18:26 | 2020-04-07 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

ექიმებმა იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე ადამიანს შეუძლია – თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის მესამე მსხვერპლზე

ექიმებმა იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე ადამიანს შეუძლია – თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის მესამე მსხვერპლზე

„სამწუხაროდ ჩვენს ცენტრში დაფიქსირდა პირველი, ქვეყანაში კი მესამე გარდაცვალების შემთხვევა“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, 86 წლის ქალბატონის მდგომარეობა ინფექციურ საავადმყოფოში ყველაზე მძიმედ ფასდებოდა და მას COVID-19-თან ერთად, სხვა ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა.

 

„მისი სიკვდილი გარდაუვალი იყო. ეს იყო 86 წლის ქალბატონი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ჩვენთან იმყოფებოდა. პრაქტიკულად, ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინიკაში.

 

მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, რომელიც შეფასებული იყო მაქსიმალური – 24 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი. ჰქონდა მძიმე სეფსისი, კიდევ სხვა გართულებები და თანხმლები დაავადებები.

 

ორი კვირის მანძილზე ეს პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციაში. ვფიქრობ ექიმებმა იმაზე მეტი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ვიდრე ადამიანს შეუძლია.

 

სიტუაცია იყო ისეთი, რომ მისი მდგომარეობა შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

დღეს საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც 2 კვირის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

 

ამ დროის მონაცემებით საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევა დადასტურდა, 45 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X