16:31 | 2020-06-10 ავტორი: თამარ გონგაძე

“ეგონა” სოფელში გადასახლდა – “არ იცით, რა სამოთხეში ვარ”

“ეგონა” სოფელში გადასახლდა – “არ იცით, რა სამოთხეში ვარ”

ლაურა რეხვიაშვილმა მთელი პანდემიური პერიოდი თელავის რაიონის სოფელ რუისპირში გაატარა, მშობლების სახლში. ინტერნეტი რომ არ ყოფილიყო, ვერც გავიგებდი, რომ კორონავირუსი მძვინვარებდაო, 20 მაისს გვითხრა იუბილარმა მსახიობმა.

 

მოჰყავს ბოსტნეული, მიწასთან მუშაობა ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს და სურს ლამაზი და “უცხო” ხე-მცენარეების გაშენება, რის მოტივაციადაც შვილსა და რძალს მიიჩნევს.

 

“ყველაფერი დავთესე, არ იცით, რა სამოთხეში ვარ. ისე გაიარა ამ კორონა-ისტორიამ, ვერაფერი გავიგე, სერიოზულად ვიშრომე და მივიღე უდიდესი სიამოვნება” – ბოსტნის ფოტოს ქვეშ კომენტარებში დაწერა მსახიობმა.

 

Laura Rekhviashvili-ს ფოტო.

 

დილის შვიდ საათზე დგება, მიწა მეძახისო, ამბობს “პრაიმტაიმთან”. შრომაში ხუთი კილო დაიკლო. უსმენს შაშვების გალობას, უყურებს როგორ მწიფდება ხილი და ემზადება ეგონას როლისთვის.

 

ლაურა რეხვიაშვილი: – ტროპიკულის გარდა, ყველა ხილი მაქვს, რაც კი არსებობს. ცოტა ხანში ფერად-ფერადი ბლის ფოტოებს დავდებ “ფეისბუქზე”. ქინძიდან დაწყებული, ყაბაყით დამთავრებული, ყველა ბოსტნეული დავთესე. არაჩვეულებრივი ყვავილი აქვს კარტოფილს, თეთრი, ბუთქუნა, წითელ კარტოფილს კი – იასამნისფერი, ულამაზესი.

 

არაჩვეულებრივ განწყობაზე მაყენებს მიწასთან მუშაობა. თუ დამიჯერებთ, დილას ადრე თოხით და ბარით მუშაობა ჯანმრთელობაა. ვისაც ნაღვლის ბუშტი, კოლიტი, გულსისხლძარღვთა პრობლემები აქვს, მათთვის გადასარევია. ოფლის გამოდენას ავადმყოფობები გამოაქვს.

 

მუშაობის დროს გშივდება. ფიზიკური მუშაობით დაღლილს, ნამდვილად გშივდება, ისე კი არა, წარა-მარა მაცივარს რომ მიადგები. ამ დაღლილზე მშიერი ცოტას ჭამ. თითქმის ერთი პურის ნაჭერი გყოფნის. ამ დროს უნდა მიიღო ყველაფერი, არავითარი დიეტა! თაფლიან-კარაქიანი პურით დაწყებული, ყავაში შერეული ნატურალური რძით დამთავრებული. არ მიირთმევ იმაზე მეტს, რაც დაღლილ ორგანიზმს სჭირდება. იღებ ჯანმრთელობისთვის საჭირო რაოდენობის საკვებს.

 

რეპეტიციის შემდეგ და გადაღების დროს აშკარად უფრო მეტს ვჭამდი, ვიდრე ახლა ბოსტნიდან გადმოსული გეახლებით.

 

სამ თვეში ხუთი კილო დავიკელი. რა საჭიროა სწრაფი დაკლება? არც პატარა გოგო ვარ. ასე შეუმჩნევლად და ბუნებრივად რომ იკლებ, ფიტნესზე და ვარჯიშზე უკეთესია. ამიტომ ცოცხლობდნენ ბებია-ბაბუები დიდხანს და ჯანმრთელად.

 

დილას შვიდ საათზე ვდგები და მივდიდარ ბოსტანში. თითქოს საქმე მეძახის და სიხარულით ვდგები. 12 საათამდე ბოსტანში ვმუშაობ. ძალიან მაგარი რამეა. მზეში მუშაობით რატომ უნდა შევიწუხო თავი? მერე საღამოს ვსტუმრობ ბოსტანს, როცა მზის სხივებს შემაწუხებელი მხურვალება არ აქვს.

 

ჩემი სოფელი გენიალურ ადგილას არის. კავკასიონსა და გომბოორს შორის და სულ “უქიქინებს”, გამუდმებით. ბუნებრივი კონდიციონერია.

და ვიძინებ ქათამზე და ჩიტებზე გვიან. ინტერნეტში შევდივარ, თვალს გადავავლებ, ინფორმაციას მივიღებ. 11 საათზე აუცილებლად ვიძინებ. ქალაქში ყველაფერი უკუღმაა, ასეთ რეჟიმს ვერ ვიცავ.

 

 

ყველანაირი ტექნიკა გვაქვს – სათიბი, ხელის ტრაქტორი, სარწყავი სისტემა…

 

ალბათ, ხალხმა უკვე აღარც იცის, რა გემო აქვს ნამდვილ მარწყვსა და ნაყიდს, ნამდვილ ბალსა და გასაყიდს შორის რა სხვაობაა. გასაყიდად მოყვანილი ხილ-ბოსტნეული იწამლება. მეზობელმა თამუნამ მომაწოდა მარწყვი, არც გიჭამიათ ასეთი მარწყვი. მე დამაგვიანდა გადარგვა. თამუნიას მაწყვი რომ ვჭამე, გული დამწყდა, რომ ჩემს ბოსტანში არ იყო წელს…

 

ნამდვილ სამოთხეში ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, რომ მდიდრული, ევრორემონტიანი სახლი არ მიდგას, ეს ხელს არ მიშლის იმაში, რომ სამოთხეში ვიგრძნო თავი. ჩემი მშობლების სახლია, საშუალება რომ მქონდეს, რა საკვირველია, გავაკეთებდი…

 

თბილისში ყოფნისას ისე მენატრება რუისპირი… ისე მინდა აქედან დავდიოდე სპექტაკლებზე და გადაღებებზე. იყოს იმის საშუალება, ჩავსრიალდე თბილისში და მერე უკან ჩამოვსრიალდე.

 

გერმანული ნაგაზის გადამკიდე, მსახიობს ეზოში ქათმები არ ჰყავს. თუმცა გამოსავალი მოიფიქრა.

 

ლაურა: – შულცი ისეთი გატუტუცებული გაზრდილია, საკმარისია ეზოში ფრთას მოკრას თვალი, რომ გამოენთება. დასდევს შაშვებს და მერცხლებს. ეზოში არავის აჭაჭანებს. გამოსავალი ვიპოვე – ინტერნეტში ვნახე, ბადით მრგვალად შემოსაზღვრულ ტერიტორიაში დასეირნობენ ქათმები და შულციც ვერაფერს დააკლებს. ამ მოქსოვილ ბადეებში აქვთ საბუდრები. საკენკს ზემოდან ჩაუყრი. არც გამოგვა და განიავება სჭირდება. ნაკელი მიწის სასუქია, ანოყიერებს. მერე შეგიძლია ეს ბადე სხვა ადგილას გადაიტანო და დაამაგრო. ასე მონაცვლეობით შეგიძლია გქონდეს ეს საქათმე მთელ ეზოში, სადაც გინდა – იმ ადგილას.

 

ჩემი გემოვნება ჩემს კარმიდაში როგორია, იცით? ეზოში არაფერი არ უნდა იყოს შემოსაზღვრული. ლობიო-კარტოფილების იქით, უნიკალური და უცნაური ხეების და ნარგავების დარგვა მინდა, ეზოს ბოლოში. მინდა ამ ბოსტნის იქითაც რომ გრძელდებოდეს სილამაზე…

 

ყველას ხომ სახლის გარშემო აქვს ლამაზი ბაღი, მე სახლთანაც მინდა და ეზოს ბოლოშიც. აი, რა ხე მოჩანს ბოლოში – რომ იკითხავ და წახვალ მის სანახავად. გაიხედ-გამოიხედო და მსხლების, ბლების, ნუშების, ლეღვების, გარგარის და ალუბალის გვერდით ეს ლამაზი ხეები შენიშნო. ანუ ბოსტანი არ იყოს გამოყოფილი, ერთად იყოს ხეხილიც და დეკოარტიული ხეებიც.

 

ხომ ლამაზი იქნება ასე არეულ-დარეული? დაულაგებელ-დალაგებული, მხატვრული არეულობა! და ამაში ჩემი მოტივაცია შვილი და რძალი – მათე და მაცაცოა. მათი ენერგეტიკაა. იცი, რომ დედამიწაზე გყავს ადამიანები, ვინც შენზე ფიქრობენ, სულის ტკივილამდე შეუძლიათ განიცადონ.

 

 

მათე ისეთი შვილია, როგორიც მახარებს და როგორზეც მიოცნებია. ჯერ შვილიშვილი არ მყავს. მათი კონტრაქტით მუშაობა ამას აფერხებს. დეგეგმეს, რომ ჯერ მატერიალურად მყარად დაფუძვნდნენ საქმეში, რომ მერე ეს პასუხისმგებლობაც აიღონ თავზე.

 

ქალბატონი ლაურა სამზარეულოში კონსერვატორი ყოფილა. აკეთებს ტრადიციულ, “კლასიკურ” კერძებს, არც კულინარიულ ექსპერიმენტებს ატარებს და არც იმპროვიზაცია ხიბლავს. საცივი, ხაჭაპური, ხინკალი – მაღალი პილოტაჟის.

 

ნიჭიერი, მაგრამ უიღბლო -
2020-05-20ნიჭიერი, მაგრამ უიღბლო - "ბაბულა" 70 წლის გახდა

 

ლაურა: – ეს ჩემი ქართული გემოებისადმი ტრფობა (ოღონდ მაღალ ხარისხში) და რეცეპტორები არ იცვლება. მთელ მსოფლიოში “ნაგასტროლარი” ქალი ვარ და გველ-ბაყაყიდან დაწყებული, ათასი ჯურის საკვები მიმიღია. შემიძლია ვჭამო, არ მაქვს გულისრევა. რომ ვხედავ, რომ ამ “რაღაცებს” ძვირფასი საზოგადოება მიირთმევს, მეც გეახლებით, შემიძლია, მაგრამ არ ვცდილობ, რომ ეს კერძები ჩემს მენიუში იყოს.

 

ღამურის სუფი იყო ამ პერიოდის “თემა” და შეძლებდით მის მირთმევას?

 

– არა, რა საკვირველია, ღამურის სუფს არ შევჭამ. ესპანეთში მოგზაურობის დროს, ბასკებში რომ გადავდიოდი, ბილბაოში, გზაზე გავჩერდით, რომ გვესადილა. ცხონებული რეზო ჩხეიძე გვახლდა. მახსოვს, გემრიელად ვისადილეთ. ავტობუსში რომ ავდიოდით, რეზომ მკითხა, ლაურა, სადილი მოგეწონაო? გემრიელად მივირთვი, გავგიჟდი-მეთქი. ხოდა, იცოდე, ბაყაყის კატლეტები გაქვს მირთმეულიო.

 

– ყველაზე გემრიელი რა გამოგდით?

 

– საცივი, ჩაქაფული, ხინკალი, ხაჭაპური… ჩემ გაკეთებულს არაფერი მირჩევნია, დიდი ბოდიში ყველასთან. საიდუმლო ის არის, რომ ხელში მაქვს მადლი! განწყობა მთავარია და უნდა გიყვარდეს ის, ვისთვისაც ამზადებ სადილს.

 

ჩემი ვაჟი მათე სასწაული გურმანია. ასეა ჩემი მეუღლეც. ქუთაისლები არიან… ჩემს ქმარს რომ ცოლად გავყევი, ერბო-კვერცხს ვერ ვწვავდი. ჩემი ქმრის ოჯახში რომ ვნახე, რომ სადილების მზადება მთელი ფილოსოფია იყო და ამ სამზადისისას რომ მეგონა, სტუმრები მოდიოდნენ, აღმოჩნდებოდა, რომ ჩვეულებრივად უნდა გვესადილა. “იძულებული” გავხდი, რომ მესწავლა მზადება. “დედას გიტირებთ-მეთქი”, ჩავიფიქრე… და დედაც ვუტირე.

 

ინსულტმა
2020-05-21ინსულტმა "ხირხალას" მეტყველებას დაღი დაასვა - "ერთი წელი საავადმყოფოდან არ გამოვსულვართ"

 

თქვენს ხინკალს აქვს კლასიკური რაოდენობის – 19 ნაოჭი?

 

– 19 აქვს და თუ მინდა 21-ც ექნება. ნაოჭებს ულამაზესად შემოვაქსოვ, მაგრამ ჩემი ხინკლის ხიბლი სულ სხვა რამეშია. ეს არის მისი შიგთავსი! ყველაზე აუცილებელი ხინკალში ა ხ ა ლ ი ხორცია! საქონელი თუ ღორი ახალი დაკლული უნდა იყოს.

 

ხინკალზე ფილმი “სიყვარულის ყველას უნდა” გამახსენა – ქეთოს სახლში ხინკლის ჭამის სცენით. ისე გემრიელად კბეჩთ ხინკალს, რომ მაყურებელს მის ჭამას ანდომებთ. საერთოდ გემრიელი სცენაა...

 

– ასე გემრიელად ვჭამ ახლაც და ისეთ გემრიელს ვამზადებ, რომ ასე გემრიელად მოკბიჩო (იცინის). მახსოვს, გადაღებისთვის მოიტანეს და აცხელებდნენ, რომ კადრში ორთქლი ასვლოდა. ძნელია, ცივ ხინკალზე ცხელის ასოციაციით ითამაშო, თან რა ძალაა?! ვისაც რეკვიზიტი ებარა, იმას უყვიროდნენ, ცხელია, ცხელია? ორთქლი, ორთქლიო! მახსოვს ისიც, ამ სცენის გადაღებისას, იმდენს ვმაიმუნობდი… იმ ბოთლში ნამდვილად ღვინო ესხა და დამალევინეთ-მეთქი, ვითხოვე. დავლიე და იმპროვიზებულად ჩემი ტექსტი “გავუბერე”. გიორგი შენგელაია, რომელიც ვენურ (მრგვალ საზურგიან) სკამზე უკუღმა იჯდა, უკან გადავარდა სიცილისგან. ოპერატორებმა დაიჭირეს. ყველა რომ აფხუკუნდა, მეც აზრზე მოვედი და ბოდიში მოვიხადე. არ იყო ეს ბოდიში საჭირო, მეც უნდა გამეცინა, მაგრამ შემრცხვა.

 

არტისტს ემართება ასეთი რამ, ისე შედის როლში, რომ ავიწყდება გადაღებაზე რომ არის. ლილი იოსელიანი ამბობდა, უნდა იცოდე, რომ თამაშობ, მაგრამ არ უნდა გეტყობოდეს, რომ თამაშობო. დღეს რა საშინლად თამაშობენ. ვითომ თამაშობენ. საშინლად ძნელია…

 

თუ პერსონაჟის გჯერა, ტვინს რაღაც ემართება, თუ უბრალოდ ღლიცინებ, გარდასახვის გარეშე, მაშინ არც არაფერი დაგემართება.

 

Zack Mirianashvili-ს ფოტო.

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X