18:11 | 2021-03-06 ავტორი: თამარ გონგაძე

„დამირეკეს, ვიწყებთო, ბორჯომში ვიყავი და გამოვიქეცი… თუმცა დაწყება ჭირს” – ტრისტან სარალიძე

„დამირეკეს, ვიწყებთო, ბორჯომში ვიყავი და გამოვიქეცი… თუმცა დაწყება ჭირს” – ტრისტან სარალიძე

თეატრებში რეპეტიციები დაიწყო. დამუნჯებულ სცენაზე დადებული სქელი მტვერი გაფანტვას იწყებს და მსახიობები ამ მონატრებული მტვრის ჩაყლაპვას ისევ გააგრძელებენ.

 

რუსთაველის თეატრმა სამაგიდო რეპეტიციები დაიწყო, თუმცა ოფიციალურად და სრულყოფილად ფუნქციონირებას, თეატრი, 15 მარტიდან იწყებს.

 

ტრისტან სარალიძე “პრაიმტაიმთან” აღიარებს, რომ ერთწლიანი შესვენების შემდეგ, დაწყება უჭირს, თუმცა ძალზედ მოხარულია, რომ თეატრმაც “დაუძახა” და სერიალმაც. “ჩცდ”-ს გადასაღებ მოედანზეც მალე აღმოჩნდება.

 

ტრისტან სარალიძე: – უკვე ერთი თვეა რეპეტიციებს გავდივართ. ახალგაზრდა რეჟისორია, “დარეჯანის ორდენები” – ასე ჰქვია პიესას. ერთ-ერთი მთავარი როლი მაქვს, სანტექნიკოსის. ვფიქრობთ, რომ აპრილის ბოლოს ვითამაშებთ.

 

მონატრებული მქონდა მუშაობა. რომ დამირეკეს, რეპეტიციებს ვიწყებთო, ბორჯომში ვიყავი და გამოვიქეცი.

 

ამხელა შესვენების შემდეგ, მოდუნებული რომ ხარ და სხვა რამეზეა გონება გადართული, დაწყება ძნელია. ფეხბურთელს ერთი წელი რომ არ ათამაშო, წარმოიდგინეთ, როგორი ამოვარდნილი იქნება ფორმიდან. მსახიობიც ასევეა.

 

მოკლედ, ახლა გახურების ეტაპია, ნელ-ნელა ფორმაში მოვდივარ.

ავტორი: თამარ გონგაძე


X