16:59 | 2020-04-27 ავტორი: Prime Time

დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის 15 „დეჟა ვუ“ – საგანგებო რეჟიმების მსგავსებები და განსხვავებები

დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის 15 „დეჟა ვუ“ – საგანგებო რეჟიმების მსგავსებები და განსხვავებები

საგანგებო მდგომარეობა – კრიზისის მართვის ბერკეტი

როცა ქვეყანა მასშტაბური საფრთხის, კრიზისის ან, ხალხურად რომ ვთქვათ, განსაცდელის წინაშე დგას, მთავრობას განსაკუთრებული ბერკეტები სჭირდება მათ დასაძლევად. ამ ბერკეტების კანონიზაციის უფლებას ნორმალურ სახელმწიფოებში მთავრობებს კონსტიტუცია აძლევს – დასაბუთებული მოტივებისა და ავტორიტარიზმისაგან დამზღვევი ვალდებულებებით.

 

კონსტიტუციაში ზუსტად არის განსაზღვრული, რომ საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს: მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის, ან ეპიდემიის დროს…

 

საგანგებო მდგომარეობას შესაძლოა თან ახლდეს ე.წ. კომენდანტის საათი.

 

საკომენდანტო საათი – ქუჩასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა ყოფნის აკრძალვა დროის გარკვეულ მონაკვეთში, რომელიც, როგორც წესი, ცხადდება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. აკრძალვის აღსრულება, როგორც წესი, ევალება საპოლიციო ან საჯარისო პატრულებს. დაკავებულები შეიძლება პირადად გაისინჯონ, აგრეთვე – გაუსინჯონ ნივთები.

 

დეჟავუ ცივილურად

 

 

დღეს, პანდემია საყოველთაო საფრთხეა და საგანგებო მდგომარეობით უხილავ მტერს ვუმკლავდებით. თუმცა, ჩვენს უახლოეს ისტორიაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმები და კომენდანტის საათები ხილული საფრთხის შემცველი მიზეზით, ან მათი ასეთად ფორმულირებით ბევრჯერ შემოღებულა.

 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმები, რაც აქამდე გვინახავს, დღევანდელისგან შინაარსით რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ ზოგიერთი რამ მაინც ქმნის დეჟავუს ეფექტს – მოძრაობის აკრძალვა, ქალაქების დაცარიელებული ქუჩები, მაგისტრალებზე მარხილებისა და ცხენების გამოჩენა, საკომენდანტო წესები…

 

საბედნიეროდ, სხვაობა მაინც დიდია:

 

90-იან წლებში მთავარ საფრთხეს წესების აღსრულება წარმოადგენდა, კომენდანტის საათის დროს ავტომატის ჯერით ჩაცხრილვა არცთუ იშვიათობა იყო, თუნდაც დედაქალაქში.

 

იყო არაორდინალური შემთხვევებიც, მაგალითად: სამეგრელოში ქუჩები ცარიელი იმიტომ იყო, რომ ადგილობრივებს მანქანები წაართვეს, მოროდიორების შიშით, ხალხი საკუთარ მანქანებს ნაწილებად შლიდა და ჭერში აწყობდა. ეზოშიც მარხავდნენ პოლიეთილენით შეფუთულ ნაწილებს, ზოგჯერ – მთლიან მანქანასაც.

 

და მაინც, რამდენჯერ გამოვიარეთ ეს – ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის მოძიება ადვილი არ იყო. საგანგებოდ შევისწავლეთ არაერთი დადგენილება და აქამდე საყოველთაოდ უცნობი დეკრეტი, ვესაუბრეთ ამ მოვლენების მონაწილეებს. აღმოვაჩინეთ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე 15-ჯერ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა (აქედან, ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და საომარი მოქმედებების გამო – 10; დემოკრატიული მანიფესტაციების შეზღუდვის მიზნით – 4 და პანდემიის საფრთხეების ასაცილებლად – 1).

 

რაც შეეხება კომენდანტის საათს, როგორც გაირკვა, ის სპონტანურად და არაოფიციალურადაც ბევრჯერ დაწესებულა. ამიტომ, ქრონოლოგია შესაძლოა არასრული იყოს.

 

15 განსაცდელი

 

1989 წლის 9 აპრილი და მორაგბეები ...

 

1989 წლის 9 აპრილს, 23:00 საათზე თბილისში გამოცხადდა კომენდანტის საათი, რომელიც მოსახლეობას 22:15 სთ-ზე ეცნობა. მანამდე კი, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს.

 

21 დაღუპულს შორის, უმეტესობა ქალები, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ. იყვნენ ბასრი საგნებით დაჭრილებიც (ძირითადად, სამხედრო ნიჩბებით), დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე ადამიანი. დარბევისას გამოყენებული იყო: გაურკვეველი მომწამვლელი გაზი, სასანგრე ნიჩბები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტექნიკა და ტანკები.

 

1990 წლის 16 ოქტომბერს, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის“ აღმასრულებელმა კომიტეტმა (თავმჯდომარე ტ. კულუმბეკოვი) სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე საყოველთაო მობილიზაციისა და გვარდიის შექმნის ბრძანება გასცა. კომიტეტი იმავე დღეს აირჩია ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ.

ამ აქტს წინ უძღოდა დეკლარაციებისა და დადგენილებების ომი: 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭომ მიიღო დეკლარაცია “სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ”. მიღებული დადგენილება, 21 სექტემბერს გააუქმა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა (თავმჯდომარე გივი გუმბარიძე), თუმცა იგივე დოკუმენტი, 16 ოქტომბერს, ოსმა დებუტატებმა განმეორებით დაამტკიცეს.

 

ასევე, ბოიკოტი გამოუცხადეს 28 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებს და დანიშნეს ე.წ „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს” არჩევნები.

1990 წლის 22 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის ახლად არჩეულმა უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს ყველა დადგენილება. მიუხედავად ამისა, 28 ნოემბერს ოსმა დეპუტატებმა ოლქს „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკა“ უწოდეს, ხოლო 9 დეკემბერს მაინც ჩაატარეს “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის” უმაღლესი საბჭოს არჩევნები.

 

ამ ნაბიჯების პასუხად, 1990 წლის 11 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ (ზვიად გამსახურდიას მეთაურობით), გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. იურიდული ძალის არმქონედ გამოცხადდა დანიშნული ე.წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის” უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

უჩა მურღულიას ბლოგი: ზვიად ...

 

სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კანონი “საგანგებო წესების შესახებ”. სწორედ ეს კანონი მოქმედებდა 1997 წლამდე (ედუარდ შევარდნაძის 1997 წლის 7 ოქტომბრის №972 ბრძანებით ძალადაკარგულად ჩაითვალა და ის ახალი რედაქტირებით შეიცვალა).

 

1991 წლის იანვარში მხარეებს შორის სამხედრო კონფრონტაცია დაიწყო. ომი 1992 წლის ბოლოს დასრულდა. გავრცელებული ცნობებით დაიღუპა 4000-მდე ადამიანი, ათიათასობით ადამიანი გახდა იძულებით გადაადგილებული პირი.

 

1992 წლის 2 იანვარს, არაკონსტიტუციურმა გაერთიანება „საქართველოს სამხედრო საბჭომ“ ჯაბა იოსელიანის და თენგიზ კიტოვანის მეთაურობით, თბილისში კომენდანტის საათი გამოაცხადა. თბილისის კომენდანტად დაინიშნა ზაზა ჩაჩავა.

 

New Posts: კიტოვანი: ჯაბა მოკლა ქალმა ...

 

ამას წინ უძღოდა ოპოზიციის შეიარაღებულ ფორმირებებსა და სამთავრობო ძალებს შორის საომარი დაპირისპირება, რომელიც 1991 წლის 22 დეკემბერს დაიწყო.

 

შედეგად, შეიარაღებულმა ოპოზიციამ არჩეული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი მთავრობა თბილისიდან განდევნა.

 

მაშინდელი მონაცემებით, „თბილისის ომს“ 1000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

 

ციხიდან ვადაზე ადრე გასვლის საშუალება მისცეს 8000-მდე პატიმარს, მათ შორის, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს. ამ პერიოდში მოხდა თბილისში მრავალათასიანი მიტინგების სისხლიანი დარბევა ავტომატური იარაღის გამოყენებით.

 

1992 წლის 14 აგვისტოს ვლადისლავ არძინბამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა, რის შემდეგ შეიარაღებულმა აფხაზებმა სოხუმის სტრატეგიული პუნქტები დაიკავეს.

 

ვლადისლავ არძინბა - ვიკიპედია

 

ამ გადაწყვეტილების წინაპირობა: 1991 წლის ოქტომბრიდან აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ არაერთი ანტიკონსტიტუციური დადგენილება მიიღო, მათ შორის, ე.წ. აფხაზური „გვარდიის” შექმნასთან დაკავშირებით. 1992 წლის 25 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო საბჭომ, სპეციალური დადგენილებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა.

 

1992 წლის 10 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭომ (ედუარდ შევარდნაძის ხელმოწერით) გამოსცა დეკრეტი, ქვეყნის მასშტაბით, სარკინიგზო მონაკვეთებზე საგანგებო მდგომარეობის ერთი თვის ვადით გამოცხადების შესახებ (დადგენილება „რკინიგზის ტრანსპორტზე საგანგებო წესების შემოღების თაობაზე”). ამ დადგენილების საფუძველზე აფხაზეთში უნდა შესულიყო საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შეზღუდული კონტინგენტი, კონტროლი დაემყარებინა სარკინიგზო მაგისტრალზე, აღეკვეთა იქ ყაჩაღობისა და ტვირთების გატაცების ფაქტები.

 

14 აგვისტოს, ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ საქართველოს საჯარისო ნაწილებს ცეცხლი გაუხსნა. არძინბამ ხელი არ მოაწერა შეთანხმებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ერთობლივ, 200-200 კაციან აფხაზურ-ქართულ სამხედრო შენაერთებს მდ. ფსოუდან სამეგრელომდე სატრანსპორტო კომუნიკაციები უნდა დაეცვათ.

 

1992 წლის 18 აგვისტოს არძინბას ხელისუფლებამ სოხუმი დატოვა. ქართული შენაერთები კი სოხუმში შევიდნენ; 19 აგვისტოს სეპარატისტებმა გაგრა დატოვეს და იქ ქართული შენაერთები განლაგდნენ (მათ შორის იყვნენ ვადაზე ადრე გამოსული პატიმრებიც).

 

ამ პერიოდიდან, აფხაზეთის ტერიტორიაზე, შეიძლება ითქვას, ორმაგი საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. კომენდანტის საათი სახელმწიფო საბჭომაც დააწესა – სპონტანურად (გაგრაში კომენდანტად დაინიშნა გაგრის “მხედრიონის” მეთაური ბადრი ფირცხელიანი).

 

1992 წლის 6 ნოემბერს, უკვე ლეგიტიმური სტატუსის მქონე ედუარდ შევარდნაძემ ახალი პარლამენტის პირველივე სხდომაზე უფლებამოსილება შეუჩერა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს (ვლადისლავ არძინბას მეთაურობით) და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

ალექსანდრე ჩიკვაიძემ შევარდნაძის ...

 

შეგახსენებთ, რომ ედუარდ შევარდნაძე 1992 წლის 11 ოქტომბრის სახელმწიფო საბჭოს (იგივე პარლამენტის) არჩევნების შედეგად გახდა პარლამენტის თავმჯდომარე, ამავდროულად, სახელმწიფოს მეთაური და მთავარსარდალიც.

 

მანამდე ის სახელმწიფო საბჭოდ გადაკეთებული სამხედრო საბჭოს (კიტოვანთან, იოსელიანთან და სიგუასთან ერთად) მეთაური იყო.

 

ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოწინააღმდეგემ აიღო დაუცველი ქალაქი გაგრა (1992 წლის 2 ოქტომბერი), საიდანაც ქართულმა მხარემ შეიარაღებული შენაერთები გაიყვანა. განიარაღება რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე მოხდა, რომელიც მოწინააღმდეგეებმა დაარღვიეს.

 

სოხუმის კომენტდანტი ჯერ გია გულუა (შინაგანი ჯარის სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური), შემდეგ კი გენო ადამია (თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მეთაური, გენერალი) ხდება.

 

1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგ, ოჩამჩირეში შესულმა ზვიად გამსახურდიამ, აფხაზეთში იურისდიქციის აღსადგენად საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია კანონიერი ხელისუფლების პოზიციიდან გამოაცხადა. ამ დროისათვის, სამეგრელოში უკვე მოქმედებდა კომენდანტის საათი.

 

1992 წლიდან, სამეგრელოში შეზღუდვები პერიოდულად და ხშირად სპონტანურადაც წესდებოდა. ვინ აწესებდა მათ, ან რა დოკუმენტის საფუძველზე, დღეს, მაშინდელი მოვლენების აქტიურ მონაწილეებსაც არ ახსოვთ. ზუგდიდის კომენდანტი იყო ბადრი ზარანდია (ეროვნული გვარდიის საკომენდანტო ასეულის მეთაური – ასე ერქვა თურმე).

 

კომენდანტის საათი მოქმედებდა მხედრიონისა და სხვა შეიარაღებული ფორმირებების შემოსვლის აღკვეთის, რეგიონში კრიმინალთან ბრძოლის, ასევე, სამეგრელოში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებების კონტროლის მიზნით.

 

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ფორმირება უკვე არ ემორჩილებოდა გამსახურდიას ხელისუფლებას, რომელიც ზუგდიდში იყო დაბინავებული (პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი და უზენაესი საბჭო ზუგდიდის გამგეობის შენობაში მუშაობდნენ).

 

ამ პერიოდში გაიტაცეს შევარდნაძის მთავრობის მინისტრები, რის შესახებაც, როგორც ცნობილია, გროზნოში მყოფი გამსახურდია ინფორმირებული არ იყო.

 

1993 წლის 5 ოქტომბერს, აფხაზეთში სამხედრო მარცხის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

ამ დროისათვის, საქართველოში ორხელისუფლებიანობა იყო – შევარდნაძის მმართველობა მდინარე ცხენისწყალამდე ვრცელდებოდა. შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობა ამ ნაწილში მდგომარეობის სტაბილიზაციას (მათ შორის, დევნილთა ნაკადების მიღება-დაბინავებას), გაძლიერებულ კრიმინალთან ბრძოლას და სამეგრელოზე კონტროლის დასამყარებლად მზადებას უკავშირდებოდა.

 

მან მთავარ კომენდანტად გენერალი გელა ლანჩავა დანიშნა.

 

1993 წლის 7 ნოემბერს (5 ნოემბერს ავიაციის მიერ ზუგდიდის, სენაკის, აბაშის, ხობის დაბომბვის შემდეგ) სამთავრობო ჯარი ზუგდიდში შევიდა და სამეგრელოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

ზუგდიდის გამგეობის შენობაში (სადაც აქამდე ბესარიონ გუგუშვილი იჯდა) შტაბის კრებას სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე უძღვებოდა (შტაბის წევრები: მხედრიონის ხელმძღვანელი ჯაბა იოსელიანი, შსს მინისტრი შოთა კვირაია, პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია…).

 

სამთავრობო ძალების მეთაურობა დაევალა სახელმწიფო მინისტრს გივი ლომინაძეს. შტაბის მეთაურად დაინიშნა შევარდნაძის მრჩეველი, გენერალი ვლადიმერ ჩიქოვანი. კომენდანტად – რუსთავის მხედრიონის წევრი ზაზა პაიჭაძე.

 

საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის პირობებში, სამეგრელოს ტერიტორიაზე შემოსული შეიარაღებული ფორმირებები აქტიურად ძარცვავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. იყო სასტიკი მკვლელობებიც.

 

საგანგაშო ფაქტების შესახებ ინფორმაცია ჩიქოვანმა შევარდნაძეს შეატყობინა და თხოვა შინაგანი ჯარის გარდა, სხვა ფორმირებები სამეგრელოდან გაეწვია.

 

ჩიქოვანის თხოვნა შესრულდა. სამეგრელოს მთავარ კომენდანტად დაინიშნა აფხაზეთის შსს მინისტრი დავით გულუა. ზუგდიდში დაინიშნა ახალი კომენდანტი ვიქტორ გობრონიძე (ტრანსპორტის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური).

 

2003 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა ჯარის გამოყენებაზე უარი თქვა.

 

ვარდების რევოლუციიდან“ 16 წელი გავიდა

 

წინაპირობა: 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თბილისში მასობრივი გამოსვლები და „ვარდების რევოლუცია“ მოჰყვა. საქართველოს პარლამენტის შენობა და სახელმწიფო კანცელარიის შენობა ოპოზიციის მომხრეებმა დაიკავეს.

 

საქართველოს მეორე პრეზიდენტი 23 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა. 24 ნოემბერს, აქციის ორგანიზატორმა მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ საგანგებო მდგომარეობა გააუქმა.

 

2003 წლის 24 ნოემბერს აჭარის მეთაურმა ასლან აბაშიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 30 დღის ვადით გამოაცხადა.

 

დადგენილება საგანგებო მდგომარეობის შესახებ ითვალისწინებდა საზღვრებზე (ადმინისტრაციულ საზღვარზეც) კონტროლის გაძლიერებას. შეზღუდვა შეეხო საქართველოს სხვა რეგიონებთან მიმოსვლას, მათ შორის, სარკინიგზოსაც.

 

აბაშიძემ დაგმო თბილისში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუცია და განაცხადა, რომ ამით კონსტიტუციური წყობა დაირღვა.

 

“ჩვენი მოვალეობაა კონსტიტუციური წყობის, ავტონომიის მოსახლეობის და ხელისუფლების დაცვა. ეს ერთადერი სწორი გზაა, რომლის ღალატსაც არ გვაპატიებს არც ხალხი და არც ისტორია”, – განაცხადა ასლან აბაშიძემ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა.

 

2004 წლის 7 იანვარს, ასლან აბაშიძემ მეორედ და ამჯერად უვადოდ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2004 წლის 6 მაისს დასრულდა, როდესაც ასლან აბაშიძე ქვეყნიდან გაიქცა. მანამდე, თბილისიდან სამთავრობო ძალების შემოსვლის შეფერხების მიზნით, აბაშიძის დავალებით ააფეთქეს ხიდები – მდინარე ჩოლოქზე და სოფელ ქაქუთთან.

 

2007 წელს, სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობის დროს ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქების ორგანიზებისათვის, აბაშიძეს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა დეკრეტი თბილისში 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

 

იმედის” დარბევის მიზეზი მის მიერ ...

 

 

პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის თქმით, დროებითი შეზღუდვები დაწესდა დემონსტრაციებსა და მანიფესტაციებზე, ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არეულობის, ძალადობის და ხელისუფლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით დამხობის მოწოდებებზე.
აქციის ძალისმიერად დაშლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აუდიო-ვიდეო მასალები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მოვლენები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იმართებოდა.

 

7 ნოემბერს, ნიღბიანმა პირებმა ტელეკომპანია „იმედი“ დაარბიეს, იმავე დღეს, ტელეკომპანია „კავკასიამაც“ შეწყვიტა მაუწყებლობა. საგანგებო ვითარება და შეზღუდვები 16 ნოემბერს გაუქმდა, თუმცა „იმედი“ დიდხანს არ ფუნქციონირებდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არეულობის დროს 508 ადამიანი დაშავდა.

 

2008 წლის 9 აგვისტოს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და სრული მობილიზაცია გამოცხადდა.
8 აგვისტოს, რუსებისა და ოსების სამხედრო ფორმირებების მხრიდან პროვოკაციებს ცხინვალის მიმართულებით სამხედრო ესკალაცია მოჰყვა.

 

ამასთანავე, რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკა. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა დაიკავეს კოდორის ხეობა. ხუთდღიანი ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარი დამარცხდა.

 

საგანგებო მდგომარეობა საქართველოს ტერიტორიაზე 4 სექტემბერს გაუქმდა. ის გრძელდებოდა ტერიტორიებზე, რომლებიც ამ პერიოდში მიითვისეს ცხინვალისა და აფხაზეთის დეფაქტო მთავრობებმა – ეს იყო ახალგორის რაიონი, საზღვრისპირა ქართული სოფლები და კოდორის ხეობა მთლიანად.

 

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.

 

ახალი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, 2020 წლის 21 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა. 9 დღის შემდეგ კი მთავრობამ საგანგებო რეჟიმით მინიჭებული უფრო მკაცრი ზომები – ქვეყნის მასშტაბით კარანტინი და ღამის 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი აამოქმედა.

 

Coronavirus: What it does to the body - BBC News

 

თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 21 აპრილის ჩათვლით იყო განსაზღვრული, რაც საქართველოს პარლამენტმა საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის 22 მაისამდე გააგრძელა (97 მომხრე – 10 წინააღმდეგი).

 

ამავე ვადით გაგრძელდა პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვებიც.

 

კოვიდ 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით არაერთმა ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მათ შორის – შეერთებულმა შტატებმა, იტალიამ, ესპანეთმა, ესტონეთმა, ჩეხეთმა და სხვებმა.

 

სხვადასხვა ქვენების მთავრობები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაიცვან საფრთხისგან იზოლაციის გზით, რაც ძნელი აღმოჩნდა მოქალაქეებისათვის. კარანტინს საზოგადოება ყველგან არაორდინალურად შეხვდა – პრობლემები, სტრესი, პროტესტი და იქვე – გართობის ახალი ფორმები, ახალი ანეგდოტები, კორონასიმღერები…

 

მსოფლიო კარანტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ადამიანს მაღალი ადაპტაციის უნარი გააჩნია, რომ ცივილიზაციის სიკეთეებით გაზულუქებულ საზოგადოებასაც შეუძლია ცხოვრების წესის ხისტ ცვლილებას გაუმკლავდეს.

 

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობების ტრაგიკულ და სევდიან ისტორიას, აქაც შეიძლება დადებითი ტენდენციის დანახვა – აშკარაა საზოგადოებისადმი დამოკიდებულებაში პროგრესის ტენდენცია, თუნდაც, აღსრულების ნაწილში.

 

ავტორი: რუსუდან ხუბულავა

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +