17:53 | 2020-11-25 ავტორი: თამარ გონგაძე

“დიახ, მე ემიგრანტი დედა ვარ. ცრემლებამდე მიმიყვანა თქვენმა საქციელმა” – გიორგი კეკელიძეს ლანჩხუთელი ფეხბურთელი გოგონას დედა მიმართავს

“დიახ, მე ემიგრანტი დედა ვარ. ცრემლებამდე მიმიყვანა თქვენმა საქციელმა” – გიორგი კეკელიძეს ლანჩხუთელი ფეხბურთელი გოგონას დედა მიმართავს

მწერალი გიორგი კეკელიძე “გურული დღიურების” ფონდის სტიპენდიით ნიჭიერ ახალგაზრდებს დიდ სტიმულს და წამახალისებელ მუხტს აძლევს. გულით გაღებულ ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას ათეულობით მოსწავლე იღებს. მათ რიცხვს, გიორგის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდის ყველაზე უმცროსი წევრი, 16 წლის ანა გობრონიძეც მიემატა.

 

“ანას დღეიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ. ანა უნიჭიერესი სპორტსმენია, ამასწინ ეროვნულ ლიგაში გოლიც კი გაიტანა. დედამისი, ისევე როგორც უამრავი სხვა მშობელი, იტალიიდან ადევნებს თვალს შვილის წარმატებას და დარწმუნებული ვარ, ეს წარმატება ძალიან, ძალიან დიდი იქნება” – წერს გიორგი სოციალურ ქსელში.

 

ქალთა საფეხბურთო გუნდი ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

 

გიორგის ამ ინიციატივას იტალიიდან გამოეხმაურა ანა გობრონიძის დედა. აი, რა კომენტრს წერს ის გიორგის პოსტის ქვეშ.

 

მაიკო გობრონიძე: – ბატონო გიორგი, მე თქვენი სტიპედიანტის, ანა გობრონიძის დედა ვარ. ცრემლებამდე მიმიყვანა თქვენს მიერ გაჟღერებულმა ცნობამ. დიახ, მე ემიგრანტი დედა ვარ, რომელიც ორი წელია დუხჭირმა ცხოვრებამ ჩემს ოჯახს და შვილებს დამაშორა. მადლობა იმ სიკეთისთვის რაც თქვენ გამოიჩინეთ ჩემი პატარა ანას მიმართ. უფალმა დაგლოცოთ! კიდევ ერთხელ მადლობა! მინდოდა უფრო მეტიც მეთქვა, მაგრამ იმდენად ემოციური და მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, სიტყვებს ვერ ვპოულობ. მადლობა!

 

“პრაიმტაიმის” მკითხველს ემოციები ანას მამამ გაუზიარა. ქალიშვილის წარმატებით, ბუნებრივია, მამა საოცრად ბედნიერია.

 

ოთარ გობრონიძე: – გიორგი კეკელიძის მიმართ მადლობის მეტი რა მეთქმის. უღრმესი მადლობა… იმედია, ანა გაამართლებს მის იმედს.

 

ანას სპორტული მონაცემები ბავშვობიდან ჰქონდა. ცეკვაზე დადიოდა. ქების სიქელები აქვს მიღებული. სკოლიდან საფეხბურთო შეჯიბრებებში მონაწილეობდა. მერე ქალთა ფეხბურთის გუნდში აიყვანეს და აგერ უკვე ორი წელია გუნდის თავდამსხმელია.

 

მამისთვის როგორია ფეხბურთელი ქალიშვილის ყოლა?

 

– მე არასდრის დამიშლია მისთვის ფეხბურთის თამაში. მინდოდა, რომ ეთამაშა. მირჩევნია დაკავებული იყოს და საყვარელი საქმე გააჩნდეს. ვნახოთ…

 

 

 

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ქართველმა ფეხბურთელებმა დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში რუმინეთში ადგილობრივი ჩემპიონი „კლუჟი“ მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 0:1 დაამარცხეს.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე ჭყონიამ გაიტანა.

 

საგულისხმოა, რომ „ლანჩხუთი“ საქართველოს ისტორიაში პირველი ქართული კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

 

გიორგი კეკელიძე “პრაიმტაიმთან” ანაზე, მისი გუნდის და რეგიონის წარმატებაზე აკეთებს კომენტარს.

 

გიორგი კეკელიძე: –  ეს არ არის მხოლოდ სპორტის წარმატება, ეს ქალთა წარმატება, მათი აღიარება და ასევე რეგიონის, გურიის და ლანჩხუთის წარმატებაც არის.

 

ანა საუკეთესო ფეხბურთელია საკუთარ ასაკში და ვფიქრობ, რომ უდიდეს წარმატებას იმსახურებს და მიაღწევს კიდეც. მიხარია, რომ “გურული დღიურების” ფონდი მასაც დაეხმარება. ის ამ კვირაში ფონდის მესამე სტიპენდიანტია. ეს საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც თავის თავში სპორტსაც მოიცავს, მნიშვნელოვანია.

 

რაც შეეხება ანას დედას, რომელიც გამომეხმაურა. მე ძალიან ემოციურად ვარ განწყობილი ემიგრანტების მიმართ. ხშირად დავდივარ საზღვარგარეთ, მათთვის ბიბლიოთეკებს ვაწყობ. ვიცი და მინახავს როგორ შრომობენ. ვიცი, რამდენად ემოციურია ამ ადამიანისთვის ჩემი ეს გადაწყვეტილება, რაც ბუნებრივია ჩემთვის დიდი პატივია.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X