22:45 | 2020-05-07 ავტორი: თამარ გონგაძე

დედაჩემი თუ დაგიკავშირდათ, არ დამიმალოთ! – თამუნა მუსერიძე დედას ისევ ეძებს

დედაჩემი თუ დაგიკავშირდათ, არ დამიმალოთ! – თამუნა მუსერიძე დედას ისევ ეძებს

ტელეწამყვან თამუნა მუსერიძემ დედის გარდაცვალების შემდეგ სახლში ორი დაბადების მოწმობა იპოვა.

 

ერთში დაბადების თარიღად 10 აგვისტო წერია, მეორეში – 10 ოქტომბერი.

 

ნათესავები გამოკითხა, ნაშვილები ხომ არ ვარო, ერთი დაიბნა და კითხვითვე უპასუხა, შენ საიდან გაიგეო.

 

ამის შემდეგ ბიოლოგიური დედის მოძებნა გადაწყვიტა. გადაცემა “პროფილიც” მოიშველია, თუმცა ჯერჯერობით ამაოდ.

 

2017 წელს თამუნამ ვიდეომიმართვაც გაავრცელა, სადაც ბიოლოგიურ დედას მადლობას უხდის სიცოცხლის ჩუქებისთვის და იმ ოჯახში მიყვანისთვის, სადაც გაიზარდა.

 

„შეგიძლია ჩუმად გამომეხმაურო, პირობას გაძლევ, პრობლემას არ შეგიქმნი. არ გაგიბრაზდები“ – ამბობდა ორი წლის წინ მიმართვაში ტელეწამყვანი.

 

ამ ხნის მანძილზე თამუნა არაერთ ქალს – “სავარაუდო დედას” შეხვდა.

 

“პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ კვალი აურიეს და დედის საძებნელად სამტრედიისკენ გაუშვეს. მამის ნათესავმა უთხრა, რომ ინფორმაცია მცდარი იყო.

 

თამუნა მუსერიძე:

 

მანამდე კვალი ამირიეს და მითხრეს, რომ თითქოს სამტრედიელია დედ-მამა. ყველა ქალი ვნახე, ვინც სამტრედიაში მუსიკალურ სკოლაში ასწავლიდა.

 

ვისაც მუსიკალური ტექნიკუმი აქვს დამთავრებული. ყველა გვერდში დამიდგა. მივხვდი, რომ სამტრედია უნდა გამომერიცხა…

 

სავარაუდო ქალბატონებს ზოგს პირადად შევხვდი, ზოგს მესენჯერით ვეკონტაქტე, ვინაიდან საქართევლოში არ იმყოფებიან.

 

ერთ ქალზე მეზობელმა დარწმუნებით მითხრა, ეს არის დედაშენიო – ფოტოები გამომიგზავნა.

 

ერთს ოთხთვიანი მოლაპარაკების შემდეგ ჩავაკითხე. კინაღამ მომკლეს, რადგან აღმოჩნდა, რომ ამ ქალს გაშვილებული ჰყავს შვილი, ოღონდ ბიჭი.

 

ყველა მძაფრად რეაგირებს. ერთი-ორი თუ შემხვდა ადამიანურად, ვისაც 1984 წელს შვილი გააშვილა.

 

უმეტესობა უარყოფს და აგრესიით არიან განწყობილნი. ვისაც შვილი გარდაეცვალა, ადამიანურად შემხვდა.

 

ერთ ქალს, ავსტრალიაში ველაპარაკე. ბიჭი ჰყავს გარდაცვლილი.

 

მშობიარობის დღე და რიცხვი არ ახსოვს. ამბობს რომ შვილი იანვარში შეეძინა, მაგრამ ქმარმა შეუსწორა, ოქტომბერშიო.

 

მითხრა, ცუდად ვიყავი, მედდების ლაპარაკი მომესმა, სამართალი სად არისო… ამ ქალს შვილი მოუკვდა და გვერდით პალატაში გოგო შვილს აშვილებსო.

 

დამრჩა ორი რეგიონი – სამეგრელო და გურია. სამეგრელო ნაკლებად მევარაუდება. არ მგონია, რომ მეგრელი ვარ და რა ვქნა?

 

მეგობრების უმეტესობა მეგრელები არიან და მეუბნებიან, რომ შენ მეგრელი არ ხარო. მრჩება გურია, კერძოდ – ლანჩხუთი.

 

სამტრედია რომ ითქვა, მეორე ვერსია იყო ლანჩხუთი. თუმცა დაზუსტებით არც ეს ვიცი, რეალობას შეესაბამება თუ – არა.

 

ერთადერთი რაც ვიცი, არის ის, რომ 1984 წლის სექტემბერში, თბილისის მეორე სამშობიაროში გამაჩინეს. მორჩა!..

 

დაბადების დღეს 10 ოქტომბერს აღვნიშნავ.

 

ბოლო ორი კვირაა განახლდა ეს თემა, ახლა თქვენც შემეხმიანეთ. წელიწადნახევარია არავინ გამოჩენილა. დღე არ გავა ამ თემაზე არ იყოს საუბარი. რა ხდება? ვახ! დედაჩემი თუ დაგიკავშირდათ, არ დამიმალოთ!

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები