11:54 | 2021-09-10 ავტორი: თამარ გონგაძე

“ძალიან ვწუხვარ, თუ ის მაყურებელი გავაწბილე, ვინც ახალ სეზონზე მელოდა…” – რა რეაქცია ჰქონდათ გიორგი ბახუტაშვილის სერიალიდან წასვლაზე “ჩცდ”-ს შემქმნელებს

“ძალიან ვწუხვარ, თუ ის მაყურებელი გავაწბილე, ვინც ახალ სეზონზე მელოდა…” – რა რეაქცია ჰქონდათ გიორგი ბახუტაშვილის სერიალიდან წასვლაზე “ჩცდ”-ს შემქმნელებს

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ “ჩემი ცოლის დაქალების” მეთვრამეტე სეზონი რამდენიმე გმირის გარეშე დაიწყება. მათ შორის დამტკიცებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცოტნეს და ჩიკას ჩცდ-ში ვეღარ ვნახავთ.

 

ეს ინფორმაცია “ფორმულა კრეატივის” პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემაც დაგვიდასტურა. მან თქვა, რომ არცერთი გმირის წასვლა, სერიალისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

 

ირაკლი საღინაძე: – ორზე მეტმა მსახიობმა დატოვა ჩცდ, მაგრამ არ დავწვრილმანდები, ვინ წავიდა. ეს არ არის არსებითად მნიშვნელოვანი. ანა და გიორგი “რუსთავი 2”-ზე იწყებენ გადაცემებს. ჩვენ ახალ რეალობას შესაბამისად მოვერგებით.

 

არსეობს წასვლის ლიმიტი, რომლის იქით უკვე ვეღარ დავაბრუნებთ მსახიობს. არ არსებობს არცერთი გმირი ამ სერიალში, რომლის წასვლაც შეიძლება დანაკლისად აღვიქვათ. ბევრს ეგონა, რომ მის გარეშე არაფერი აღარ განვითარდებოდა, მაგრამ განვითარდა…

 

 

დიახ, გიორგი ბახუტაშვილი და ანა ჩირაძე ამიერიდან “რუსთავი 2”-ის გუნდის წევრები არიან. სულ მალე გაგაგებინებთ, რომელ მათგანს რომელ შოუში იხილავთ წამყვანად.

 

ცოტნე ცოტაშვილის როლის შემსრულებელი, მუსკომედიის თეატრის მსახიობი, გიორგი ბახუტაშვილი, ჩცდ-დან წამოსვლასთან დაკავშირებით, თავის პირველ კომენტარს “პრაიმტაიმთან” აკეთებს.

 

გიორგი ბახუტაშვილი: – ძალიან ვწუხვარ, თუ ის მაყურებელი გავაწბილე, ვინც “ჩემი ცოლის დაქალებში” ახალ სეზონზე მელოდება. მაგრამ! მგონია, რომ ისევე აქვს ყველაფერს დასასრული, როგორც დასაწყისი. მეც ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ, რომ სერიალის პროდიუსერებიც მეთანხმებიან იმაში, რომ მე სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

 

 

როგორ მიიღეს შენი წამოსვლა?

 

– როდესაც ვუთხარი, რომ სხვა არხზე, სხვა პროექტში მივდიოდი, არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ მათ სხვა სურვილი ჰქონდათ ცოტნეს გმირთან დაკავშირებით. ბოლო სეზონში ჩემი გმირი დასასრულისკენ მიდიოდა. ბუნებრივად მოხდა ცოტნეს მისიის ამოწურვა ჩცდ-ში.

 

ადრეც წავედი და არაერთხელ დავბრუნდი სერიალში. ამას არ ვნანობ. ასეთი დაბრუნება რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა “კარანტინის” სერია, რაც, ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა…

ავტორი: თამარ გონგაძე

X