20:39 | 2020-05-13 ავტორი: მარი ჯაფარიძე

„ენი, კარგად ხარ?“ – უცნობი გოგონას ისტორია, რომლის ტუჩებსაც უკვე 300 მილიონზე მეტი ადამიანი შეეხო

„ენი, კარგად ხარ?“ – უცნობი გოგონას ისტორია, რომლის ტუჩებსაც უკვე 300 მილიონზე მეტი ადამიანი შეეხო

ქალთა ისტორიები

 

1880 წელს, სენას ნაპირზე პოლიციელებმა იპოვნეს 16 წლის გოგოს გვამი. არავინ იცოდა მისი ნამდვილი სახელი და რას აკეთებდა პარიზში. სხეულზე ძალადობის კვალი არ ჰქონდა და ისე ჩანდა, თითქოს გარდაიცვალა ბედნიერების მომენტში. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო უცნობი გოგონას ამბისა. მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო სრულიად განსხვავებული, უცნაური და საოცარი მოვლენები.

 

ცხედარი იდენტიფიცირებისთვის მორგში  გადაასვენეს. იმ დღეებში ეს ამბავი ერთგვარ გასართობად იქცა საზოგადოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას ფოტოები გავრცელდა, მისი ამოცნობა ვერავინ შეძლო. განსაკუთრებულ ყურადღებას მისი სახე იპყრობდა, რომელიც ბედნიერებისგან იყო გასხივოსნებული. ის ისეთი ლამაზი იყო, ხოლო მისი გამომეტყველება – იმდენად მშვიდი, რომ პათოლოგოანატომმა მისი სახის ანაბეჭდი აიღო.

 

ასე გახდა სენადან ამოყვანილი გოგონა მხატვრებისა და პოეტების მუზა. მას დამხრჩვალ მონა ლიზას ეძახდნენ.

 

Незнакомка из Сены

 

თანამედროვე საფრანგეთში უცნობი გოგონას წარმოშობის კიდევ ერთი ვერსია არსებობს: სახის ანაბეჭდი ცნობილმა მხატვარმა, ჟიულ ლეფევრმა ერთ-ერთი თავისი მოდელისგან აიღო, რომელიც ტუბერკულოზით გარდაიცვალა. მხატვარმა მოდელის სახელი მემუარებშიც კი არ დატოვა. ასე რომ, არ არის ცნობილი, ვინ იყო ის გოგონა.

 

საიდუმლოებით მოცული გოგონას მომაჯადოებელი სილამაზით  შთაგონებული იყვნენ დიდი მხატვრები. ფილოსოფოსმა, ალბერ კამიუმ მასში მონა ლიზა დაინახა, სხვებმა კი მას თანამედროვე ოფელია უწოდეს და იდუმალებით მოცული სიკვდილის ვერსიები შექმნეს.

 

მალე მაღაზიებში უცნობი გოგონას ნიღბის ასლების გაყიდვა დაიწყო საფრანგეთსა და გერმანიაში, იქიდან კი მთელ ევროპაში გავრცელდა. უცნობი გოგონას ნიღაბი ინტერიერის მოდური დეტალი გახდა. მხატვრები ხატავდნენ, პოეტები ლექსებს უძღვნიდნენ, მოქანდაკეები კი ძერწავდნენ მას.

 

მაგრამ უცნობი გოგონას ამბავი აქ არ დასრულებულა.

 

გოგონას გარდაცვალებიდან 70-80 წლის შემდეგ, ნორვეგიაში, სათამაშოების დამამზადებელი დიდი კომპანიის მფლობელმა, ოსმუნდ ლერდალმა, თავისი პატარა ვაჟის სიცოცხლე გადაარჩინა – დროულად ამოიყვანა წყლიდან და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა.

 

როდესაც მას გულ-ფილტვის რეანიმაციისთვის სავარჯიშო მანეკენი შეუკვეთეს, სიამოვნებით დათანხმდა. მას სურდა, მანეკენს ბუნებრივი ნაკვთები ჰქონოდა და სჯეროდა, რომ სტუდენტებისთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა ქალ მანეკენთან მუშაობა. მას გაახსენდა უცნობი გოგონას ნიღაბი, რომელიც მას ბავშვობაში, ბებიის სახლში ჰქონდა ნანახი.

 

სატრენინგო მანეკენს ენი დაარქვეს მას შემდეგ, რაც ქარხანაში წარმოებული თოჯინა გახდა.

 

„მკვდრეთით აღმდგარი“ ენი დღესაც ფართოდ გამოიყენება მაშველების მომზადების დროს და მიიჩნევა პაციენტის ყველაზე წარმატებულ სიმულატორად, მედიცინის ისტორიაში. როგორც ცნობილია, ამ ხნის განმავლობაში ენის საშუალებით სამას მილიონამდე მაშველმა და სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტმა გაიარა სწავლება.

 

„ენი, კარგად ხარ?“ – ეს ფრაზაა მაიკლ ჯექსონის ცნობილი სიმღერიდან Smooth Criminal და ეს სავალდებულო კითხვაა, რომელიც დაზარალებულ ადამიანს უნდა დაუსვან გულ-ფილტვის რეანიმაციის დაწყებამდე.

 

 

ამავე რუბრიკიდან შეგიძლიათ წაიკითხოთ: 

 

10 ქალი, რომელიც წარმატების მისაღწევად საზოგადოებას მამაკაცად წარუდგა

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

X