16:40 | 2020-06-03 ავტორი: თამარ გონგაძე

“დაუჯერებელი რამ გავაკეთე” – რა მოიმოქმედა იუბილარმა ნანა შონიამ?

“დაუჯერებელი რამ გავაკეთე” – რა მოიმოქმედა იუბილარმა ნანა შონიამ?

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი – ნანა შონია იუბილარია. ასაკის ციფრებზე საუბარი არ უყვარს, არც ნაოჭებს ებრძვის. პანდემიური კარანტინის დროს სამზარეულოს ათვისებით დაკავდა. მხატვარი მეუღლის გვერდით ხატვას არ ცდილობს, თუმცა იცის, რომ მხატვრობა შესანიშნავი პროფესიაა, მსახიობობისგან განსხვავებით – არავისზე დამოკიდებული.

 

უმცროსმა შვილმა, 15 წლის გაბრიელმა საკუთარი ხელით გაკეთებული სპილენძის სამაჯური აჩუქა და გაახარა. სამკაულების აწყობას თვითონაც აპირებს, თუმცა ჯერ ემზადება, იდეებს აგროვებს.

 

ნანა შონია: – ჯერჯერობით, მიხარია და მერე ალბათ ნელ-ნელა კლებულობს დაბადების დღის სიხარული. ასაკთან დაკავშირებით დასამალი არაფერია, თუმცა ამ ციფრებზე ლაპარაკი არ მიყვარს. ჩვეულებრივი, ბანალური ქალი ვარ, ამ მხრივ.

 

გელა ჩარკვიანს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა -
2020-06-02გელა ჩარკვიანს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა - "ეს საშიშია, ამიტომ ოპერაციის გაკეთება ჯობდა"

 

ღმერთს მადლობა, რომ წლები მემატება, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და ვბერდები. ნაოჭები არავის სიამოვნებს და ხანდახან მეც შევიცხადებ ხოლმე. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ვებრძვი. ვთვლი, რომ ნაოჭებთან ბრძოლა, აბსოლუტურად უაზრობაა. არასოდეს, არავითარი ჩარევა არ ჩამიტარებია. მინიმალურად, მკვებავს ვხმარობ და ვხედავ, მიგდებულიც არ მაქვს, თუმცა ხელოვნურ ჩარევაზე ლაპარაკი ზედმეტია.

 

ნაოჭები მთელი ჩემი ცხოვრებაა და მასთან ბრძოლა მართებულად არ მიმაჩნია. შეიძლება ძალიან სწორადაც იქცევიან, ვინც ხელოვნურად ერევა ნაოჭსაწინააღმდეგო ბრძოლაში. მოკლედ, ჯერჯერობით ამაზე არ მიფიქრია და მერე ვნახოთ. ძალიან თუ დავიჭმუჭნე და გული გაუსკდათ ჩემს დანახვაზე, ან ეკრანზე ცუდად გამოჩნდა ჩემი ნაოჭი, მაშინ ვიფიქრებ ამაზე.

 

პანდემიური კარანტინის პერიოდში ოცნება აიხდინა – ხაჭოს პასკა მოამზადა. მზადებისას აზარტში შევიდა.

 

ნანა: – მწვერვალების დაპყრობას ვაპირებ! მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ხაჭოს პასკის გაკეთებაზე. ჩემი მეგობარი არაჩვეულებრივად ამზადებს. მე ვამბობდი, ოდესმე გავაკეთებ-მეთქი. თან მოუცლელობის გამოც იყო, თან ალბათ მეზარებოდა კიდეც.

 

2020-06-02"როგორც ჟიურის თავმჯდომარემ, მე უნდა შევამოწმო" - რის ჟიურიშია ადვოკატი, მიშიკო რამიშვილი

 

წელს ხომ განსაკუთრებული აღდგომა იყო. დაუვიწყარი ხომ იყო? არასდროს დაგვავიწყდება 2020 წლის აღდგომა. მეც ეტყობა, ქვეცნობიერად, ისეთი რამის გაკეთება მინდოდა, რაც არასდროს გამიკეთებია. ეს იყო ხაჭოს პასკა! ნამცხვრები გამოვაცხე…

 

დაუჯერებელი რამ გავაკეთე – პიცა გამოვაცხე გუშინ! პირველად ჩემს ცხოვრებაში! მეგობრის ქმარმა ტელეფონით მასწავლა და გამოვაცხე. მართალია, შვილისგან პატარა შენიშვნა მივიღე, მაგრამ სიამოვნებით ჭამა. ცოტა სქელი ცომი გამომივიდა. მივხვდი, როგორც უნდა გავაკეთო.

 

იცით კიდევ რას მივხვდი, დეპრესიაში და აპათიაში რომ არ ჩავარდე, რამე უნდა მოიგონო და აკეთო. მით უმეტეს ქალისთვის საქმის მოგონება და კეთება, გაცილებით იოლია.

 

ვფიქრობ, სამკაულის დიზაინზე, თავში მიტრიალებს, მაგრამ ჯერჯერობით მისი რეალიზება ვერ გადავწყვიტე. ქვები და რაღაც აქსესუარები მაქვს ნაყიდი და აწყობას ვფიქრობ. აქამდე ამისთვის არ მეცალა.

 

2020-06-02"მეგობრობას რომელი თანამდებობა წაშლის?" - ცნობილი ოზურგეთელები

 

სამკაულის კარგი შემფასებელი და მატარებელი ვარ, აწყობით იშვიათად ამიწყია. მძივებზე ვფიქრობ. მძივი გაძლევს ფანტაზიაში გასაქანს. ზოგადად, ვერცხლი და ქვები მიყვარს.

 

ხატვა არ მიცდია. ჩემი მხატვარი მეუღლე როგორც ამბობს, საუკეთესო პროფესიაა მხატვრობა. ხელში გიჭირავს ფუნჯი და როცა გინდა, მაშინ დახატე. ჩემი პროფესია დამოკიდებული პროფესიაა, რეჟისოზრზე, თეატრზე, მაყურებელზე დამოკიდებულია. მარტო გიჟივით ხომ არ დაიწყებ თამაშს? მხატვრობა გენიალური პროფესიაა. მაგალითად, ჩემი შვილისთვის, თომასთვის ამ პანდემიურ პერიოდში არაფერი შეცვლილა. ცოლთან ერთად ისევ ისე ზის და აკეთებს ხის ფიგურებს (ცხოველებს, ფრინველებს, თევზებს, ქვეწარმავლებს, მწერებს), როგორც კარანტინამდე.

 

უმცროსმა, გაბრიელმა, დღეს, სახლიდან გასვლის წინ, მაჩუქა მისი გაკეთებული სამაჯური. დიდი ხანია აკაკუნებს, აკაკუნებს, სულ ჩაქუჩის ხმა მესმოდა. ვფიქრობდი, რას აკეთებს-მეთქი. თურმე ჩემთვის სპილენძის სამაჯურს აკეთებდა. ნამდვილად მოულოდნელი იყო. თომასგან სულ ველოდები ხელნაკეთს, გაბრიელისგან არ ველოდი და ასეთი სასიამოვნო სიურპრიზი გამიკეთა.

 

სტუმრებს ელოდებით?

 

– ველოდები. ვინც გარისკავს, მოვა (იცინის).

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X