20:51 | 2020-05-08 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს! – კახა კალაძე თბილისის მეტროზე

ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს! – კახა კალაძე თბილისის მეტროზე

კახა კალაძე ტელეკომპანია „მაესტროზე“ სტუმრობისას თბილისის მეტროში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა.

 

დედაქალაქის მერის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მთელი ქვეყანა COVID-19-თან ბრძოლაშია გადასული, თბილისის მეტროპოლიტენის სადგურებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მაინც მიმდინარეობს.

 

კახა კალაძის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს ვაგონების განახლების პროცესი. ამასთან გვირაბებში ხორციელდება ძალოვანი კაბელების განახლებაც.

 

„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობთ ამ მიმართულებით. პირველი მიმართულება არის არსებული ვაგონების განახლება და რეაბილიტაცია, მეორე – გვირაბებში ძალოვანი კაბელების ცვლილება, რომელიც გასული წლის ზაფხულში დავიწყეთ და წელს ზაფხულში უნდა დამთავრდეს. მთლიანად, 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელების იქნება შეცვლილი. შემიძლია გულწრფელი ვიყო და გითხრათ, რომ რაც კი მეტრო არსებობს, არავის ასეთი პროექტი არ განუხორციელებია. ძალოვანი კაბელების მიმართულებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. სწორედ ამის გამო იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს ეს პრობლემა. საქმე გვაქვს ადამიანების უსაფრთხოებასთან. ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება დღის განმავლობაში მეტროთი და უსაფრთხოება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი“, – აცხადებს კახა კალაძე.

 

თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ 11 მაისისთვის ახალი ვაგონების შესყიდვაზე ტენდერი დასრულდება და ეტაპობრივად 40 ვაგონის ჩანაცვლება მოხდება.

 

„ასევე მინდა გითხრათ ერთი სიახლე. 11 მაისისთვის დასრულდება ტენდერი, რომელიც თვენახევრის წინ იყო გამოცხადებული ახალი ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით. გამარჯვებული კომპანიის შესახებ ინფორმაციას, საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდით. ამ პროექტით ეტაპობრივად მოხდება 40 ვაგონის ჩანაცვლება“, – განმარტა კალაძემ.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X