fbpx
23:18 | 2020-08-20 ავტორი: მარი ჯაფარიძე

დაკრძალვის დღეს მამამ გვითხრა, მომილოცეთ, დღეს ჩემი შვილის ქორწილიაო – როგორ ეძებენ უგზოუკვლოდ დაკარგულ ოჯახის წევრებს საქართველოში

დაკრძალვის დღეს მამამ გვითხრა, მომილოცეთ, დღეს ჩემი შვილის ქორწილიაო – როგორ ეძებენ უგზოუკვლოდ დაკარგულ ოჯახის წევრებს საქართველოში

საქართველოში შეიარაღებულ კონფლიქტებს უამრავი ადამიანი შეეწირა. ომის დროს გარდაცვლილი, ბევრი სამხედრო თუ სამოქალაქო პირი უგზოუკვლოდ დაკარგულადაა მიჩნეული და ოჯახები დღემდე ეძებენ ახლობლების საფლავებს.

 

ხდებოდა ისეც, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებულთაგან ბევრი ამოუცნობი პირი იყო და მათ ძმათა სასაფლაოზე ისე მარხავდნენ, რომ ვინაობაც კი არ იყო გარკვეული.

 

ამჟამად სახელმწიფო სრულადაა ჩართული უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მოძებნასა და გადმოსვენებაში.

 

როგორ ხდება უცნობი პირების იდენტიფიცირება და გადმოსვენება, ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მოძებნისა და გადმოსვენების სამმართველოს უფროსი, ნათია შეროზია უყვება.

 

 

ის თავადაც აფხაზეთიდან დევნილი გახლავთ, თუმცა, 2 წლის იყო, როცა მისი ოჯახი თბილიში წამოვიდა. 2016 წლიდან იყო ჩართული დაკარგულ პირთა მოძიებაში, ახლა კი დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და ამ პროცესებში უშუალოდაა ჩართული.

 

– ბოლოს ამოცნობილი 13 პირიდან, 15 აგვისტოს დავკრძალეთ, 12 ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული გახლავთ. მათი მოძიება მოხდა გულრიფშში, სოხუმსა და ოჩამჩირეში.

 

მეცამეტე პირის ექსჰუმაცია მოხდა სოფელ ლისის საგვარეულო სასაფლაოზე, რადგან ოჯახს წლების განმავლობაში აწვდიდნენ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს, ახლობლის შესახებ და ისიც კი უთქვამთ, რომ მათი ოჯახის წევრი ცოცხალია.

 

შესაბამისად, არ იყვნენ დარწმუნებული, რომ საგვარეულო სასაფლაოზე ნამდვილად მათი ოჯახის წევრი იყო დაკრძალული და მოგვმართეს თხოვნით, ჩაგვეტარებინა იდენტიფიცირება.

 

მოხდა საფლავის ექსჰუმაცია, ნეშტი გადავასვენეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. გაირკვა, რომ გარდაცვლილი ნამდვილად მათი ოჯახის წევრი იყო და 15 აგვისტოს დავკრძალეთ ძმათა სასაფლაოზე.

 

საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგულად 2352 ადამიანი მიიჩნევა. მათ შორის არიან როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები.

 

ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებაა, იცოდეს დაკარგული ახლობლის ბედი და ადგილსამყოფელი. ამისთვის საქართველოში წითელი ჯვრის ორი საკოორდინაციო მექანიზმი არსებობს:

 

ერთი გახლავთ ქართულ-აფხაზური, სადაც ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მეორე – ქართულ-ოსურ-რუსული პლატფორმა, სადაც სახელმწიფოს ინტერესებს უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს.

 

ამ მექანიზმების ფარგლებში, მხარეებს შორის შეხვედრები და მოლაპარაკებები მიმდინარეობს წელიწადში ორჯერ. შეხვედრას თავმჯომარეობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

 

განიხილება უგზოუკვლოდ დაკარგულთა სიები, სამარხების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია, ექსჰუმირების გეგმის გაცნობა, თუ რომელი სამარხი უნდა გაიხსნას ამა თუ იმ წელს. მექანიზმის ფარგლებში ფუნქციონირებს ანთროპოლოგიური სამედიცინო ექსპერტიზის სამუშაო ჯგუფი. საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2013 წლიდან, ექსჰუმირებულია 563 ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 191 პირი.

 

 

აქედან აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაკარგულია 176, ხოლო 15 – აგვისტოს ომის შედეგად დაკარგული.

 

ძებნის პირველი ეტაპი ის გახლავთ, რომ ოჯახები ჩვენ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მოგვმართავენ ახლობლების მოძიების თხოვნით. განცხადებები ჩვენთან გადის ფილტრს და თუ პროგრამასთან შესაბამისობაშია, მაშინ ვიწყებთ ძებნას.

 

დაკარგულები სამ კატეგორიად იყოფიან: პირველი, როცა საერთოდ უცნობია, ცოცხალია თუ გარდაცვლილი, მეორე კატეგორია: როცა ოჯახმა იცის გადმოცემით, რომ გარდაცვლილია, მაგრამ არ იცის, სად არის სამარხი და მესამე კატეგორია: როცა ოჯახმა იცის, რომ გარდაცვლილია ახლობელი და სამარხთან დაკავშირებითაც, სავარაუდო ინფორმაცია აქვთ.

 

 

თუ პროგრამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ამის შემდეგომ წითელი ჯვარი ახორციელებს ოჯახის წევრის დნმ-ის ნიმუშის შენახვას (პროფილირება), თანხას იხდის სახელმწიფო, ხოლო ახორციელებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. შემდეგ ერთიანი ბაზა ინახება ზაგრების ლაბორატორიაში.

 

როცა ზუსტად ვიცით, რომელი სამარხი უნდა გაიხსნას, წითელი ჯვრის მიერ დაქირავებული არგენტინელი ანთროპოლოგების ჯგუფი ჩამოდის და ისინი ახდენენ ექსჰუმაციას. როდესაც მიცვალებულის ექსჰუმირება მოხდება, შემდეგ ხდება მისი დნმ-ის შედარება ბაზაში არსებულ ნიმუშებთან და როდესაც 99,9%-ით ხდება დამთხვევა, ამის შემდეგ ვაწვდით ინფორმაციას ოჯახსა და სახელმწიფო უწყებებს.

 

შემდეგ იწყება დაკრძალვის ცერემონიისთვის მზადება, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ერთვება.

ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, როცა აფხაზი მეომარი იყო უგზოუკვლოდ დაკარგული და მის სამარხს სვანეთში მივაგენით და იდენტიფიცირებასა და გადასვენებაში დავეხმარეთ.

 

ოჯახის წევრების მოლოდინი ძალიან დიდია ხოლმე და გარდაცვლილის გადმოსვენების შემდეგ მათ უმეტესობას რაღაც, გაორებული გრძნობა ეუფლება. წლების წინანდელი ტკივილი ისევ ახლდება, ჭრილობა ისევ იხსნება, მაგრამ მეორე მხრივ, შვებას გრძნობენ, რომ ოჯახის წევრის საფლავი აქვთ, სადაც შეუძლიათ მივიდნენ და პატივი მიაგონ.

 

ბოლოს გადმოვასვენეთ პირი, რომელიც წლები იძებნებოდა. დაკრძალვის დღეს მამამ გვითხრა, – მომილოცეთ, დღეს ჩემი შვილის ქორწილიაო.

იყო შემთხვევა, როცა ოჯახს ეგონა, რომ თავისი შვილი ჰყავდა დამარხული საგვარეულო სასაფლაოზე. ჩვენ გვქონდა ამ ოჯახის დნმ-ის მასალა, რომელიც ერთ-ერთ სამარხში აღმოჩენილი მიცვალებულის დნმ-ს დაემთხვა. აღმოჩნდა, რომ მათ სხვისი მიცვალებული დაკრძალეს. მათ გადავეცით შვილის ნეშტი. შემდეგ იმ მიცვალებულსაც გამოუჩნდა პატრონი და გადაასვენეს ოჯახის წევრებმა.

 

უგზოუკვლოდ დაკარგულთა ბედისა და ადგილსამყოფელის გარკვევის პროცესის წარმატებისთვის, გარდა სახლმწიფოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციისა, დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ჩართულობასაც და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთხოვო ყველას: თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს გაუჩინარებულ პირებზე, აუცილებლად მოგვაწოდონ. შესაძლოა, მათ მიაჩნდეთ, რომ ეს ინფორმაცია უმნიშვნელოა, მაგრამ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი აღმოჩნდეს ამა თუ იმ პიროვნების მოძებნის საქმეში.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X