fbpx
16:48 | 2020-06-23 ავტორი: Prime Time

დეველოპერული კომპანია m2 „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობას დაასრულებს

დეველოპერული კომპანია m2 „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობას დაასრულებს

23 ივნისს, 11 საათზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2  უძრავ ქონებას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული დოკუმენტი, მხარეების კომპეტენციის ფარგლებში, სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

 

თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახის რეალობა რადიკალურად შეიცვალა. ისინი მალე მიიღებენ ბინას, რომელსაც, წლების განმავლობაში, უიმედოდ ელოდნენ.

 

m2 მზადაა, სამშენებლო სამუშაოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის შესრულებისთანავე შეუდგეს. კერძოდ, მშენებლობა დაიწყება კორექტირებული პროექტების შეთანხმებისა და შესაბამისი სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე. მშენებლობა დასრულდება ნებართვების აღებიდან სამი წლის ვადაში.

 

თბილისის შეჩერებული მშენებლობების დასრულების მიზნით, თბილისის მერიამ არაერთ საჯარო შეხვედრას უმასპინძლა, რის დროსაც დეველოპერებმა ამ ტიპის მშენებლობების შესახებ ზოგადი ინფორმაცია და რამდენიმე შემოთავაზებაც მიიღეს. თბილისის მერიის გუნდის მიერ კოორდინირებულ  პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ „ოლიმპიური ვარსკვლავისა“ და დაზარალებულ მობინადრეთა წარმომადგენლებიც.

 

 

„სამშენებლო და დეველოპერული მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს და m2-ის სახელს არაერთი წარმატებული პროექტი უკავშირდება. მჯერა, მათ რიცხვში მალე ჩაეწერება „ოლიმპიური ვარსკვლავის“ კომპლექსიც. ამ პროექტით, გვერდში ვუდგებით ქალაქის მერიას და, რაც მთავარია, 400-მდე დაზარალებულ ოჯახს ბედნიერი მომავლის შექმნაში ვეხმარებით.

 

კარგად ვაცნობიერებ საზოგადოებისა და ქალაქის წინაშე აღებულ ვალდებულებას. ამრიგად, მთელ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას მაქსიმალურად მივმართავთ აღნიშნული პროექტის წარმატებითა და დროულად დასრულებისკენ. თბილისის  მერიამ, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ წარმომადგენლებმა და დაზარალებულებმა დიდი ნდობა გამოგვიცხადეს, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას“, – განაცხადა „m2  უძრავი ქონების“ თანადირექტორმა შოთა ბერეკაშვილმა.

ავტორი: Prime Time


X