18:56 | 2020-05-01 ავტორი: თამარ გონგაძე

„დავიჩოქე და ვთხოვე, ჩამეხუტე-მეთქი… აღარ გამიძალიანდა” – რა ისტორიას იხსენებს თეა დარჩია

„დავიჩოქე და ვთხოვე, ჩამეხუტე-მეთქი… აღარ გამიძალიანდა” – რა ისტორიას იხსენებს თეა დარჩია

თეა დარჩია 1 ივნისიდან ცეკვის სახელოსნო „თედასის“ გაკვეთილების განახლებას გეგმავს. ამჯერად, „თედასის“ მოსწავლეებს, სახელოსნოში, სიახლე დახვდებათ. გოგონები ღია სივრცეში იცეკვებენ.

 

უახლეს გეგმებს „პრაიმტაიმს“ თეა დარჩია აცნობს.

 

თეა დარჩია: – ვინაიდან გაზაფხული არ გვქონია, პირდაპირ ზაფხულის დროზე გადავეწყე. ცეკვის გაკვეთილების ლაივები, „ფეისბუქზეც“ და „ინსტაგრამზეც“, მაქვს არა 20 საათზე, არამედ 21 საათზე.

 

ისე აჩქარდა დრო, ოდნავ თუ არ გავასწარით, უკან ვრჩებით. ამიტომ დროს რომ დავეწიოთ, ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ.

 

მაისის ბოლოს, მხოლოდ ჰიგიენის დაცვითა და ზედმეტი მტლაშა-მტლუშის გარეშე, შეგვეძლება ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. მე ამის მჯერა.

 

სტუდიიდან ავდივარ ღია სივრცეში, სადაც მზის სხივების და D ვიტამინის მიღებით ჩავატარებ გაკვეთილებს. ახლა აუცილებელია იმუნიტეტის გაძლიერება. ამიტომ მე და ჩემი გოგონები მზის სხივების ქვეშ ვიცეკვებთ.

 

ღია სივრცეში მონიშნულ, ორ-ორ მეტრიანი მანძილის დაშორებით დავაყენებ მოსწავლეებს და ვირეპეტიციებთ ყოველ დღე. მინდა საღამოს გაკვეთილები 4 საათზე გადავიტანო. გაკვეთილებს დავარქმევ „დეი ფართის“. გვექნება ბევრი ჟანგბადი, მზის სხივი, ხარისხიანი მუსიკა, ცეკვა და სიხარული – ჩახუტების გარდა.

 

ერთი მოსწავლე მყავდა, რომელიც არავის ეხუტებოდა. არადა, ჩვენი გაკვეთილები ჩახუტებით იწყებოდა და სრულდებოდა.

 

ეს რვა წლის ხუჭუჭა და საყვარელი გოგონა ცოცხალი თავით არ მეხუტებოდა. რომ მივუახლოვდი, ისეთი პოზა დაიჭირა, რომ არ ჩავხუტებოდი. რა ხდება, რატომ არ მეხუტები, არ გიყვარვარ-მეთქი? ვკითხე და რა მიპასუხა ერთი წლის წინ ამ გოგონამ?! მე ჩემი ოჯახის წევრების გარდა არავის ვეხუტებიო.

 

მისი აზრი ჩემთვის ყველაზე უპირატესია სამყაროში. დავიჩოქე 40 გოგოსა და მათი მშობლის წინაშე და ვთხოვე, ჩამეხუტე-მეთქი. აღარ გამიძალიანდა, მაგრამ თვითონ მაინც არ ჩამეხუტა, მე ჩავეხუტე.

 

ახლა ვხვდები, რომ ბავშვი წინასწარ ეჩვეოდა იმ მდგომარეობას, რაც ჩვენ ახლა გვჭირს. მახსოვს, მაშინ იმდენი ჩავეხუტე და იმდენი ვჭყლიტე, ეს განცდა სხვებს დღესაც ახსოვთ.

 

თეა დარჩიამ უკვე რამდენიმე დღეა ქართველი ქალბატონებისთვის ახალი გამოწვევა წამოიწყო. „ამყევი” ასე ჰქვია კონცეფციას, რომლითაც მოცეკვავე ყოველ საღამოს ონლაინ ავარჯიშებს და მოძრაობებში აიყოლიებს მსურველებს.

 

მთელი პანდემიის პერიოდში თავისი ვიდეო-ცეკვის გაკვეთილებით, დარჩია, მუდამ აქტიურად ჩანს. სახლში გამოკეტილი ქალბატონებისთვის, მოცეკვავე, სხვადასხვა ცეკვის გაკვეთილს ატარებდა, „იუთუბზე” ტვირთავდა და ასე უმრავალფეროვნებდა თანამემამულეებს კარანტინის ერთფეროვან და უჩვეულო დღეეებს.

 

მოცეკვავე ყოველ საღამოს ფეისბუქგვერდსა და ინსტაგრამზე თავის „მიმდევრებს” პირდება: შეიპინგს, გაწელვებს, მუცლის პრესის, კუნთების გასაღვიძებელ მოთელვებს. კუნთების თავიანთ ადგილებზე დალაგებას. შემდეგ ცეკვა-ტრენაჟით ამ ალაგებულ კუნთებს ააცეკვებს. ყველანი ხერხემლისა და კისრის მალების სასარგებლო ტრენაჟს გაიკეთებთ.

 

„უბრალოდ უნდა ამყვეთ. ცეკვა სხვა რამაა და ცეკვის სწავლა – სხვა. ცეკვის სწავლა უკვე გავიარეთ, ახლა აყოლა ვისწავლოთ და მერე სწავლა მოძრაობას დავამთხვიოთ” – ამბობს დარჩია.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X