19:51 | 2021-07-28 ავტორი: თამარ ბუჩუკური

“დეიდა, ნახე, ადრე გრძელზე გრძელი თმა მქონდა…“ – 10 წლის სოფომ ოჯახის გამოსაკვებად თმა გაყიდა

“დეიდა, ნახე, ადრე გრძელზე გრძელი თმა მქონდა…“ – 10 წლის სოფომ ოჯახის გამოსაკვებად თმა გაყიდა

„დეიდა, ნახე, ადრე გრძელზე გრძელი თმა მქონდა, მაგრამ მოვიჭერი. საჭმელად არაფერი გვქონდა, მშობლებს ფული არ ჰქონდათ, ამიტომ გადავწყვიტე ყველას დავხმარებოდი და თმა გავყიდე, სამაგიეროდ საჭმელი ვიყიდეთ” – ასე იწყებს ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელთან საუბარს 10 წლის სოფიკო.

 


მოზარდი ოჯახის გაუსაძლის ყოფაზე საუბრობს. ცეცხლაძეების ოჯახს სამი შვილი ჰყავს: 12 წლის ირაკლი, 10 წლის სოფიკო და 8 წლის სალომე. ბავშვებს აღარ ახსოვთ უბრალო სასუსნავი ბოლოს როდის ჭამეს. დედა, 32 წლის შორენა, თვალცრემლიანი გვიყვება, რომ ფული არც საჭმელზე ჰყოფნით, არც ტანსაცმელზე.

 

მრავალშვილიანი ოჯახი ბათუმის გარეუბანში, ვიწრო, ნახევრად დანგრეულ და ნესტიან სახლში ცხოვრობს. პატარა ქოხი ხუთკაციან ოჯახს ძლივს იტევს. იქ მხოლოდ ერთი ოთახია, რომელიც საძინებელიცაა, სამზარეულოც, მისაღებიც და სხვა დანარჩენიც…

 

“თვითონაც არ ვიცი, ამ ყველაფერს როგორ ვუძლებთ! ქარის ყოველ დაბერვაზე სახლს მარტო სახურავი კი არ ეხდება, კედლებიც ზანზარებს და ხის იატაკი ფეხქვეშ გვეცლება. წვიმის დროს თავზე გვაწვიმს, სახლში მუდმივად ცივა, ბავშვებთან ერთად ვიყინებით – მიუხედავად იმისა, რომ ოთახს ღუმლით ვათბობთ.

 

გუშინ, მაგალითად, ისეთი ქარი იყო, ვერაფრით დავიძინეთ. გვეშინოდა, რომ სახლი თავზე ჩამოგვენგრეოდა. მთელი ღამე შიშში გავატარეთ. იატაკის ფიცრებში უზარმაზარი ხვრელებია და სახლში გველები ძვრებიან. ერთხელ სათავსო გამოვაღე, იქ კი უზარმაზარი, დახვეული გველი იწვა. ჩემი ქმარი რომ არა, რომელმაც დროზე მომისწრო, ალბათ მიკბენდა კიდეც… დღემდე ცუდად ვხდები, რომ მახსენდება!

 

ოჯახის შექმნის ისტორია

 

ჩემი მომავალი მეუღლის რძალთან – მის ძმის ცოლთან ვმეგობრობდი; სტუმრადაც ხშირად მივდიოდი. ერთხელაც, ზაური ესტუმრათ. შემომხედა თუ არა, ჩვენ შორის თითქოს რაღაც ნაპერწკალმა გაიელვა. ნახევარი წელი მეარშიყებოდა, მერე კი ხელი მთხოვა. ასე დავქორწინდით! შესანიშნავი მეუღლე მყავს, ძალიან მზრუნველი, შვილებს აღმერთებს, მუშაობა არ ეზარება, მაგრამ სამწუხაროდ, უმუშევარია…

 

ოჯახის შემოსავალი 

 

სოციალურ დახმარებას ვიღებთ – 300 ლარს და ბავშვთა კვების ვაუჩერს – 90 ლარს. შეგვიძლია სოციალურ სასადილოშიც ვიაროთ. კარანტინის დროს, სასადილო არ მუშაობდა, მაგრამ ზოგჯერ იქიდან პროდუქტებს გვიგზავნიდნენ: ბურღულეულს, მაკარონს… ამის წყალობით გადავრჩით.

 

ეს თანხა საერთოდ არ გვყოფნის! ხშირად არჩევანის წინაშე ვდგავარ: საჭმელი ვიყიდო თუ ტანსაცმელი? ეს ფული როგორ გადავანაწილო, არც კი ვიცი… ნათესავებიც მეხმარებიან და მეზობლებიც – ვისაც როგორ შეუძლია. ისინი რომ არა, არც კი ვიცი, საერთოდ როგორ ვიცხოვრებდით! ხან ტანსაცმელი მოაქვთ, ხან პროდუქტები… უზომოდ მადლიერი ვარ ყველასი!

 

საწოლი, კარადა და გოგონების საოცნებო ვარდისფერი საძინებელი 

 

სახლში საწოლები გვაკლია. ორი პატარა ტახტი მაქვს, რომლებზეც ბავშვებს სძინავთ: ბიჭი მოკეცილი ფეხებით წევს, რადგან უკვე გაიზარდა და ვეღარ ეტევა, მეორეზე კი გოგონები წვანან; ზოგჯერ ძირს ვარდებიან, რადგან ორნი ერთად ვეღარ ეტევიან. მე და ჩემს მეუღლეს კი იატაკზე გვძინავს – ქვეშაგებს და საბნებს ვაფენთ. არადა, ორსულად ვარ! იატაკზე წოლა როგორ შეიძლება?

 

კარადები და სათავსოებიც ძალიან გვჭირდება – ნივთებს ვერსად ვაწყობთ. მაცივარიც არ გვაქვს, ძველი კი გვიდგას, მაგრამ გაფუჭებულია და არ მუშაობს, ამიტომ სურსათს ვერსად ვინახავ. ზოგჯერ საჭმელი გვიფუჭდება, მჟავდება და გადაყრა მიწევს.

 

ბავშვები ძირითადად მაკარონს, ბურღულეულს, წვნიანებს მიირთმევენ, ყველაფერს თხევადს ვაკეთებ. ბოლოს ხორცი, ქათამი ან რძე როდის ვჭამეთ, აღარც კი მახსოვს. ეს ჩვენთვის ფუფუნებაა! ჩემი შვილები ჭირვეულები არ არიან; რაც არ უნდა გავაკეთო, ყველაფერს ჭამენ, მაგრამ მათ ბევრი რამ აკლიათ.

 

მაგალითად, ბავშვები ხედავენ, როგორ ცხოვრობენ მათი თანატოლები; მიყვებიან, რომ სხვა ბავშვები შოკოლადებს ყიდულობენ… ვეუბნები, რომ ტკბილეულის ყიდვას მალე ისინიც შეძლებენ, ოღონდ ცოტა უნდა მოითმინონ… მათი ყურადღების სხვა რამეზე გადატანას ასე ვცდილობ… გული ძალიან მტკივა!

 

8 წლის სალომეს და 12 წლის ირაკლის ოცნებები 

 

“ვოცნებობ ოდესმე სტომატოლოგი გავხდე, რადგან კბილის ექიმობა დედას უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ახლა მე ვიქნები კარგი სტომატოლოგი! ასევე, ვოცნებობ საკუთარი ოთახი მქონდეს: ლამაზი, ვარდისფერი, კარგად მოწყობილი…” – ამბობს სალომე.

 

“ოთახიც გექნება და მთელი სახლიც! აი, ნახავ, გავიზრდები და ჩვენთვის დიდ სახლს ავაშენებ! მაგრამ რაც მთავარია – ბევრზე ბევრ საჭმელს ვიყიდი, რომ ყველას გვეყოს! მინდა მსხვილი ფერმერი გავხდე. ვოცნებობ საკუთარი ფერმა გავხსნა, სხვადასხვა ცხოველები მოვაშენო და ჩვენს საქართველოშიც გავყიდო და სხვა ქვეყნებშიც. ახლახან კურდღლები მაჩუქეს და მათ ვუვლი… ძალიან ლამაზები არიან!” – ამბობს ირაკლი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X