნახავს, თითქოს მე მივედი და 350 ლარი მივუტანე – მარნეულელი გოგონების სიზმარივით ახდენილი ქველმოქმედება

ერთ-ერთ ბავშვს სიზმარი უნახავს, თითქოს მე მივედი და 350 ლარი მივუტანე – მარნეულელი გოგონების სიზმარივით ახდენილი ქველმოქმედება

ქველმოქმედება მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მაშინ დაიწყეს, როცა პანდემიის გამო მარნეული ჩაიკეტა. მარიანა გვრიტიშვილი  და ლელა ხარშილაძე , კეთილი ადამიანების თანადგომით ამ დრომდე ბევრ ადამიანს,ბევრ ოჯახს დაეხმარენ. ლელა პროფესიით ოპერატორია და რეგიონულ ტელევიზიაში წლებია მუშაობს, მარიანა კი პროფესიით იურისტი მერიაში საჯარო მოხელეა. გოგოების თქმით, მთელი დღე გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად დრო ქველმოქმედებისთვის მაინც რჩებათ.

 

„როდესაც მარნეული ჩაიკეტა, ჩემმა ახლობელმა ფეისბუქზე მესენჯერჯგუფი შექმნა, სადაც წერდა რომ  შეჭირვებულ ოჯახებს, ვისაც რა საშუალება გვქონდა დავხმარებოდით. რამდენიმე სოფლში ოჯახები ჩავინიშნეთ ვისაც დახმარება რეალურად სჭირდებოდა, ისეთები ვინც პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგა. სოფლებს შორის არ იყო სოფელ თამარისის მოსახლეობა სადაც მე გავიზარდე, ამიტომ მე გადავწყვიტე იქ მცხოვრები შეჭირვებული ადამიანებიც  ჩამერთო ამ ქველმოქმედებაში, სულ 45 ოჯახს უნდა დავხმარებოდით თამარისში, მაგრამ თანხები არ გვყოფნიდა, ამიტომ პოსტი გამოვაქვეყნე ფეისბუქზე  და მივუთითე ანგარიშის ნომერიც, დარიცხეს თანხა არამხოლოდ მარნეულელებმა არამედ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ადამიანებმა, იმდენი მოგროვდა რომ 45 კი არა ბევრად მეტ ოჯახს გავუწიეთ დახმარება. ამ ფაქტორის გამო და კიდევ იმის გამო, რომ იმ პერიოდში მარნეულს აბულინგებდა ყველა, გადავწყვიტე ფეისბუქზე შემექმნა ჯგუფი სახელწოდებით „სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“

 

პანდემიის დაწყებისთანავე მარნეული საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ დამამცირებელ კონტექსტში იქნა მოხსენიებული, რომ აქ ვცხოვრობთ ცხვრები, რომ ჩვენი ადგილი საზოგადოებაში კი არა ცხვრის ფარაშია და ა.შ. საშინელი მოსასმენი იყო ეს ყველაფერი ჩაკეტილი მარნეულიდან სადაც მე გავიზარდე და რომელიც ჩემთვის მშობლიურია …ამ ფაქტორმაც გადამაწყვეტინა ჯგუფის შექმნა რადგან საზოგადოებისთვის დამემტკიცებინა, რომ ისინი „სხვა მარნეულს“ იცნობდნენ და ჩვენი მარნეული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებით არის დაკომპლექტებული …არ ვიცი „გარედან“ როგორი ჩანს მარნეული, მაგრამ აქ ჩვენ ეთნიკურად მრავალფეროვანი თბილი გარემო გვაქვს და ამის ლუსტრაციაც მინდოდა ამ ჯგუფის აქტივობით“, – გვიყვება მარიანა.

 

ლელა ხარშილაძე ახალგაზრდების ინიციატივას თავიდანვე შეუერთდა, პრაიმტაიმთან რამდენიმე  თბილ ისტორიასაც იხსენებს .

 

„როდესაც  გავიგე ამ იდეის შესახებ  და ფეისბუქზე „სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის” შესახებ, რა თქმა უნდა, მეც შევუერთდი გოგოებს, ჩვენს გვერდზე პოსტების ბოლოს მითითებულია ჩემი და მარიანას ანგარიშის ნომრები და არა მარტო მარნეულიდან, არამედ თბილისიდან, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან ნაცნობები თუ უცნობები, ვისაც რა შესაძლებლობა აქვს, გვირიცხავენ თანხას, ჩვენ კი  ამ თანხით ან პროდუქტს ვყიდულობთ ან თანხას ვაძლევთ ადამიანებს.

 

ხშირად სიუჟეტების გადასაღებად ისეთ ადამიანებს და ოჯახებს ვხვდები ვისაც ჩვენი თანადგომა მართლა სჭირდება, ვისაც რა შეგვიძლია ისე ვეხმარებით, ამ ჯგუფმა  და ჯგუფის წევრებმა,უფრო მეტი შეძლო ვიდრე ჩვენ  სათითაოდ ჯგუფის გაკეთებამდე, ცოტახნის წინ ერთ ერთ სოფელში ვიყავით გადაღებაზე და ერთ მარტოხელა ქალს შევხვდი,რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, ამ ქალის შესახებ ჯგუფში დავდეთ ინფორმაცია და ამ დღეებში უნდა მივიდეთ  რაც მოგროვდა გადავცეთ და გავახაროთ.

 

მინდა ერთი საინტერესო ისტორიაც გამოვყო, ერთ ოთხ შვილიან ოჯახს 350ლარი შეუგროვდა. სანამ მივიდოდით ერთ-ერთ ბავშვს სიზმარი უნახავს, რომ თითქოს მე მივედი და 350 ლარი მივუტანე.  დედისთვის ამ სიზმრის შესახებ უთქვამს. როცა ჩვენ ეს თანხა ოჯახს გადავეცით, სიზმრის შესახებ გვითხრეს, გველოდებოდნენ და იცოდნენ რომ ზუსტად 350 ლარს მივუტანდით, ყველ ჩვენგანისთვის, ჩემთვის ხომ საერთოს, ეს მომენტი საოცრად ემოციური იყო“, – ამბობს ლელა.

 

მარიანა და ლელა საახალწლოდ კიდევ ბევრი ადამიანის გახარებას აპირებენ საზოგადოების თანადგომით. ამ ეტაპზე რამდენიმე სასურსათო მაღაზიაში განათავსეს კალათები ასეთი წარწერით „თუ გაქვს გაიღე, თუ არ გაქვს აიღე“.

 

გოგონები აპირებენ იყვნენ ოჯახების მეკვლეები და გაულამაზონ ახალი წელი.

 

ვფიქრობ ,რომ მსგავსი სოციალური აქტივობები უმნიშვნელოვანესია დღესდღეობით თუ გავითვლისწინებთ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიურ და სოციალურ პროცესებს ,რომელიც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა .  მე საჯარო მოხელე ვარ ,მყავს ორი არასრულწლოვანი შვილი  მიუხედავად თავისუფალი დროის სიმცირისა სამუშაო საათების შემდგომ რითიც შემიძლია და როგორც შემიძლია თანადგომას გამოვხატავ ჩემი თანამემამულეების მიმართ … ხშირად ვეუბნები  საკუთარ თავს – მარიანა, გინდა იცხოვრო უკეთეს ქვეყანაში? მაშინ იმოქმედე, იყავი ნაყოფიერი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ შენი თანამოქალაქეებისთვის“, –  ამბობს მარიანა.

 

მარიანა გვრიტიშვილის და ლელა ხარშლაძის ანგარიშის ნომრები:
საქართველოს ბანკი
#GE45BG0000000394867600GEL
მიმღები პირი -ლელა ხარშილაძე
თიბისი ბანკი
#GE95TB7298336010100006/GEL
მიმღები პირი- მარიანა გვრიტიშვილი

 

ავტორი: მარიამ ქველაძე

ავტორი: Prime Time


X