fbpx
19:01 | 2020-10-13 ავტორი: Prime Time

დასაქმებულები სახლში გავუშვით – ხორცპროდუქტების საწარმო დაიხურა

დასაქმებულები სახლში გავუშვით – ხორცპროდუქტების საწარმო დაიხურა

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლოიდლი“ დაიხურა. ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის 39%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა მიხეილ ოკუჯავამ განუცხადა. 

 

„პრაიმტაიმი” შეეცადა კომპანიასთან დამატებითი ინფორმაციის მოძიებას, მაგრამ ჩვენს კითხვებს „ლოიდლის“ დამფუძნებელმა არ უპასუხა და განაცხადა, რომ სასაუბროდ დრო არ აქვს.

 

„ქარხანა ამ ეტაპზე გაჩერებულია. ყველაფერი ერთად არის მიზეზი, რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა – ლარის კურსი, ნედლეულის ფასი, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება… ჩვენ შედარებით მაღალი ხარისხის პროდუქციას ვაწარმოებდით, შესაბამისად, ფასიც შედარებით მაღალი გვქონდა და covid-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, პროდუქციის რეალიზაცია ისე დაეცა, რომ ამ გაყიდვებით ქარხანა თავს ვეღარ ინახავდა. ამ ეტაპზე წარმოებაში დასაქმებულები სახლში გავუშვით“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

 

კითხვას – შესაძლოა, თუ არა, რომ საწარმომ ფუნქციონირება ისევ დაიწყოს, დირექტორს კონკრეტილი პასუხი არ აქვს…

 

„ვერ გეტყვით… არაპროგნოზირებადი სიტუაციაა და აქედან გამომდინარე, კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ. ხვალ და ზეგ თუ რადიკალურად რაიმე შეიცვალა, რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცვალოს რაღაცები, მაგრამ მოცემულ მდგომარეობაში, არ მგონია. ამ ხარისხის პროდუქციის გამოშვებისას ადეკვატური ფასი რომ დავადო, ლარის კურსის და ხორცის ფასიდან გამომდინარე, იმდენი გამოდის, რომ გამორიცხულია, გაიყიდოს”,- აღნიშნა მან.

 

„ლოიდლის“ დირექტორი კონკრეტულ რიცხვებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ კომპანიის „ზარალი საკმაოდ დიდია“.

 

ბიზნეს-რეესტრის მონაცემებით, შპს „ლოიდლი“ 2005 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიას სამი მესაკუთრე ჰყავს: 42%-ის მეწილე ავსტრიის მოქალაქე თინათინ აფხაიძეა, 39%-ის მეწილე მიხეილ ოკუჯავაა, კომპანიის 19%-ის მფლობელი კი ბესიკ აფხაიძეა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X