12:52 | 2020-04-14 ავტორი: თამარ გონგაძე

“დღევანდელი ქართული არ არის ისეთი, როგორიც 1978 წლის 14 აპრილს გვეოცნებებოდა” – გია მურღულია

“დღევანდელი ქართული არ არის ისეთი, როგორიც 1978 წლის 14 აპრილს გვეოცნებებოდა” – გია მურღულია

ალბათ, არც მოიძებნება ქვეყანა, სადაც ერმა საკუთარ მშობლიურ ენას ძეგლი დაუდგა. გვაქვს დედა ენის ძეგლიც და ბაღიც.

 

ჩვენი ენაც იშვითია. უცხოელები ამბობენ, რომ სასწავლად რთულია თავისი გრამატიკით, ასო-ბგერებით, სიტყვათა შეთანხმებებით. მდიდარია, თუმცა ჩვენც ეტაპობრივად „ვამდიდრებთ“ უცხო სიტყვებით, ბარბარიზმებით, სლენგით…

 

დღეს ქართული ენის სახელმწოფო ენად გამოცხადების დღეა. 42 წლის წლის წინ ერთად შეკრულმა ერმა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილება გააპროტესტა – საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

 

მაშინ ფილოლოგი გია მურღულია 24 წლის იყო. ის “პრაიმტაიმთან” იმ განწყობას იხსენებს, რაც 1978 წლის 14 აპრილს სუფევდა საქართველოში.

 

გია მურღულია: – ეს დღე მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ საქართველოს და ქართველებს დაანახა, რა შეუძლია ერთად დგომას და ერთნებობას. არჩილ ჯორჯაძეს, ჩვენს მივიწყებულ მოღვაწეს, თეორია აქვს – შუა საუკუნეებში ქართველები აცნობიერებდნენ, რას ნიშნავს, როდესაც ქვეყანა ერთ კეთილ ნებაზეა დამდგარი. ეს განსაკუთრებით ჩანდა მაშინ, რუსული იმპერიის წინააღმდეგ ქართველი ხალხის ერთად დადგომით.

 

მაშინაც იყო დარბევის საშიშროება და იმპერიაც მზად იყო საამისოდ. მაგრამ როგორც ჩანს, საოცარმა ერთსულოვნებამ და ზოგიერთმა სხვა ცვლილებამაც ხელი შეუშალა მას ამაში.

 

გაოცებული ვუმზერდი ერის ერთსულოვნებას, ხალხის მდინარებას უნივერსიტეტიდან და სხვადასხვა ადგილებიდან პარლამენტის ტერიტორიისკენ. ეს იყო გრანდიოზული სანახაობა, შეგრძნება, ისტორიული დღე… ქართველობა ამდენად რომ გაისარჯა საკუთარი ენის დასაცავად, ეს ისტორიაში არ უნდა დარჩეს. ენას ყოველ დღე სჭირდება დაცვა, შელოლიევებაც და მოვლა-პატრონობაც.

 

მაშინ ყველამ შეიგრძნო, რას ნიშნავს ენა ხალხისთვის. ძველ ქართულში ენა ხალხს ნიშნავდა. ენა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება არ არის. ენა სამყაროს აღქმის მოდუსია. ის ფენომენია, როგორ აღიქვამს ქართველი ადამიანი სამყაროს. ღირებულების მატარებელი რამაა, რომელიც შეგვაგრძნობინებს, რას ნიშნავს ქართველობა.

 

როდესაც ზოგჯერ სრულიად უაზრო კონტექსტში ამბობენ – ქართველობას გვართმევენო, ერთადერთი შემთხვევა, თუკი ეს შესაძლებელია, მხოლოდ ენის წართმევით. ენის წართმევით გვერთმევა აზროვნება. ქართველი ქართულად, ქართული სიტყვების შინაარსითა და შეგრძნებით აზროვნებს. ეს დაკავშირებულია დედა ენასთან. ვერ ვიხსენებთ სხვა ადგილს, სადაც მშობლიური ენის ძეგლი იდგეს.

 

და როგორია დღევანდელი ქართული ენა?

 

– დღევანდელი ქართული ენა არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ მაშინ, 1978 წლის 14 აპრილს, გვეოცნებებოდა… მას მოვლა კი სჭირდება, მაგრამ იმდენად ძლიერი და მოქნილი ენაა, რომ თითქოს მას ვერაფერი ერევა. თუმცა ვხედავთ, ხანდახან როგორ ანაგვიანებენ და არამიწიერი ქართულით მეტყველებენ.

 

ცუდად მეტყველება ცუდად აზროვნების პირდაპირი გამოხატულება გახლავთ. ეს ყველამ უნდა შეიმეცნოს. ადამიანის ერთ-ერთი დამამშვენებელია, როდესაც ის გააზრებულად, ნათლად და გამართულად მეტყველებს.

 

ჩვენ არ მოგვწონდა, როდესაც რუსიზმები შემოდიოდა. იმდენად ძლიერი იყო ეს ტალღა, დედა ენის პირველ გამოცემაშიც კი იმდენ რუსიზმს ნახავთ, განცვიფრდებით პირდაპირ. ჩვენთვის სულ ერთია რომელი ენის სიტყვები იმძლავრებენ ქართულზე, თუმცა ეს დროებითია. ქართული ენა ძლიერი ენაა. ის ყველაფერს მოირგებს.

 

ბევრია ჩვენს ენაში – სპარსული, თურქული, არაბული, ბერძნული და ასე შემდეგ შემოსული და დამკვიდრებული სიტყვები, იფიქრებთ, ჩვენი რა არისო? ეს ბუნებრივი პროცესია და ყველა ენაშია. სიტყვების და აზრების გაცვლა ხდება. ამ პროცესს მართვა მაინც სჭირდება.

 

საზოგადოებას ნიმუში სჭირდება, რას ნიშნავს გამართულად ქართულად მეტყველება. ვფიქრობ, ჩვენს სახელმწიფოს ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი ამ მიმართულებით. მარტო 14 აპრილს არ უნდა ვიხსენებდეთ ქართულ ენას.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები