22:17 | 2020-06-28 ავტორი: თამარ გონგაძე

„ძალიან მიყვარდა… საბედნიეროდ, ის ცოლიანი იყო” – მარტოსული ზეიკო ბოცვაძის ცხოვრების უცნობი დეტალები

„ძალიან მიყვარდა… საბედნიეროდ, ის ცოლიანი იყო” – მარტოსული ზეიკო ბოცვაძის ცხოვრების უცნობი დეტალები

მარტოხელა, მარტოსული და დაუხარჯავი, ამოუცნობი ვარსკვლავის – ზეიკო ბოცვაძის გარდაცვალების თარიღი მოდის. 1994 წლის 6 ივლისს მოულოდნელად გარდაიცვალა მოსკოვში. 13 აგვისტოს 50 წლის უნდა გამხდარიყო და დიდი დაბადების დღის გადახდას გეგმავდა.

 

13 რიცხვში დაბადებულს თარსი რიცხვის უიღბლობა დაჰყვა. როლები იმდენი არ უთამაშია, რაც მისი შარმისა და ნიჭის მსახიობს უნდა ეთამაშა, სიყვარულშიც უიღბლო იყო. რეალურ ცხოვრებაში „მონანიების” ქეთი ბარათელი იყო – ტრაგიზმით, სევდით, შეპარული ცინიზმით და ამას თვითონაც აღიარებდა. ხასიათის ის შტრიხები, რაც ამ ფილმში მის გმირს აქვს, ზეიკოს გამოხატავს: თეთრ კაბაში გამოწყობილი, თეთრი შლაპით, ამაყად თავაწეული ქეთევან ბარათელი მოხდენილად რომ შემოაბიჯებს დარბაზში და მერე, ვიწრო საკანში განმარტოებული საკუთარ თავს ჩაღრმავული, ღრმა გულგატეხილობას, ნაღველსა და მარტოობას რომ ამჟღავნებს.

 

Zeinab Botsvadze – Movies, Bio and Lists on MUBI

 

„მიუხედავად იმისა, რომ გარემოცული ვარ მეგობრების სიყვარულით და ძალიან გათამამებული მათი ყურადღებით, ვთვლი, რომ მარტოხელა მგელს ვგავარ. ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ პატიება არ შემიძლია. მიჭირს, რადგან მიმაჩნია, რომ რაც მაკადრეს, იმის ღირსი არ ვიყავი. ეტყობა ესეც არის იმის მიზეზი, რომ თავს მარტოხელა მგლად აღვიქვამ.

 

ბევრ რამეს შევცვლიდი. თუ ყველაფერი შედარებითია, მაშინ მე ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ თუნდაც იმით, რომ სიყვარული მაქვს განცდილი, ძალიან მიყვარდა… დაგასწრებთ და გიპასუხებთ კითხვაზე – მაშინ რატომ არ შეიქმნა ოჯახი? – საბედნიეროდ, ის ცოლიანი იყო…

 

ჩვენი ცოლქმრობა ალბათ დაკარგავდა იმ ფერებს, რაც ამ გრძნობაში იყო. ყოფა ისე ცუდად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. მართლა მეცოდება ის ქალი, რომელმაც უნდა გააკეთოს სადილი, გადაანაწილოს ფული და მაინც შეინარჩუნოს უნარი, რომ იყოს მშვენიერი, მშვიდი და მოსიყვარულე. მე თავისუფლება ვერ დავთმე” – ამბობდა ზეიკო ერთ-ერთ ინტერვიუში და ამ ერთ აბზაცში მთელ ცხოვრებას ატევს. მისი ნაღვლიანი თვალების მიზეზსაც თითქოს აქ ვკითხულობთ.

 

მის პირად ცხოვრებაზე ბევრი არაფერია ცნობილი. ჟურნალისტებთან ვერ ვიხსნებიო, ამბობდა ზეიკო ერთ-ერთ ინტერვიუში. მის ინტერვიუებს და მოგონებებს კი თავი მისმა დამ, ინგლისური ენის სპეციალისტმა, ქალბატონმა ცისანა ბოცვაძემ მოუყარა და დაუვიწყარ ზეიკოს წიგნი უძღვნა. სწორედ ქალბატონი ცისანაა „პრაიმტაიმის” რესპოდენტი. მან ბევრი საინტერესო დეტალი გვიამბო მსახიობზე და უბრალოდ მარტოსულ და ძალზედ საინტერესო, სიცოცხლის მოყვარულ ქალზე – ზეინაბ ბოცვაძეზე.

 

საოცარი ისტორია ქალზე, რომელსაც მედეა ჩახავა მთელი მსოფლიოდან ბარათებს უგზავნიდა
2020-05-21საოცარი ისტორია ქალზე, რომელსაც მედეა ჩახავა მთელი მსოფლიოდან ბარათებს უგზავნიდა

 

რასაც მსახიობზე საჯაროდ წაიკითხავთ არის ის, რომ ცოტა ხნით იყო გათხოვილი, ქმარს მალევე გაეყარა და მას შემდეგ არ გათხოვილა. არც შვილი გაუჩენია მიუხედავად იმისა, რომ გარს თაყვანისმცემელთა და მასზე მოტრფიალე მამაკაცთა არმია ეხვია მუდამ.

 

ცისანა ბოცვაძე: – გულჩათხრობილი იყო, არც ინტერვიუებს იძლეოდა. იმ დროს არც იყო ამდენი ჟურნალ-გაზეთი. რომც ყოფილიყო, ზეიკოს არ უყვარდა თავის რომანებზე საჯაროდ საუბარი.

 

რატომღაც ყოველთვის უიღბლო სიყვარული ჰქონდა. ძალიან მართალი იყო. კაცები ხომ იცით, როგორები არიან. ისე იღებენ, თითქოს იმსახურებენ. ზეიკო ალალი და კეთილი იყო. როცა უყვარდა, უნდოდა ესიამოვნებინა, რასაც უკუღმა იღებდნენ მამაკაცები. თვლიდნენ, რომ კიდევ ეკუთვნოდათ.

 

სამი თვე ჰყავდა ქმარი. ხუმრობდა, კაცს სამი თვის მერე წიხლი უნდა ჰკრა და გააგდოო. ბევრი მეგობარი ჰყავდა. ხშირად ეტრფოდნენ. ჰქონდა რომანები, გატაცებები…

 

ერთი ცნობილი კომპოზიტორი უყვარდა. უპირველესად მის ნიჭს სცემდა პატივს. თვითონ ნიჭიერი იყო და სხვის ნიჭსაც აფასებდა. მისთვის გარეგნობას არ ჰქონდა მნიშვნელობა. მასთან თავს კარგად გრძნობდა. მერე დაშორდნენ. სერგო ფარაჯანოვსაც მოსწონდა, ბორია ხმელნიცკისაც. ბევრს მოსწონდა ზეიკო.

 

ქორწინება აღარ უნდოდა, ამაზე არც ჰქონია პრეტენზია. შვილი კი უნდოდა, მაგრამ რახან დიაბეტი ჰქონდა, ექიმმა უთხრა, შენთვის შვილის გაჩენა არ შეიძლებაო. მამა რომ გარდაიცვალა 14 წლის იყო ზეინაბი, დედა რომ გარდაიცვალა – 21-ის. ინერვიულა და დიაბეტი გაუჩნდა. 300 ჰქონდა სისხლში შაქარი.

 

ვინ იდგა მარიტას, შორენა კოლონკელიძისა და 600-მდე კინოგმირის ხმის უკან
2020-02-21ვინ იდგა მარიტას, შორენა კოლონკელიძისა და 600-მდე კინოგმირის ხმის უკან

 

მშობლები რომ გარდაგვეცვალნენ ჩვენით მოგვიხდა თავის გატანა. ზეიკომ კერვით დაიწყო თავის გატანა, არავის რომ არ შეცოდებოდა, რა საწყალიაო. ჩვენმა ძმამ მერე დაიცვა დისერტაცია. შრომას მიგვაჩვიეს მშობლებმა. მამა იურისტი იყო, მაგრამ ნატურით შემოქმედი, ქეიფების მოყვარული გახლდათ. ჩვენ მისი განათლებული წრისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. დედა პრაგმატული ქალი იყო…

 

ზეინაბ ბოცვაძის სახლი მისსავე სახელობის პატარა ქუჩაზეა, ზემელზე. კართან მის სიმბოლოდ ქცეული თეთრი შლაპის ბარელიეფიანი მემორიალური დაფა გხვდებათ წარწერით – ამ სახლში დაბადებიდან 1994 წლის 6 ივლისამდე ცხოვრობდა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ზეინაბ ბოცვაძე.

 

ბნელი და ცივი 90-იანების თბილისის ელიტის ნახევარი მის პატარა და ჩიტის ბუდესავით გადმოკიდებულ სახლში იკრიბებოდა და იმ ზეიმის მონაწილე იყო, რასაც ზეიკო მუდმივად უწყობდა მეგობრებს. ჰყავდა საძმო-სამეგობრო, რომლებიც ზამთრის სუსხიან საღამოებს, ზემელის მოყინულ აღმართზე, ზეიკოს სიყვარულით ამოდიოდა. აი, ამ თბილისურ შუშაბანდებიან სახლში გადაიღო თენგიზ აბულაძემ თავის შედევრში. ეს „მონანიების” სახლია, სინანულით სავსე ქეთი ბარათელის სახლი.

 

მანამდე კი ოთხი სპეციალურად შერჩეული სახლი მოატარა რეჟისორმა ზეიკოს. „არა, ზეიკო, ეს არ არის შენი სახლი” – ეტყოდა თენგიზი.

 

 

„და თუ თქვენ ამ სახლში ჩემი სული იგრძენით, ესე იგი სწორად ვცხოვრობ. მქონდა უძნელესი პერიოდი, ათი წელი ფილმში არ მითამაშია. ვკერავდი და თავს კერვით ვირჩენდი, ისე, როგორც ქეთევან ბარათელი ირჩენს თავს ტორტების ცხობით.

 

ახალგაზრდა ვიყავი, თამაში მინდოდა, მე კი არავის ვჭირდებოდი… გული მტკიოდა. იმ დროს ჩემ სახლში იკრიბებოდნენ ჩემი მეგობრები. ყოველი შეხვედრა სპექტაკლივით იყო. მე ეს ათი წელიწადი მარტოობა არ მიგრძვნია. ერთმანეთს ვჩუქნიდით რაღაცას, რაც ღიმილს იწვევდა.

 

ეს სახლი მე ნამდვილად მეხმარება. ჩემი ხელოვნება ამ სახლში დასახლდა. მე ვიყავი რეჟისორიც და მსახიობიც… შინაგანად სულ მქონდა იმის განცდა, რომ ერთ დღესაც დადგებოდა ის ჩემი დღე, საათი, წუთი. გამუდმებით ვიმუხტებოდი და თითქმის არადროს ვიხარჯებოდი. გინახავთ ბეტონიდან ამოხეთქილი ბალახი, რომელსაც მზის დანახვის ისეთი სურვილი აქვს, რომ ბეტონსაც ხეთქავს. ამაზე ფიქრი მაიმედებდა…” – ამბობდა ზეიკო.

 

ცისანა ბოცვაძე: – ნიჭიერი ადამიანები თანდაყოლილი თავგადასავლების მაძიებლები არიან. ზეინაბი ბავშვობიდან თავნება იყო. ბიჭი ჰყავდათ, მაგრამ კიდევ ბიჭი უნდოდათ ჩემს მშობლებს. ზეიკო რომ გაჩნდა, ჩემი ძმა და მამაჩემი ტიროდნენ. მერე ზეიკო ბიჭზე უარესი აღმოჩნდა. სულ თავგადახოტრილი დადიოდა. თავნება ბავშვი იყო. შეეძლო გამოცდაზე არ წასულიყო.

 

არტისტული ნიჭი მამისგან გამოჰყვა. მამა პოემებს წერდა, აჭარაში დადგმებსაც აკეთებდა. ზეინაბი მამას ჰგავდა, ამიტომ ყველას თავზე გვეჯდა, მისი სიტყვა კანონი იყო. ონავარი გოგო იყო, ყველაფერი ლაზათიანად გამოსდიოდია, ისე ეჭირა, რომ თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო.

 

 

უამრავი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის ბიჭები, სულ გარს ეხვივნენ. მასთან ურთიერთობისას ეტიკეტიც უნდა დაეცვათ. უყვარდა, რომ პატივს სცემდნენ და ყვავილები მოჰქონდათ, იძულებულს ხდიდა და თან ამას იუმორში აკეთებდა. კარგი იუმორი ჰქონდა.

 

მერე ჩემს წიგნში მისი მეგობრები მოგონებებში ამბობდნენ, ზეინაბმა რაინდებად გვაქციაო. მე კამერული ვარ, ზეიკო მჭერმეტყველი იყო. სუფრას თამადობდა. ასეთი სამეგობრო წრეში იყო, ისე კი მოკრძალებული გახლდათ.

 

ილიკო ფერაძემ, მსახიობ გია ფერაძის ძმამ, ზეიკოს სახლის იმ ოთახს, სადაც თითქმის თვე არ ჩაივლიდა ქეიფისა და მოლხენის გარეშე, „ზეიკოს ბუნკერი” დაარქვა. ბუნკერი გერმანულად თავშესაფარს ნიშნავს. როგორც ის წერს მოგონენებში, უგემრიელესი კერძების მომზადება იცოდა.

 

„ხუმრობით ვამბობდი, შემოდგომაზე ჩამოცვენილ ჩვეულებრივ ფოთოლსაც ისე შეაზავებდა მაიონეზითა და ნიგვზით, ვერაფრით მიხვდებოდი, რისგან იყო დამზადებული-მეთქი” – წერს ილიკო.

 

 

 

ცისანა: – ჩვენს სახლში ზეიმებს აწყობდნენ. 1 მარტი იყო თუ პირველი ია შემოვიდოდა, მიზეზებს ეძებდნენ საქეიფოდ.

იმ ოთახში, სადაც ბუხარი გვაქვს, მრგვალი მაგიდა იდგა და ზამთრობით იქ ქეიფობდნენ. იქ წიგნების თაროებია და ზეიკო სულ მეჩხუბებოდა, აქ ნუცას სკოლას ნუ მიხსნიო.

 

მსახიობ ალექსანდრე აბდულოვის ცოლი, ირინა ალფიოროვა ქაშვეთში ზეინაბმა მონათლა და სუფრა ჩვენან გაიშალა. ავგენი ლეონოვი და ბორია ხმელნიცკიც იყვნენ ამ საზეიმო სუფრასთან სტუმრად.

 

ყველას ზეიმს უქმნიდა, ყველას დარდს იზიარებდა. თავის დარდს თვითონ დაატარებდა, არასდროს არავის არ ენახვებოდა სევდიანი. ახმაურებული ოთახი რომ დაცარიელდებოდა და სტუმრები წავიდოდნენ, იჯდა მარტო, სევდიანი და ფიქრობდა. “მონანიებაში” საკანში რომ ზის ჩაფიქრებული და სევდიანი, აი, ასეთი იჯდა ხოლმე… ამოდი, ზეინაბ დაიძინე-მეთქი, დავუძახებდი. იჯდა სევდიანი და ფიქრობდა.

ამ დროს იყო ოპტიმისტი. სანამ ხარ, უნდა იცხოვრო, ზეიმი თვითონ უნდა მოიწყოო, ამბობდა. უყვარდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა. ისინიც დიდი სიამოვნებით ემეგობრებოდნენ.

 

2020-05-11"როგორ შეიძლება ეს ორი სიცოცხლით სავსე ადამიანი გაქრეს ამ ქვეყნიდან" - გულახდილი ინტერვიუ ნინი ბადურაშვილთან

 

თავის მოწესრიგება უყვარდა. მაკიაჟს, თმას, ფრჩხილებს თვითონ იკეთებდა. მე რომ მოწაფეებს ვიბარებდი, მაფრთხილებდა, დილით ნუ დაიბარებ, მე ხომ ფორმაში არ ვარო.

 

ვის არ ნახავდით ჩვენთან სტუმრად მოსულს, ძმები ფერაძეები, ამირან ბუაძე, ნანული სარაჯიშვილი, მარინა კახიანი, გოგი დოლიძე… ზეიკოს ორმოცზე ამირან ბუაძემ თქვა, სიზმარში ვნახე, გია ფერაძე და ზეიკო იქ ერთად ქეიფობდნენო. გია რომ დაიჭირეს, ილიკოს ეხმარებოდა ციხეში შესაგზავნი „პერედაჩების“ გაგზავნაში.

 

ნანული სარაჯიშვილი: – ზეიკოს ბუხარი ცნობილი იყო. ზეიმს მოაწყობდა და თან კოსტიუმირებულს, ვიცვლიდით იმ დღის თუ დღესასწაულის შესაფერის კოსტიუმს და სპეტაკლებს ვდგამდით.
შემოქმედებითად პასიურ პერიოდში კერავდა. ეს არ ეთაიკლებოდა. ამით უნდა გადავრჩეო, ამბობდა.

 

ილიკო ფერაძე: – ზეიკოსთან კაბის შეკერვა მთელი რიტუალი იყო. საყწალი ზეიკო. ერთია, რომ მას კაბის თარგზე უნდა ეფიქრა და მასთან ერთად უნდა მოესმინა ყველას გასაჭირი, მიეცა რჩევა-დარიგება. ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო ზეიკოს რჩევა.

 

მისი დებიუტი ნანა მჭედლიძის ფილმში შედგა, სადაც 15 წლის იყო. „ჩქარი მატარებელი” ასე ერქვა პირველ ფილმს და ცხოვრებამაც ასე ჩაუქროლა. პატარაობიდან არტისტული გოგონასგან თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება, ოჯახში სიურპრიზი არ ყოფილა.

 

 

ცისანა: – სწავლით თავს არ იკლავდა. არ უყვარდა. მისი სამიანი ოჯახში ზეიმი იყო, მაშინ როცა ჩემს ფრიადებს არად აგდებდნენ. კითხვა უყვარდა. დღიურებს წერდა.

 

ხომ არიან მსახიობები ინტრიგებით იგდებენ ხელში როლებს. ზეინაბი ამაყი იყო, თუმცა არა ქედმაღალი. თავისთვის არავის არაფერს არ სთხოვდა. სხვისთვის კი ითხოვდა. ამ ძველ სახლში ცხოვრობდა. სხვა მის ადგილას ამხელა სამეგობრო-სანაცნობო წრით ისარგებლებდა, ბინას გამორჩებოდა, მიიღებდა.

 

თეატრით სუნთქავდა. იქ თუ მოხვდი, მერე სხვას ვერაფერს მოკიდებ ხელს. იქ რომ გულისტკენა და იმედგაცრუება შეხვდა, მერე სახლში მოიწყო თეატრი – შეხვედრები, ზეიმები, თამაში…
გულისტეკნა როლების ნაკლებობას მოჰქონდა. „კავკასიურ ცარცის წრეში“ გრუშეს როლზე უარი თქვა. ეს იზა გიგოშვილის როლია, მისთვის დადგმული მიზანსცენებითო. მართალი იყო.

 

წყენის გულში ჩადება არ იცოდა. მოსკოვში უნდა წაჰყოლოდა თეატრს, რომელიც გასტროლზე მიდიდოდა. ზეინაბს კი იქ თვალის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, დიაბეტის გამო, ბადურა ეშლებოდა. ადმინისტრატორი მისულა რობიკოსთან, ფული არ გვეყო და ზეინაბისთვის ბილეთი არ ავიღეო, უთქვამს. ჩემთვის გეთქვა და მე დაგიმატებდი ფულსო, უსაყვედურია რობიკოს. მას შემდეგ ზეიკო თეატრში არ მისულა, მაგათი სამათხოვრო რა მჭირს, მე მეგონა დასთან ერთად მივდიოდიო.

 

Зейнаб Боцвадзе - фильмы с актером, биография, сколько лет ...

 

გასტროლზე არ წაიყვანეს, თუმცა მოსკოვში მაინც ჩავიდა, იმავე დღეს. თემურ შანშიაშვილი ლიმუზინით დახვდა მოსკოვის აეროპორტში. როგორც მეკადრებოდა ისე დამხდვნენ და დედოფალივით მიმაბრძანეს სასტუმროშიო, მითხრა ტელეფონში. ასე ანებივრებდნენ მეგობრები. და ეს უყვარდა.

მივიდა სპექტაკლზე და რობიკოს მიულოცა, მაინც დიდი რეჟისორი ხარო. მერე იქ გრიპი შეხვდა, კლინიკაში იწვა, წამოსვლის წინა ღამეს კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. დიაბეტიანების ამ დროს მაშინვე თუ არ მიაწოდე შაქარი, იღუპებიან. მოსკოვიდან დედოფალივით გადმოასვენეს.

 

თავს არ უფრთხილდებოდა, მე რომ ვაფრთხილებდი, ყვავივით ნუ დამჩხავიო, მეტყოდა. ურეჟიმოდ ცხოვრობდა. თამადობდა, არაყს სვამდა ეს დიაბეტიანი ქალი. ამიტომ იყო, ბოლოს უკვე ასაკი ძალიან დაეტყო.

 

„მონანიება”
მისტიკა იყო მისი ამ ფილმში მოხვედრა. ბარათელის როლში თენგიზ არჩვაძე უნდა გადაეღოთ. გადაღების წინ თენგიზ აბულაძემ სიზმარი ნახა – ვიღაცამ უთხრა, ბარათელის როლში ქალი უნდა გადაიღო და თანაც – ზეინაბ ბოცვაძეო. ნანა ჯანელიძეც, რომელიც ფილმის თანარეჟისორია (თენგიზის რძალია), მომხრე იყო, რომ ამ როლში კაცი უნდა ყოფილიყო. ის იხსენებს, როგორი ლამაზი ჩავიდა ბათუმში ზეიკო, ბეწვით, ბეჭდებით… „ისეთი მშვენიერი და ამაღლებული იყო, სუნთქვაშეკრული ვუყურებდით. თენგიზს უთქვამს, მე კი მინდა გადაგიღო, მაგრამ ნანა ქალის ამ როლში გადაღების წინააღმდეგიაო. მზეთუნახავი იყო. სასტუმროს ნომერში დავლიეთ. ასეთი საოცარი ქალი ჩემს ნომერში ისე გარდაისახა, რომ მივხვდი, რომ ის საფლავს ამოთხრიდა” – იხსენებს ნანა ჯანელიძე.

 

მონანიება“ – ფილმი, რომლის ...

 

თვითონ კი ასე ახასიათებს თავის გმირს.

„ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს ქეთევანთან. ოდნავი ცინიზმი, სიმართლის თქმა, სევდა. მერე ბევრი რამ ვითამაშე, მაგრამ გამიჭირდა ქეთევანისგან გათავისუფლება. ქუჩაში მაჩერებდნენ არა როგორც ზეინაბ ბოცვაძეს, არამედ როგორც ქეთი ბარათელს. საზღვარგარეთაც ასე მხვდებოდნენ. მაშინ მივხვდი, რა გადაუტანია ხალხს. ქეთევანმა მათი სათქმელი თქვა.

 

მე ჩემი 37 წელი მქონდა, ათი უსახო და უგულო წელიწადი. ჩემი ტკივილი მქონდა, რომელსაც ვერავის ვუმხელდი. შენი საწუხარით სხვას არ უნდა მოაბეზრო თავი. მე ჩემს ჩაკეტილ სამყაროს ვქნი და იქ ვარ ჩემთვის. ჩემ “ოცდაჩვიდმეტ წლებში” აშკარად დავინახე უსამართლობა და ამ უსამართლობის ავტორები. ცხოვრებაში გვხდებიან ადამიანები, რომლებსაც უნდა შეებრძოლო, მაგრამ მე ვერ ვებრძვი, მე უბრალოდ მივდივარ… არ ვარ სახალხო არტისტი, არ მაქვს ჯილდოები, მაგრამ მომწონს, რომ ახალგაზრდები სიხარულითაც და მწუხარებითაც ჩემთან მორბიან.”

 

 

ცისანა: – თენგიზმა ამ როლით ახსნა ზეინაბის ბუნება. ეს როლი ზუსტად ზეინაბის ხასიათში იჯდა. თენგიზ აბულაძის მსგავს ხელოვანებს ხომ მესამე თვალი აქვთ, გონების თვალი.
მხოლოდ ერთხელ ითანამშრომლეს. მერე კიდევ უნდოდა თენგიზს ზეინაბის გადაღება, მაგრამ ავად გახდა და რომ გარდაიცვალა, ზეინაბმა მამას წასვლა რომ განიცადა, ისე განიცადა მისიც.

 

შვილი ზეინაბმა გამიზარდა. ჩემ შვილს, პეტრეს და ზეინაბს მეტი საერთო ჰქონდათ, საოცრად უყვარდათ ერთმანეთი. რაინდად გაზარდა, მკაცრად. ზეინაბი რომ გარდაიცვალა, 1994 წელს, პეტრე ამერიკაში წავიდა და მას შემდეგ არ ჩამოსულა. ზეინაბი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ჩამოვიდოდა… მერე მითხრა იქიდან, ზეინაბმა იცოდა რომ მივდიოდი, შენ არ იცოდიო. მას უჯერებდა ბევრ რამეს.

 

გასვენების დღეს ზღვა ხალხი ყოფილა ქუჩაში. დედოფალივით გამოასვენეს. თეთრები ხომ ისედაც უყვარდა, ეცვა თეთრი კაბა და გვირილებით იყო მორთული. ზეიკოს ყოფილმა ქმარმა ითხოვა, მომეცით ნება მეც ავწიო მისი სასახლეო.

ზეინაბის კუბოსთან გოდერძი ჩოხელმა და ედმონდ კალადაძემ დაიჩოქეს. სოფიკო ჭიაურელმა საოცარი სიტყვა თქვა. ყველას უყვარდა მსახიობებს, უფროს თაობასაც და უმცროსსაც.
თემურ შოშიტაიშვილმა წლისთავზე ზეიკოს სახელი დაარქვა ჩვენი სახლის ქუჩას.

 

Art Palace | ხელოვნების სასახლე

 

მისი თვალით ვუყურებ ყველაფერს. რაღაცას რომ დავიწუწუნებდი, ასე გამიკეთეს-მეთქი, მტუქსავდა, ეს იმის პრობლემაა, მადლობა თქვი, რომ შენ ასეთი არ ხარო. ხომ ასეთი მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა, ერთს არ დაიწუწუნებდა.

მეუბნებოდა, დღესაც რომ გარდავიცვალო, არ ვინანებ. ისე ვიცხოვრე, როგორც მინდოდა, აბა, შენ რა გაქვს ნეტა მოსაგონარიო? ძალიან მაკლია, სულ გვერდით მყავს.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X