08:00 | 2020-04-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დავამზადეთ რამდენიმე დონორის პლაზმა და უახლოეს 1-2 კვირაში გამოვიყენებთ – თენგიზ ცერცვაძე

დავამზადეთ რამდენიმე დონორის პლაზმა და უახლოეს 1-2 კვირაში გამოვიყენებთ – თენგიზ ცერცვაძე

„ჩვენ უკვე დავამზადეთ რამდენიმე დონორის პლაზმა, კიდევ ვაზუსტებთ რაღაცებს და უახლოეს 1–2 კვირაში ამ მეთოდს გამოვიყენებთ“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

ცერცვაძემ აღნიშნა, მკურნალობის ეს მეთოდი მსოფლიოში ჯერ მხოლოდ 2-3 ქვეყანას აქვს გამოყენებული და ამასთან გამოდგება მხოლოდ ის პლაზმა, რომელიც შეიცავს მაღალი კონცენტრაციით დამცავ ანტისხეულებს, ე.წ. მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს.

 

„ასევე, მისი გამოყენება მასობრივად თეორიულად შეიძლება, მაგრამ პრაქტიკულად ეს ვერცერთი ეპიდემიის – ვერც ებოლას, ვერც ღორის გრიპის დროს ვერ მოხერხდა.

 

ეს ხომ არ არის მედიკამენტი რომ მასობრივად აწარმოო, ან თუნდაც ვაქცინა, ვაქცინა რომ შეიქმნება მერე შეიძლება ის მილიონობით დოზა გამოუშვა. აქ თითოეული დონორი უნდა გყავდეს თითოეული შემთხვევისთვის. ერთი დონორიდან ერთი პლაზმა მზადდება, მაგრამ ოცი დონორიდან ერთია გამოსადეგი მხოლოდ“ – აღნიშნა ცერვაძემ.

 

მისივე თქმით, რამდენიმე პლაზმის დასამზადებლად რამდენიმე ათეული დონორი გასინჯეს, რადგანაც სისხლში საკმარისი ანტისხეულები არ ჰქონდათ.

 

„FDA მკაცრად განსაზღვრავს რომ თუ დამცავი ანტისხეულების კონცენტრაცია პლაზმაში რაღაცაზე ნაკლებია, ის პლაზმა გადასასხმელად არ ვარგა. იმიტომ რომ ის ვერ დაიცავს. ტყუილად დონორს გამოართმევ 700–800 მილილიტრ პლაზმას და ის სარგებელს ვერ მოიტანს.

 

მასობრივად ეს მეთოდი ვერ გამოდგება, მაგრამ გამოდგება კრიტიკულ შემთხვევაში, როდესაც სხვა არცერთი მედიკამენტი არ მოგცემს შედეგს და უეფექტო იქნება… იმ ერთეულ შემთხვევებში ადამიანს გადაარჩენს “, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის 517 შემთხვევა დაფქსირდა, აქედან გამოჯანმრთელდა 178, ხოლო გარდაიცვალა 6 პაციენტი.

 

ამასთან კარანტნის რეჟიმში რჩება 5247 ადამიანი, სტაციონარში კი 532 პაციენტს აკვირდებიან.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X