19:53 | 2020-05-05 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

დედამაც უარმყო და ქმარმაც – სამი თვის ფეხმძიმე ქალი ქუჩაში რჩება

დედამაც უარმყო და ქმარმაც – სამი თვის ფეხმძიმე ქალი ქუჩაში რჩება

„პრაიმტაიმს“ სამი თვის ფეხმძიმე მარტოხელა ქალმა დახმარების მიზნით მიმართა. 39 წლის ეკა აივაზაშვილი ბავშვთა სახლში გაიზარდა.

 

უამრავი მწარე დღეების შემდეგ, 29 წლის ასაკში მან დედა მოძებნა, ერთად ცხოვრებაც სცადეს, მაგრამ მშობელმა ვერ შემიყვარაო, ამბობს.

 

უპერსპექტივობამ ეკა თურქეთამდე ჩაიყვანა, იქ უკეთესი ცხოვრების შესაქმენლად ჩავიდა.

 

თურქი მამაკაცი გაიცნო და მისგან შვილი გააჩინა. წყვილის გეგმები არ დაემთხვა და ის საქმრომაც მიატოვა.

 

მერე ისევ დაბრუნდა და ოჯახური სითბოს ძიების სურვილმა ისევ იმ მამაკაცამდე მიიყვანა. ისევ სცადეს და ეს ურთიერთობა ისევ კრახით დასრულდა, ეკა ცოლად არ მოიყვანა, ფეხმძიმე თბილისში დაბრუნდა.

 

ახლა, სამი თვის ორსულია, მეგობარმა ის და მისი შვილი დროებით შეიფარა. მალე ეს სახლიც უნდა დატოვოს…

 

ამბობს, რომ თბილისის ქუჩებში მოუწევს ბავშვთან ერთად ცხოვრება. როცა მეორე შვილის დაიბადება, ისიც თბილისის ქუჩების ბინადარი იქნებაო.

 

ბავშვთა სახლში მათ წაყვანაზე უარს ამბობს, რაც მე გამოვიარე, იმისთვის ჩემს შვილებს ვერ გავიმეტებო, უთხრა „პრაიმტაიმს“.

 

„თელავში დავიბადე, ოთხი წელი ჩვილ ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი, იქიდან სენაკის ბავშვთა სახლში გადამიყვანეს, მშობლებმა დაბადებისთანავე მიმატოვეს.

 

სრულწლოვანი რომ გავხდი და იქიდანაც გამომიშვეს, ათი წელი სენაკის ქუჩებში, ოჯახ-ოჯახ გავატარე, ხან სად და ვისთან ვაფარებდი თავს და ხან – ვისთან. მერე თბილისში წამოვედი.

 

29 წლის რომ გავხდი, დამეხმარნენ და დედა მოვძებნე. ტელეფონის ნომერი მეგობარმა გამიგო, დავურეკე და თბილისში ჩამოვიდა, ტუჩებზე მაკვირდებოდა.

 

სამშობიაროში ექიმებს უთქვამთ, რომ მგლის ხახა და კურდღლის ტუჩი აქვსო. სინამდვილეში არცერთი არ მაქვს. ეს გახდა ჩემი მიტოვების მიზეზი.

 

დედამ თითქმის ორწლიანი კონტაქტის შემდეგ მითხრა, რომ ჩვენი შვილი დაიღუპა, შენ აღარ შემაწუხაო. მამა გარდაცვლილი იყო. დედა ახლაც ცოცხალია და ის თელავის რაიონის სოფელ სანიორეში ცხოვრობს.

 

მეორე შვილი ჩემს შემდეგ დაიბადა, ბიჭი ჰყავს. მე მასთანაც ვცადე დაკონტაქტება, მაგრამ თვითონ არ ისურვა, რძალმა სასტიკად გამომლანძღა – წადი და მოგვშორდი, დედამთილის შვილი არ ხარ, ქუჩაში გიპოვესო. მე DNM-ის ანალიზის ფული არ მაქვს, დედას კი არ უნდა გენეტიკური ანალიზი რომ ჩავიტაროთ.

 

2-3 თვე დედასთან სოფელში ვრჩებოდი, კარგი ურთიერთობა გვქონდა, მინდოდა დედა გამეცნო, მაგრამ ვერ შემიყვარა.

 

როცა მითხრა, ჩვენს ოჯახში შენი ადგილი არ არისო, სამუდამოდ წამოვედი დედისგან… უკვე ათი წელი გავიდა.

 

მთელი ბავშვობა ველოდებოდი, რომ სხვა ბავშვების მსგავსად მეც მომაკითხავდნენ, მაგრამ ფანჯრებთან უშედეგოდ გავატარე წლები. იმ საშინელ წამებასა და შეურაცხყოფას მშობლების პოვნის იმედით ვუძლებდი.

 

მათი მოძებნის ერთადერთი მოტივი იყო გამეგო ვისი შვილი ვიყავი, ვინ იყვნენ ისინი და რატომ თქვეს ჩემზე უარი. თუმცა, რა აზრი ჰქონდა მის მოძებნას?! მეორედაც უარმყო.

 

მას შემდეგ რაც თბილისში წამოვედი, კარგ ამინდში თბილისის სხვადასხვა სკვერში ვათენებდი ღამეებს, ყოფილა სექსუალური ძალადობის მცდელობაც, მაგრამ თავს ვიცავდი.

 

როცა ციოდა და წვიმდა ნაცნობის ოჯახში ვაფარებდი თავს. იმ ცოლ-ქმარს სამი შვილი ჰყავს და ადგილიც არ ჰქონდათ…

 

სამი წლის წინ თურქეთში ნაცნობმა გოგონამ წამიყვანა, იზმირში მოვხვდი. იქ თურქი მამაკაცი გავიცანი, მომატყუა სახლში უნდა წაგიყვანოო და ორსული მიმატოვა.

 

შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი თბილისში რომ ჩამოვედი. მაშინაც ჩემი მეგობრები დამიდგნენ გვერდით. სამშობიაროშიც ისინი იყვნენ. ახლა, ჩემი შვილი ორი წლისაა, მეორეზე ფეხმძიმედ ვარ. თავშესაფარში ჩემი ადგილი არ აღმოჩნდა…

 

ახლა, ისევ ჩემს მეგობართან ვცხოვრობ, მაგრამ სახლიდან მიშვებს და არ ვიცი პატარა ბავშვთან ერთად, თანაც ორსული სად წავიდე… ეკლესიაში დავდივარ და იქ პურსა და ერთ ქილა საჭმელს მაძლევენ, ჩემს პატარას რომ ვაჭამო…

 

ჩემი შვილის მამამისგან ახლა სამი თვის ორსული ვარ. აქ რომ ვერაფერი გავაკეთე ისევ თურქეთში წავედით მე და ჩემი შვილი. მითხრა, ვნანობ ჩემს საქციელს, დედაჩემს გაგაცნობ და ჩვენს შვილთან ერთად ვიცხოვრებთო.

 

აღმოჩნდა, რომ მომატყუა. როცა გაიგო მის მეორე შვილს მუცლით ვატარებდი, აბორტის გაკეთება მომთხოვა, არც შენ მჭირდები და არც ეგ ბავშვებიო. მე ამხელა ცოდვის შემეშინდა და პატარა ვერ მოვიცილე.

 

საქართველოში ისევ იმედგაცრუებული, ისევ უარყოფილი და ისევ გაურკვეველ მომავალში ცხოვრებისთვის დავბრუნდი.

 

ალბათ, ისევ ქუჩაში ცხოვრება მომიწევს. ჩემს შვილებს ბავშვთა სახლში ვერ მივიყვან. იქ რაც მე გამოვიარე, მათ იგივეს ვერ გამოვატარებ.

 

ვარკეთილში კორპუსია, სადაც არავინ ცხოვრობს და „პრაიმტაიმის“ მეშვეობით მერიას ვთხოვ, რომ დროებით იქ ცხოვრების საშუალება მომცენ. გამოუვალ სიტუაციში ვარ, დედამაც უარმყო და ქმარმაც..“ – ამბობს ეკა აივაზაშვილი.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

X