15:38 | 2020-04-19 ავტორი: Prime Time

დარჩით სახლში, მე გპირდებით, მივალ ყველა საფლავზე, წყალს ვასხურებ და ,,ქრისტე აღდგას’“ ვიგალობებ – მამა ლუკა

დარჩით სახლში, მე გპირდებით, მივალ ყველა საფლავზე, წყალს ვასხურებ და ,,ქრისტე აღდგას’“ ვიგალობებ – მამა ლუკა

გორის სასაფლაოზე არსებულ ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მოძღვარმა, მამა ლუკა (კარელიძე) მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით გორში, კვერნაქზე არსებულ ყველა საფლავზე მივა და აკურთხებს.

 

მამა ლუკა მრევლს სახლში ყოფნისკენ მოუწოდებს და ჰპირდება, რომ მათ ნაცვლად მივა ყველა საფლავზე. მოძღვრის განმარტებით, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრიას ლოცვა-კურთხევთ, საფლავებს მხოლოდ ერთ სტიქაროსანთან ერთად შემოივლის.

 

,,ქრისტე აღდგა! გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. გორის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, გორისა და ატენის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით მსახურება აღესრულა დილით 07:00 საათზე, ყველა წესის და რეგულაციის დაცვით: სოციალური დისტანციით, პირბადით, ხელთათმანებით, ამ ფორმით აღესრულა სადღესაასწაულო ღვთისმსახურება.

 

მოგეხსენებათ, ჩვენი ყოვლადწმინდა სამების ტაძარი არის გორის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე და სახელმწიფოს მიერ შემოღებული რეგულაციების გამო, ჩვენი ჯანმრთელობის გაფრთხილების მიზნით, იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ ვერაგი დაავადების გავრცელება, დაკეტილია სასაფლაო, ადამიანები ვერ ახერხებენ საფლავებზე გასვლას. მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ყველა ჭირისუფალს, გთხოვთ, დარჩით სახლში, გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას.

 

მე გპირდებით, მივალ ყველა საფლავზე, წყალს ვასხურებ და ,,ქრისტე აღსდგას’“ ვიგალობებ. ის რაც საჭიროა დღეს მათი სულებისთვის აღვასრულებ მე, თქვენს ნაცვლად. თქვენ გთხოვთ, დარჩეთ სახლში, ის რაც საჭიროა გავაკეთებ მე. ერთმანეთის ხელშეწყობით, ერთმანეთის დახმარებით შევძლოთ ამ საშინელი დაავადების დამარცხებას“,- განაცხადა მამა ლუკამ (კარელიძე).

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, სასაფლაოებზე მიმოსვლა აიკრძალა. ასევე, აკრძალა მსუბუქი მანქანების გადაადგილება. დღეს დილიდან, გორში არსებულ ერთადერთ სასაფლაოს შესასვლელში პოლიცია და სამხედრო პირები დგანან. მოქალაქეებს იქ შესვლის უფლება არ აქვთ.

ავტორი: თათია გოლოშვილი

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X