18:58 | 2020-03-31 ავტორი: თათია ცუკოშვილი

დამირეკა, საქართველოში რომ არ წავიდე მოვკვდებიო – რა მდგომარეობაში არიან ემიგრანტები იტალიაში 

დამირეკა, საქართველოში რომ არ წავიდე მოვკვდებიო – რა მდგომარეობაში არიან ემიგრანტები იტალიაში 

800 023 დაინფიცირებული, 38 748 გარდაცვლილი და 169 995 გამოჯანმრთელებული. ასეთია კორონავირუსის ბოლო მონაცემები მსოფლიოში.

 

ყველაზე მძიმე სურათი ევროპის მასშტაბით იტალიასა და ესპანეთშია.

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა როგორია ემიგრანტების მდგომარეობა ქვეყანაში, რომელიც თითქმის ორი კვირაა სრულიად ჩაკეტილია.

 

ამ და სხვა კითხვით, ჩვენ ქართველ ემიგრანტს, ირმა ბელქანიას დავუკავშირდით, რომელიც უკვე რამდენიმე წელია იტალიაში, ქალაქ ნაპოლში ცხოვრობს და ქართველებს სამსახურის ძიებაში ეხმარება.

 

დასაქმება: „სიტუაცია უფრო დამძიმდა“

 

„ათი დღის წინ სულ სხვა მდგომარეობა იყო. ახლა სხვაა. სიტუაცია უფრო დამძიმდა. არის საშიშროება, რომ ეს ყველაფერი ჩვენს მხარესაც გადმოვიდეს. ადრე თუ უფრო მეტად ვეხმარებოდით ერთმანეთს, ახლა იმდენს ვეღარ ვახერხებთ.

 

გართულდა ერთმანეთთან მისვლა. გადაადგილება ფაქტობრივად არ შეიძლება. ცოტა ცუდ დღეში აღმოვჩნდით. ჩემთან, ორ სხვადასხვა სახლში 30-მდე ქართველია, რომელიც დაუსაქმებელია. ისინი ვინც ბოლო პერიოდში ჩამოვიდნენ ან ვინც, აქ ცხოვრობდნენ და „ბებია“ გარდაეცვალათ.

 

მათ ის გოგოები ეხმარებიან, რომლებიც მუშაობენ. დღესდღეობით შიმშილი არ გვემუქრება. უბრალოდ, მყავს ისეთი გოგოები, რომლებსაც დაბრუნება უნდათ. აქამდე არ გვითხოვია და ვაპირებ მთავრობას მივმართო, რომ რაღანაირად მათ დაბრუნებაში დაეხმარნონ.

 

გვესმის, რომ მძიმე სიტუაციაა და მარტო საქართველოს მხარე ამას ვერ შეძლებს. ყველაფერი ჩაკეტილია. ეს საკითხი ორივე მხარემ უნდა გადაწყვიტოს. გვყავს რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომელთაც დაბრუნება აუცილებელია. ამ ყველაფერმა მათზე ძალიან სხვანაირად იმოქმედა.

 

მათი ნერვები ამ ყველაფერს ვერ უძლებს. ადრე თუ რაღაცნაირად ვამხნევებდით დღეს, ეს უკვე შეუძლებელია. ძალიან ჭირს. მოსმენაც უჭირთ უკვე“.

 

ქალმა დამირეკა, ირმა, რომ „არ წავიდე საქართველოში მოვკვდებიო“

 

„არის რისკი, რომ ზოგიერთი სამსახურის გარეშე დარჩეს. მაგალითად, ერთს უთხრეს, რომ ამ თვეში ხელფასს ვერ გადაუხდიდნენ. რამდენიმეს 100 ევრო დააკლეს.

 

რაც მოვახერხე ის იყო, რომ ოჯახში დავრეკე და ვუთხარი, რომ აუცილებელია ყოველთვიურად კუთვნილი ანაზღაურება მისცენ. ახლა უკვე სხვა პრობლემაცაა, რომლებმაც ხელფასი აიღეს, მუშაობენ და  საქართველოში ფულს ვეღარ აგზავნიან . მათ გარეთ გასვლის საშუალება არ აქვთ.

 

იტალიელები პირად ანგარიშზე ქართველს თანხას ვერ გამოუგზავნიან, რადგან მითითებული უნდა იყოს დანიშნულება. „საჩუქარს“ კი, ყოველ თვე ვერ გააგზავნი.

 

ხელფასი ბევრს აღებული აქვს, მაგრამ საქართველოში ოჯახს ვერ უგზავნის. მე რამდენიმესთან მივედი ტაქსით, ფული გამოვართვი და გამოვგზავნე, მაგრამ არიან გოგოები რომლებიც ერთმანეთისგან შორს ცხოვრობენ.

 

ეს ყოველთვის ვერ ხერხდება, რადგან გადაადგილებაც შეზღუდულია და ზოგიერთი გოგოც შორს ცხოვრობს. მაქსიმალურად ვცდილობ მათთან კომუნიკაცია მქონდეს.

გუშინ ერთმა ქალმა დამირეკა. მაღალი წნევა ჰქონდა. მადლობა უფალს, რომ ახლოს ცხოვრობდა. წამლები მოვუტანეთ. როცა შორსაა რა გავკეთო. როგორ უნდა წამოვიყვანო იქიდან. ბევრი ხელისშემშლელი რაღაცაა.

 

ბევრი ადამიანი, რომელიც მირეკავს და მეუბნება, თუ არ წავალ ირმა, მე მოვკვდები. მყავს ასეთი ხალხი. არ მინდა სპეკულაცია იყოს, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს ხალხი საქართველოში დაბრუნდეს. აუცილებლია, რომ ერთი რეისი დაინიშნოს. ბევრს აღარ შეუძლია მუშაობა. ფსიქოლოგიურად ცუდად არიან“.

 

ჩვენ მეორე ემიგრანტი, ქეთევან ხუციშვილიც ჩავწერეთ, რომელიც უკვე მეორე წელია მილანში ცხოვრობს და ფაქტობრივად, „მოვლენების ეპიცენტრში“ უწევს ყოფნა.

 

ოჯახს საქართველოში ფულს ვერ ვუგზავნი 

 

„უკვე ორი წელია აქ ვარ. სიტუაცია აქ, უკვე ძალიან რთულია. არ ვიცი, როდემდე გაგრძელდება ასე. გოგოებს 100 ევრო დააკლეს. მე მითხრეს, რომ თუ ასე გაგრძელდება სიტუაცია შეიძლება ან ხელფასი დაგაკლოთ, ან შენი თავი აღარ დაგვჭირდესო.

 

გარეთაც ვერ გამოვდივარ. ფულსაც ვერ ვუგზავნი ოჯახს საქართველოში. არ ვიცი, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ასე. 5 დღეში ერთხელ გავდივართ გარეთ. ისიც მხოლოდ პროდუქტისთვის. თუ დაგვიჭირეს ციხე ან ჯარიმაა. აქ ყოფნა, უკვე ძალიან საშიშია“.

 

 

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 100 ათასს გადაცდა. COVID-19 102 ათას ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 11 660 გარდაიცვალა, 14 620 კი გამოჯანმრთელდა.

 

 

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

 

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს კი დადასტურდა, რომ ახალი კორონავირუსი გადამდებია. 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X