14:59 | 2020-04-16 ავტორი: Prime Time

„ეკლესიაში შშმ პირი დადის რწმენით, რომ ეტლიდან ადგება და კორონავირუსის შეეშინდება ხალხს?!“ – ხატია სიჭინავა

„ეკლესიაში შშმ პირი დადის რწმენით, რომ ეტლიდან ადგება და კორონავირუსის შეეშინდება ხალხს?!“ – ხატია სიჭინავა

უნდა დაესწროს თუ არა მრევლი, წელს სააღდგომო ლიტურგიას ტაძარში ამ საკითხთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ წყდება.

 

საპატრიარქომ გუშინ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, დღესასწაულზე ტაძრები არ დაიხურება და ვინც ჯანმრთელია, რისკის ჯგუფში არ შედის არც თავად და არც მისი ოჯახის წევრები, სურვილის შემთხვევაში შეუძლია სააღდგომო წირვას დაესწროს.

 

აღდგომას ეკლესიაში წავა ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, რომელიც რამდენიმე კვირაში მეოთხე შვილის დედა გახდება.

 

„პრაიმტაიმი“ სიჭინავას ესაუბრა.

 

– ხატია, როდის ელოდებით მეოთხე შვილს და როგორ ემზადებით ამისთვის?

 

– სამ კვირაში გავხდები ნანატრი ბიჭის დედა. განსაკუთრებული დახვედრა გვინდოდა მე და ნანოს, მაგრამ კორონავირუსის გამო შეგვეცვალა გეგმები.

 

სამი გოგონას შემდეგ, პირველი ბიჭია და გვინდოდა მას როგორც ეკადრებოდა ისეთი დახვედრა, მაგრამ ბოლოს მთლად ისე დაგვრჩა.

 

ახლა იმას ვფიქრობ სახლში არ მომიწიოს მშობიარობა, იმედია მივაღწევ სამშობიარომდე და ქორიძეს ჩამაბარებენ. საგანგებო ბიჭია და საგანგებო მდგომარეობაში იბადება მოკლედ.

 

– რას არქმევთ ნანატრ ვაჟს?

 

– მე როცა ორსულად დავრჩი, ავედი მამა გიორგის საფლავზე ჭოგნარში და ვუთხარი ბიჭი თუ იქნება შენს სახელს დავარქმევ-მეთქი.

 

რამაზი თავის სახელს არქმევს, რომელსაც სიურპრიზად ინახავს, ასე რომ ბავშვს ორი სახელი ექნება.

 

– ჭოგნარში იყავით მამა გიორგი ბასილაძის საფლავზე?

 

– განსაკუთრებული ისტორიები მაქვს მამა გიორგისთან და მამა გაბრიელთან. დარწმუნებული ვიყავი, მას თუ ვთხოვდი მეოთხე შვილი ბიჭი იქნებოდა.

 

რა თქმა უნდა ვიღაც იტყვის, დღეს მეცნიერება ისე განვითარდა, თავიდანვე იციან ბიჭი გაჩნდება თუ გოგო, მაგრამ მე ასე ვიტყვი, რისიც გჯერა, ის აგისრულდება.

 

ღმერთმა თქვა, იოტისოდენა რწმენა რომ ჰქონდეს ადამიანს ყველაფერს შეძლებდაო, რისიც მჯეროდა ის მოხდა.

 

– დღეს აქტუალურად განიხილავენ, იმ საკითხს, რომ მრევლი აღდგომას ტაძარში არ უნდა მივიდეს, რადგან სწორედ ეს შეუწყობს ხელს კორონავირუსის გავრცელებას, თავად როგორ ფიქრობ?

 

– შეიძლება არასწორად მოეჩვენოს ვინმეს ჩემი აზრი, მაგრამ დღეს ნათლად გამოიკვეთა ვინაა მორწუმუნე, ვინ ყალბი მორწმუნე და ვის არ სჯერა ღმერთის.

 

ეკლესიაში შშმ ხალხი დადის, იმის რწმენით, რომ სავარძლიდან ადგება და ფეხზე გაივლის.

 

უამრავ ადამიანს სჯერა, თუ ტაძარში ივლის მძიმე დაავადებისგან განიკურნება.

 

როცა ადამიანებს სჯერათ რომ ეტლიდან ადგებიან და ვერაგი დაავადებებისგან განიკურნებიან, რა კორონავირუსის და გაციების შეეშინდება ხალხს?! კარგია, რომ ეკლესიები აღდგომას არ დაიხურა. ვისაც არ უნდა ნუ მივა ტაძარში და დარჩეს სახლში.

 

– თქვენ მიხვალთ?

 

– მე ორსულობის მეცხრე თვეში ვარ და ახლა მარხვა არ შეიძლება, თუმცა ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, მე და ჩემმა ქმარმა ბოლო კვირის მარხვის შენახვა გადავწყვიტეთ.

 

დიდი მუცელი მაქვს და ფიზიკურად ვერ დავდგები მთელი ღამე ტაძარში, ამიტომ 19 აპრილს გამთენიისას უახლოეს ეკლესიაში მივალთ მე და ჩემი ქმარი და ვეზიარებით.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +