20:00 | 2020-03-30 ავტორი: მარი ჯაფარიძე

დედა! გამოჩნდი! არ გავამჟღავნებ, რომ შენი შვილი ვარ – გაშვილებული ქალი დახმარებას ითხოვს

დედა! გამოჩნდი! არ გავამჟღავნებ, რომ შენი შვილი ვარ – გაშვილებული ქალი დახმარებას ითხოვს

 

ზეინაბ ზვიადაძე 11 წელია ემიგრანტია. 3 შვილი ჰყავს. მერვე კლასის მოსწავლემ გაიგო, რომ ნაშვილები იყო. მას შემდეგ მოსვენება დაკარგა და ბიოლოგიური დედის ძებნაშია.

 

პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მან თავისი ცხოვრების დეტალებზე ისაუბრა და იმედი აქვს, რომ ჩვენი და ჩვენი მკითხველის დახმარებით დედას იპოვის.

 

– თერჯოლაში გავიზარდე. 6 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა სიმსივნით. ის მაშინ 35 წლის იყო. მამა მასზე 26 წლით უფროსი გახლდათ, ძალიან იდარდა ცოლის სიკვდილი და 9 თვეში თავადაც მიჰყვა. მამის ნათესავებს საერთოდ არ ვუნდოდი – უპატრონო ბავშვთა სახლში ჩააბარეთო, თქვეს და ხელები დაიბანეს. ამიტომ ბიცოლამ მომკიდა ხელი და თავისთან წამიყვანა, მაგრამ ძალიან ცუდად მექცეოდა, გამუდმებით მცემდა, რის გამოც ბაბუამ უკან წამომიყვანა. მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა ჩემი სოფლელი ბიჭი გადამეკიდა და მოსვენებას არ მაძლევდა და ბაბუამ სიტუაციასა და შარს გამარიდა და ისევ დამაბრუნა ბიცოლასთან.

 

ამის მერე ორჯერ გამოვიქეცი ბიცოლაჩემის სახლიდან. რომ მცემა, გამოვვარდი შინიდან და ღამე საღორეში გავათენე. ნოემბერი იყო და ძალიან ციოდა. ღამე ტირილში გავიყვანე და დილით ბაბუასთან დავბრუნდი. ასე გადავდიოდი ხელიდან – ხელში. 7 სკოლა მაქვს გამოცვლილი. ერთი პერიოდი მეორე ბიცოლასთანაც ვიყავი. ის ძალიან კარგი ქალი იყო, ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა და ყველა დროს, როცა რამე მიჭირდა, მხარში მედგა.

 

მერვე კლასში ვიყავი, სოფლის ორღობეში მეზობლები იყვნენ გამოშლილი და მეგობართან ერთად გამოვიარე. ერთმა ვერ მიცნო და იკითხა, – ვისი ბავშვიაო? მეორე მეზობელს წამოსცდა, – ვერ იცანი? ნინელის ნაშვილებიაო. თავზარი დამეცა, საშინელ დღეში ჩავვარდი. პატარა აღარ ვიყავი, რომ ვერ გამეაზრებინა, რა მოხდა იმ წუთას. მეგონა, სამყარო დასრულდა და ცხოვრება გაჩერდა. ძნელია მოვყვე, რას ვგრძნობდი მაშინ.

 

ვერ გავბედე, ბებიასთვის რამე მეკითხა. ისე მოკვდა ბებია, რომ ვერ ვუთხარი, ოჯახის საიდუმლო რომ ვიცოდი. ისე, სიმართლე რომ გითხრათ, რაც წამოვიზარდე, სულ მქონდა ეჭვი, რომ ნაშვილები ვიყავი. ყველა დედისერთას ვეკითხებოდი ხოლმე – თუ გიფიქრია, რომ ნაშვილები ხარ-მეთქი? – არაო, მეუბნებოდნენ, მე კი სულ ვიცოდი, სადღაც, გულის სიღრმეში, რომ გარდაცვლილი დედა და მამა ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ. სულ რაღაცას დავეძებდი სახლში, საბუთებს ვქექავდი, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე.

 

უკვე გათხოვილი ვიყავი და შვილებიც მყავდა, როცა მტკიცედ გადავწყვიტე, ბიოლოგიური დედა მეპოვნა. მოვიძიე დეტალები, მივაკითხე იმ ხალხს, ვინც რაიმე იცოდა ჩემი გაშვილების შესახებ, რაღაცები დავადგინე, მაგრამ ბევრი ვერაფერი.

 

მე ვარ ქუთაისის მესამე სამშობიაროში, საკეისრო კვეთით დაბადებული. ჩემი ბიოლოგიური დედა მაშინ 18 წლის ყოფილა. თუ რატომ დავიბადე საკეისრო კვეთით, ამას ცალკე ისტორია აქვს. როგორც საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა მითხრეს, მიუხედევად იმისა, რომ დედაჩემი  ჩემზე ორსულად იყო, ქალწული გახლდათ და იმისათვის, რომ მის სახელს ჩრდილი არ მისდგომოდა, საკეისრო კვეთით გამაჩინა და კვლავ ქალწულად დარჩა. სამშობიაროში არ სცოდნიათ, რომ ჩემს გაშვილებას აპირებდა. დედაჩემს იქ აკითხავდა ბებიაჩემი (გამზრდელი დედის დედა), როგორც მისი ოჯახის წევრი და ბიძაჩემი (გამზრდელი დედის ძმა) – როგორც მშობიარეს ძმა.

 

დაბადების მოწმობაში მიწერია, რომ დაბადებული ვარ 1968 წლის 17 მაისს, მაგრამ ბებია სულ მეუბნებოდა, რომ არ იყო ეს თარიღი სწორი და ხან 1968 წლის 29 აპრილს მეუბნებოდა, ხან 1969 წლის 29 აპრილს. ზუსტად ვიცი, რომ დაბადების რიცხვი 29 აპრილია, მაგრამ წელი ზუსტად არ ვიცი. დაბადების დღეს სულ მაგ რიცხვში მილოცავდნენ და აღვნიშნავდი. ბებიამ იცოდა ყველაფერი და ვიცი, რომ იცნობდა კიდეც ჩემს ბიოლოგიურ დედას. სამშობიაროშიც მივედი, მაგრამ არქივის მასალების მოცემაზე უარი მითხრეს.

 

ჩემს ბიოლოგიურ დედას სახელი უნდა ერქვას ნელი და ვიცი, რომ ძალიან ვგავარ მას. არის ქართლიდან, მარილისიდან და სავარაუდოდ, არის ეთნიკურად ოსი. კიდევ ვიცი ის, რომ როდესაც ჩემზე იმშობიარა, ანუ 1968 ან 1969 წელს, სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და ვიცი, რომ მას ფული არ აუღია ჩემს გასხვისებაში.

 

ძალიან ძნელია, როცა მთელი ცხოვრება ტყუილში ცხოვრობ და ამხელა საიდუმლო გასდევს თან.

 

უამრავ ადამიანს მივმართე თხოვნით, ეთქვათ, ვინ იყო ჩემი ბიოლოგიური დედა. მივედი იმ ქალთანაც, ვინც ჩარეული იყო ჩემს გაშვილებაში, მაგრამ არ მითხრა, – ვერ გეტყვი, ის გათხოვდა და წავიდა, თავისი ოჯახი აქვს და ვერ დაგანგრევინებო. მისგან გავიგე ისიც, რომ ქალწული იყო დედაჩემი.

 

ჩემი გაშვილების შესახებ ყველაფერი იცის ბიძაჩემმა, რომელთანაც მშობლების გარდაცვალების შემდეგ ვიზრდებოდი, მაგრამ ცოცხალი თავით არ მიმხელს. არა და, მის ერთ სიტყვას შეუძლია, ჩემი ცხოვრება შეცვალოს.

 

ძალიან დიდი წყენა მქონდა ბიოლოგიური დედის მიმართ, რადგან ძალზე მძიმე ცხოვრება გავიარე და ამისთვის გამიმეტა. ჩემი ბედნიერება 6 წლის ასაკში დამთავრდა, როცა გამზრდელი დედა გარდაიცვალა. მანამდე ძალიან ბედნიერი ვიყავი და მანებივრებდნენ უზომოდ, მაგრამ მშობლების გარდაცვალების შემდეგ ბედნიერი დღეები თითებზე ჩამოსათვლელად მახსოვს. როცა ძალიან მიჭირდა სულიერად, მაშინ ვბრაზობდი დედაზე, რომ გამაშვილა, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვბრაზობ, ყველაფერი ვაპატიე.

 

ცდა ბედის მონახევრეა და ვინ იცის, თუ ჩემი ხმა მის ყურს მისწვდა და გაიგებს, რომ ვეძებ, დამიკავშირდეს, თუნდაც თქვენი საშუალებით, ძალიან მინდა ვნახო, თვალებში ჩავხედო, ჩავეხუტო, მისი სუნი შევიგრძნო

 

დედა! გამოჩნდი! პირობას ვდებ, არ გავამჟღავნებ, რომ შენი შვილი ვარ და შენი ოჯახი ამის შესახებ ვერაფერს გაიგებს.

 

ყველას ვთხოვ, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, დამეხმაროს დედის პოვნაში.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X