15:03 | 2020-10-13 ავტორი: Prime Time

ეკლესიაში დღეს არსებული რეალობა, ბუნებითად ეწინააღმდეგება ქრისტეს – ლევან ტატურაშვილი

ეკლესიაში დღეს არსებული რეალობა, ბუნებითად ეწინააღმდეგება ქრისტეს – ლევან ტატურაშვილი

უნდა ერეოდეს თუ არა ხელისუფლება ეკლესიის შიდა საქმეებში და მართლაც იდევნება თუ არა განმსხვავებული აზრი საპატრიარქოს მხრიდან? საქართველოს ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე „პრაიმტაიმს“ თეოლოგი ლევან ტატურაშვილი ესაუბრა: 

 

– უმთავრესი პრობლემა დაუსჯელობის სინდრომი და ამ დაუსჯელობაზე მოსაუბრე საზოგადოების ჩაგვრაა, იარლიყების მიკერება და მუქარა, სამწუხაროდ, ჩვეულ მოვლენად იქცა. ეს რეალობა გვაქვს დღეს, მერწმუნეთ ეს რეალობა ბუნებითად ეწინააღმდეგება ქრისტეს, რომლის მისტიური სხეულია ეკლესია.

 

– ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ეკლესია ხშირად ერევა პოლიტიკაში და პირიქით, პოლიტიკოსები ეკლესიის შიდა საქმეებში… თქვენც გაქვთ ასეთი განცდა?

 

– თუ სისხლის სამართლის დანაშაული ჩნდება, რა თქმა უნდა სწრაფი რეაგირებაც კი უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, მაგრამ დღეს სახელმწიფო მაგაზეც კი დუმს. მთავარია ეკლესიის მხარდაჭერა გააჩნდეს ყოველი არჩევნების წინ.

 

ეკლესია არასდროს უნდა იყოს ამასოფლის დიდებისა და მართვის საკითხებით დაკავებული, თუ საბჭოთა დროს ეკლესია ანგარიშს უწევდა სახელმწიფოს და მისი ნებართვის გარეშე მსახურებასაც ვერ აღასრულებდა, სხვანაირად განვითარდა პროცესები უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

 

როდესაც საეკლესიო პირველ იერარქებმა საპრეზიდენტო პოსტიდან გაისტუმრეს პრეზიდენტი გამსახურდია, ამის შემდეგ ის ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. შემდეგში ჩვენ ვიხილეთ ეკლესიის მიერ გაშვებული და მოყვანილი ხელისუფლებები.

 

– რა წვლილი აქვს ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებებს ეკლესიის დღევანდელ მდგომარეობაში?

 

– პირველმა გაათავხედა, დიდებისა და ფუფუნების ვნება გაუღვივა, მეორემ ის ავტორიტეტის ხოხოლა თავზე დაამხო ამ ყოველივეს სააშკარაოზე გამოტანით.

 

– არის თუ არა რუსული გავლენები საქართველოს ეკლესიაში?

 

– კომუნისტების შემდეგ თუ სადმე დარჩა რუსული გავლენა ეს ეკლესიაა, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, არ დაკარგოს ეს ინსტიტუცია კავკასიაში.

 

– თქვენ, როგორც სემინარია-აკადემიის კურსდამთავრბეული, რას იტყვით, ზოგადად, განსხვავებული პოზიციის მქონე სასულიერო პირების, ან თუნდაც სტუდენტების დევნაზე…

 

– მე არ მახსენდება სტუდენტი, რომელსაც ჰქონდა ღია პოზიცია რომელიმე საკითხთან დაკავშირებით და რომელი პოზიცია წინაადეგობაში მოვიდოდა ხელმძღვანელობასთან.

 

გავიხსენებ ერთ ფაქტს… ერთხელ აუდიტორიაში შემოსულმა რექტორმა გვითხრა გამოგვეხატა ჩვენი, თუნდაც განსხვავებული პოზიცია ერთ კონკრეტულ, იმ დროისთვის აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით. მისი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ რომ არავინ მოტყუვდა, იქვე დააყოლა – „აბა რომელს აქვს ორი თავიო”. სამწუხაროდ, ყველა ერთთვიანი გახლდით.

 

შევიწროებას რაც შეეხება, ეს ყველგან იგრძნობა, სადაც კი მათი ძალმომრეობა ვრცელდება.

 

ავტორი: Prime Time

X