17:06 | 2020-07-30 ავტორი: Prime Time

დედა ხმელეთზე სიხარულით ტიროდა, მე – გემზე – 27 წლის მეზღვაური გოგო, რომელმაც სტერეოტიპები დაამსხვრია

დედა ხმელეთზე სიხარულით ტიროდა, მე – გემზე – 27 წლის მეზღვაური გოგო, რომელმაც სტერეოტიპები დაამსხვრია

საზღვაო ქალაქ ბათუმში მეზღვაურის პროფესია ოდითგანვე პოპულარულია. თუმცა ყოველთვის ითვლებოდა, რომ ეს პროფესია ქალისთვის შესაფერისი არ იყო. მხოლოდ რამდენიმე ქალმა შეძლო ამ სტერეოტიპის დამსხვრევა.

 

მათ შორის არის ნათია ლაბაძე, რომლის ოჯახის წევრები, ბიძები და ბაბუებიც მეზღვაურები არიან. მართალია მისი გადაწყვეტილება, გამხდარიყო მეზღვაური ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, მაგრამ ოჯახმა, განსაკუთრებით მამამ, ნათიას არჩევანს მხარი დაუჭირა.

 

ნათია ლაბაძე, 27 წლის: „ბავშვობიდანვე მეზღვაურობაზე ვოცნებობდი. სკოლას რომ ვამთავრებდი, გავიგე, რომ საზღვაო აკდემიაში გამოცდების ჩაბარება გოგონებსაც შეეძლოთ. მე და ჩემმა ძმამ გამოცდები ერთად ჩავაბარეთ და ჩავირიცხეთ.

 

სიხარულისგან მძაფრი ემოციები მქონდა. ჩემი ოცნების ასრულება იწყებოდა. თავიდანვე მთელი ოჯახი გვერდით მიდგას და მგულშემატკივრობს ამ რთულ გზაზე.

 

 

როდესაც ჩემი მეზღვაური ნათესავები თავიანთ ამბებს ყვებოდნენ, ერთი სული მქონდა, რომ მათ მიერ ნანახი და თავს გადამხდარი ამბები საკუთარი თვალით მენახა და განმეცადა.

 

პირველად გემზე 2015 წლის 18 ივნისს, 22 წლის ასაკში ავედი. ეს ოყო ჰონგ-კონგში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ გემზე, რომელიც 365 მეტრი სიგანის და 68 მეტრი სიმაღლის იყო და მას 14 ათასი კონტეინერი ახალი მანქანები გადაჰქონდა. ის მომენტი სტერეოტიპებზე გამარჯვების დღე იყო.“

 

 

ნათიას თავისი პროფესია ძალიან უყვარს. მისი ოჯახის წევრებს შორის არიან კაპიტნებიც, თუმცა – ქალი არც ერთი. ახალგაზრდა მეზღვაურის ოცნებაა, გახდეს პირველი ქარველი კაპიტანი ქალი.

 

„პირველად რომ შევდგი ფეხი გემზე, ცოტა უფრო საშიში მეგონა, იმიტომ, რომ 27 მამაკაცი იყო და ერთადერთი მე ვიყავი ქალი, 22 წლის, სრულიად გამოუცდელი.

 

არ დამავიწყდება კაპიტნის პირველი ფრაზა, ნუ გეშინია, ჩათვალე, რომ ჩვენი და და შვილი ხარ, ყველაფერი კარგად იქნებაო. ყველა გვერდით მედგა, დამეხმარნენ ინგლისური ენის სრულყოფაში, მასწავლეს საზღვაო საქმე და ყოველთვის მამხნევებდნენ. მათ მომცეს საშუალება, უკეთ დავუფლებოდი ჩემს პროფესიას.

 

გაიცანით ქალი, რომელმაც ხაშით ნაშოვნი ფულით ტაძარი ნანგრევებიდან აღადგინა
2020-07-28გაიცანით ქალი, რომელმაც ხაშით ნაშოვნი ფულით ტაძარი ნანგრევებიდან აღადგინა

 

კადეტობით დავიწყე და ახლა კაპიტნის მეორე თანაშემწე ვარ.

 

მართალია, ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა გვიწევს, უფრო მეტად – სულიერის, რადგან შორს ვართ ოჯახებისგან, საყვარელი ადამიანებისგან. მაგრამ რაც იქ ხდება, ის შენით უნდა დაძლიო და ყველაფერს შენით უნდა გაუმკლავდე. თუ გიყვარს შენი პროფესია, ყოველთვის შეეცდები, რომ დაძლიო სირთულეები და წარმატებას მიაღწიო.“

 

ნათიამ კრგად იცის, რომ საზოგადოების დამოკიდებულება მეზღვაური ქალების მიმართ არაერთგვაროვანია. მას თვითონაც არაერთხელ მოუსმენია გამკილავი შეფასებები.

 

თუმცა ამას ყურადღებას დიდად არც მაშინ აქცევდა, როცა ბათუმიდან ერთადერთი მეზღვაური გოგონა იყო. დღეს კი თანდათან უფრო მეტი ქალი ინტერესდება ამ პროფესიით.

 

ნათია არ გამორიცხავს, რომ ის სხვა გოგონებისთვის სტიმული იქნება.

„დასაწყისში ხშირად უთქვამთ, რომ რადგან გოგო ვარ, რაღაც საქმეებს ვერ მანდობენ. თუმცა მე დროთა განმავლობაში დავამტკიცე, რომ ქალისა და მამაკაცის შესაძლებლობები ერთმანეთისგან არ განსხვავდება, მთავარია მონდომება და პროფესიონალიზმი.

 

ერთხელ მე და დედა მეგობართან სტუმრად ვიყავით. ისიც მეზღვაურია. დედას უთხრა, ნათია რომ პირველად ხიდურაზე დავინახე, ძალიან შემეშინდა, რომ ჩვენი სიცოცხლე ამ პატარა გოგონას ებარა, მაგრამ ბოლოს მივხვდით, რომ ის იმსახურებდა ამ ნდობასო.

 

ძალიან ვამაყობ, რომ სხვადასხვა გემზე სულ უფრო ხშირად არიან გოგონები და რადიოში მათი ხმა მესმის. საზღვაო აკადემიაშიც დღეს რამდენიმე გოგონა სწავლობს, ერთი უკვე გემზეა. მე მგონი სტიმული გავხდი იმათთვის, რომ აერჩიათ ეს პროფესია.“

 

ნათია ლაბაძეს გემზე მეტად მნიშვნელოვანი მისია აკისრია. მისი ვალდებულებაა, რომ გემი ერთი პუნქტიდან მეორეში უსაფრთხოდ ჩაიყვანოს. მისმა შრომისმოყვარეობამ და მიზნისკენ სწრაფვამ შედეგი უკვე გამოიღო. 2019 წელს პრეზიდენტმა ის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

 

„25 ივნისს, მეზრვაურთა საერთაშორისო დღეს, როდესაც მე გემზე ვიყავი, დედა ღონისძიებაზე მიიწვიეს და ჯილდო გადასცეს. არც მე და არც დედა არ ველოდებოდით ამ ჯილდოს. დედა სიხარულისგან ხმელეთზე ტიროდა, მე – გემზე.

 

სამწუხაროდ, პანდემიის დროს ჩემს სახლს ხანძარი გაუჩნდა, რა დროსაც ჯილდოც დაიწვა. ძალიან მინდა, მისი აღდგენა მოვახერხო . იქნებ თქვენი საშუალებით მივაწვდინო ხმა პრეზიდენტსა და მთავრობას, რომ დამეხმარონ.“

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X