00:38 | 2020-03-16 ავტორი: Prime Time

ძირითადი ზომები, რაც მიიღეს, სწორია – მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების ქმედებებზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები ძირითადად სწორია. სააკაშვილის თქმით, საქართველო ბევრ ქვეყანაზე, მათ შორის უკრაინაზე უკეთ მომზადებული დახვდა ამ ვირუსს.

 

„მე არ ვარ ამათი ფანი, მაგრამ ძირითადად ზომები, რაც მიიღეს სწორია“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

 

მისივე თქმით, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის რუსეთთან მიმოსვლის აკრძალვა, დაგვიანებულია.

„ახლა ყველა უნდა გაერთიანდეს, მიუხედავად იმისა ნაციონალია, თუ ქოციონალი“, – ამბობს სააკაშვილი.

 

ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ხარჯები მაქსიმალურად უნდა ჩაიკეტოს და მთელი ეს თანხა ლარის გასამყარებლად უნდა მომართონ.

 

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ლარის კურსის დაჭერა, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

 

მან ხაზი გაუსვა მისი პრეზიდენტობის დროს ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებას. მათ შორის, ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის შექმნა მისი დამსახურებაა.

 

მისივე თქმით, „დღეს ქვეყნის მთავარი მტერი არა ივანიშვილი, არამედ კორონავირუსია”.

 

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 637 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 54.

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი