21:55 | 2020-07-14 ავტორი: Prime Time

დედამისი აძალებდა, თორემ არ გათხოვდებოდა… ქმართან რამდენიმე თვე იცხოვრა – ანა კალანდაძეზე წიგნს გამოცემენ

დედამისი აძალებდა, თორემ არ გათხოვდებოდა… ქმართან რამდენიმე თვე იცხოვრა – ანა კალანდაძეზე წიგნს გამოცემენ

87 წლის პოეტი, ვახტანგ ჯავახაძე თავისი უფროსი კოლეგისა და მეგობრის, ანა კალანდაძის დღიურებისგან წიგნს ამზადებს, აგერ უკვე ოთხი წელია.

 

პოეტი წიგნზე ანას ძმისშვილთან და რძალთან ერთად მუშაობს და როგორც „პრაიმტაიმთან“ ამბობს, საკმაოდ დიდი წიგნი გამოდის.

 

ვახტანგ ჯავახაძე: – მარტოსული იყო და წერდა… 72 სქელი რვეულია, კიდე არის დავთრები, თხელი რვეულები. ყველაფერს ვერ დავბეჭდავთ, უხერხულიც არის.

 

ანა თავის დღიურებში ძირითადად დამკვირვებლის როლშია, რაც მოუსმენია, რაც უნახავს, აღრიცხავს ზუსტად და საინტერესოდ.

 

გამორჩეული პიროვნება იყო. თუმცა პირად ცხოვრებაში საკმაოდ უმწეო. ასეა, ნიჭიერ ადამიანს, პრაქტიკული ცხოვრება უჭირს. ასეთი იყო გალაკტიონი და ასეთი იყო ანა კალანდაძე.

„ანა კალანდაძეს გულის ჯიბეში სდებია ჟურნალიდან ამოჭრილი ჩემი სურათი და ჩემს რადიოგადაცემებს საბნის ქვეშ უსმენდა“
2020-06-14„ანა კალანდაძეს გულის ჯიბეში სდებია ჟურნალიდან ამოჭრილი ჩემი სურათი და ჩემს რადიოგადაცემებს საბნის ქვეშ უსმენდა“

 

ერთხელ რძალმა ჰკითხა, ანა, რა დაგემართა, არაფერი გაკლია და რა ცხვირ-პირი ჩამოგტირისო? მას შემდეგ, რაც ჩემი ლექსები დავბეჭდე, ბედნიერი აღარ ვარო. ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა ჩემი ლექსები მხოლოდ ჩემთან იყვნენო, უპასუხია.

 

ხშირად ვურეკავდი და ერთხელ მითხრა, მურმალ ლებანიძის ცოტა მეშინიაო. რატომ-მეთქი? მეშინია წიგნის გამოცემაზე არ დამიწყოს ლაპარაკიო.

 

მარტოობისკენ მიდრეკილი პიროვნება იყო. მე ვიცოდი, რომ ჩანაწერები ჰქონდა. ათი წელი ვეხვეწე და 1995 წელს ორტომეული გამოვეცით. მაშინ მითხრა, კარგი მოგცემ ჩემს ჩანაწერებს და დავბეჭდოთ, ოღონდ პასუხს შენ აგებო. მისი დღიურების ნაწილი პირველად მაშინ დაიბეჭდა.

 

პოეტების დელეგაცია იტალიაში, სიცილიაში გახლდით. სასტუმროში ანა ჩემს გვერდით ნომერში ცხოვრობდა. სადილზე რომ დამირეკავდნენ, გამოვიდოდი და ანას კარზე მივუკაკუნებდი, ანა, გვეძახიან-მეთქი და სასადილო ჰოლში ჩავდიოდი. შვიდი პოეტი ვიყავით და სადილად ვიკრიბებოდით.

 

ანა სულ აგვიანებდა, არადა, პუნქტუალური ქალი იყო და ეს საქციელი მიკვირდა მისგან. ახლა, ამ დღიურებზე მუშაობისას გავიგე, რომ თურმე სასტუმროს ნომერში დღიურებს წერდა. ის ათდღიანი გასტროლი დაწვრილებით აქვს დაწერილი. რაც არ მახსოვდა სიცილიაში გატარებული დღეებიდან, ამ დღიურებისგან გავიხსენე.

 

2020-06-01"მოდიოდა ნინო მთებით" - "თითქოს ფანჯარა გაიღო და სუფთა ჰაერი შემოვიდა" - ანა კალანდაძის ლექსის ისტორია

 

დიდი სიამოვნება ელოდება მკითხველს. ჯერ ვერ გეტყვით როდის გამოვა ეს წიგნი. დღიურებს ვერავის ვანდობთ. წიგნს ანას ძმისშივილი ქეთი აწყობს, მე რედაქტირებას ვუკეთებ. ტემპი ნელია, რადგანაც ქეთი, სამსახურების გამო, დღიურებზე სწრაფად ვერ მუშაობს.

 

ანას ჩანაწერების ტექსტის მესამედი ნაწილი დაშიფრული აქვს. თავისი ანბანი გამოიგონა და ის, რაც სურდა არავის გაეგო, საიდუმლო ანბანით უწერია.

 

როგორც პოეტზე მოგახსენებთ: ანა კალანდაძის პირველმა ლექსებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მოულოდნელი იყო მისი, თუნდაც „მოდიოდა ნინო მთებით“.

 

წარმოიდგინეთ, 1946 წელი, სოციალიზმზე დაწერილი ლექსები და უცებ ანა, თავისი განსხვავებული, რელიგიური თემატიკის პოეზიით. თითქოს ფანჯარა გაიღო და სუფთა ჰაერი შემოვიდა ოთახში.

 

1960 წელს მხატვრული ლიტერატურის რედაქციაში ლექსები რომ მოიტანა, ლენინზე დაწერილი ლექსები ამოვუღე. მაშინ კარგად არ ვიცნობდი.

 

ჩემი ეს საქციელიც საკმაოდ დიდი გაბედულება იყო. დიდი ხნის შემდეგ მითხრა, შენ რომ ლექსები ამომიღე და არ დაბეჭდე, სიკვდილმისჯილ პატიმარს რომ სახლში უშვებენ და ამის არ სჯერა, ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდიო.

 

რაც შეეხება მის პირადს, ანა, მისგან გამომდინარე, გათხოვილი, ვერც წარმომედგინა, მაგრამ ქმართან რამდენიმე თვე იცხოვრა, თუმცა მალევე გაეყარა. რძალი, თინა მეუბნება, დედამისი აძალებდა, თორემ არ გათხოვდებოდაო.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X