fbpx
14:41 | 2020-04-28 ავტორი: თამარ გონგაძე

“დაკეტილ კაფეებში, მთავრობა 124 ლარის გადახდას მთხოვს” – ასმათ ტყაბლაძეს ელექტრო-ენერგია გაუთიშეს

“დაკეტილ კაფეებში, მთავრობა 124 ლარის გადახდას მთხოვს” – ასმათ ტყაბლაძეს ელექტრო-ენერგია გაუთიშეს

მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო, მის ორ დაკეტილ კაფე-ბარს ელექტრო-ენერგიის მიწოდება შეუზღუდეს. მიზეზად – დასუფთავების მომსახურების გადაუხდელობა სახელდება.

 

როგორც მსახიობი “პრაიმტაიმთან” აცხადებს, მას ამ პერიოდში დასუფთავებისთვის გადასახდელი არაფერი ჰქონდა, რადგანაც უკვე ორი თვეა კაფეები დაკეტილი აქვს.

 

ასმათ ტყაბლაძე: – ახლა მივიღე ესემესი, რომ კაფეებში შემიწყდა ელექტრო-ენერგიის მიწოდება, რადგანაც გადახდილი არ მაქვს დასუფთავების გადასახადი. ერთ კაფეში 67 ლარი, 57 ლარი – მეორეში. დღეს უნდა გადამეხადა და რადგან არ გადავიხადე, გამითიშეს სინათლე.

 

ეს გათახსირებული მთავრობა, პანდემიის დროს დაკეტილ კაფეებში 124 ლარის გადახდას მთხოვს და დენს მითიშავს.

 

პრეტენზიის შემთხვევაში დაგვიკავშირდითო და მითითებულ ნომერზე დავრეკე. ავტომოპასუხე ჩაირთო – მეთექვსმეტე ხართ რიგში, მეთორმეტე ხართ რიგშიო და მერვეზე რომ გადავედი, გაითიშა. თავიდან დავრეკე და მაინც არავინ მიპასუხა…

 

კამერა მაქვს კართან, რომ კაფე არავინ გატეხოს და არ შევიდეს. ახლა კამერაც გაითიშებოდა! იძულებული ვარ, როგორმე გადავიხადო, რომ კამერა ჩაირთოს. მეტი გზა არ მაქვს, მაიძულეს, ყელში წამიჭირეს.

 

ამ დროს მთავრობა ამბობს, ხალხს ვეხმარებითო და რაღაც გადასახადებისგან გაგათავისუფლებთო. დაკეტილი კაფე-ბარების ნაგვის გადასახადებს აწესებენ და მაჯარიმებენ. რომ არ დამეკეტა, 1500 ლარით დამაჯარიმებდნენ. მარტო მე ხომ არ ვარ ამ დღეში. მაგრამ მე თქმა არ მეშინია, სხვებს – ეშინიათ…

 

დასუფთავების გადასახდიც არასწორად აქვთ დაწესებული. შესამოვლის მიხედვით უნდა იყოს პროცენტული, ამ დროს სკამების მიხედვით გვახდევინებენ, სკამი – 3 ლარი თვეში. მერიაშიც მქონდა ამაზე საჩივრის წერილი გაგზავნილი და საკრებულოშიც. რა ვქნათ წინა მთავრობამ დააწესაო, ეს იყო პასუხი.

 

წყალზე ბევრად მეტს ვიხდით კაფეებში, ვიდრე სახლებში. აი, ასე ყვლეფენ ხალხს.

 

მივწერე, დავკეტე ბარი და დასუფთავების გადასახი მომიხსენით-მეთქი. წყალი და დენი ისედაც მრიცხველზეა და არაფერი რომ არ იწერება, შესაბამისად, გადასახადიც არაფერია. ორჯერ მომივიდა მესიჯი, გადაიხადეთ დასუფთავების გადასახადი, თორემ დენს გაგითიშავთო.

 

მსახიობს დასაქმებული ჰყავდა რამდენიმე ადამიანი, კაფეებსა თუ ოჯახში. ახლა კი უშემოსავლოდ დარჩენილ ადამიანებზე ძალიან სწუხს.

 

ასმათი: – დამლაგებლებსა და ძიძებზე დახმარებას ვერ გავცემთო, ითქვა. ამ ადამიანებმა, რომლებიც არც თუ ცოტანი არიან ჩვენს ქვეყანაში, რა ქნან, შიმშილით მოკვდნენ? ჩემთან ძიძაც დადიოდა და დამლაგებელიც. დამლაგებელი ჩემ დასთანაც დადიოდა და ჩემს მეგობრებთანაც. ამ ხალხის დახმარების გარეშე დატოვება ძალიან არასწორია და სასწრაფოდ მიხედონ ამ თემას. დახმარებას რომ ითხოვენ ევროკავშირიდან, ამ ხალხის გამოსაკვებად გამოიყენონ.

 

ვერც ძიძას ვუხდი და ვერც დამლაგებელს. უკვე მცალია და ბავშვთან მე ვარ. ასი ლარი მივეცი ქალს, რომელიც ჩემთან მუშაობდა. მის ოჯახში ყველა უმუშევარია, რას ეყოფობა ეს თანხა? ერთს 50 ლარი გადავუხადე, ერთს – 40 ლარი. პენსიიდან ერთი ლარი თუ ჩემთვის დამეტოვებინოს, შვილიშვილს გეფიცებით. ნეტა რას ჭამენ, როგორ არიან-მეთქი, ვფიქრობ ჩემთან მომუშავე ყველა პერსონალზე. ერთს ვუთხარი, გზები რომ გაიხსნება, ყოველდღე მოდი ჩემთან, გასადილებ-მეთქი. მარტოხელაა და ვიცი, რომ საჭმელი არ აქვს. მე რა გავაკეთო, თვითონ აღარ მაქვს შემოსავალი? სახლს ხომ არ გავყიდი? ამ ადამიანებს მთავრობამ უნდა დაეხმაროს.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X