19:21 | 2020-04-22 ავტორი: თამთა თორდია

დაგვეხმარეთ, ნუ გამიხდით დედას გადმოსასვენებელს! – ათენში მცხოვრები ქართველი ქალი დახმარებას ითხოვს 

დაგვეხმარეთ, ნუ გამიხდით დედას გადმოსასვენებელს! – ათენში მცხოვრები ქართველი ქალი დახმარებას ითხოვს 

ათენში მცხოვრები ქალი დალი ჭინჭარაული დახმარებას ითხოვს.

 

როგორც ის „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, 12 წლის უნახავი დედა, ათენში დეკემბრის თვეში ჩამოიყვანა, თუმცა კორონავირუსის გამო მისი სამშობლოში დაბრუნება ვერ ხერხდება.

 

„დედაჩემს მარილები აქვს, სახსრები აწუხებს და მარტო სახლში ცუდად ხდებოდა. ზამთარში გადავწყვიტე ჩამომეყვანა ათენში, თან მე ოპერაცია უნდა გამეკეთებინა და ვიფიქრე 12 წლის უნახავი დედა გვერდზე მეყოლება-თქო.

 

ის 19 მარტს საქართველოში უნდა ყოფილიყო. 17 მარტს გამოცხადდა, რომ „ეგეოსმა“ ავია მიმოსვლა გააუქმა. ამ დღის მერე ყვლგან ვრეკავ და ვეუბნები, რა სიტუაციაშიც ვართ, მაგრამ ამაოდ.

 

გავითვალისწინებთო, სულ მაგას მეუბნებიან. დაინიშნა ფრენები, ღამეები ვათენეთ, მაგრამ მაინც არ დაგვირეკეს და დილით მოგვწერეს, რომ დედაჩემი ვერ მოხვდა სიაში“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ დალი ჭინჭარაული.

 

დალის დედა 67 წლის ქისტაური მზიაა, რომელსაც უკვე სამშობლოში დაუბრუნებლობის გამო ღამეები არ სძინავს და ძალიან ნერვიულობს.

 

„დედაჩემი უკვე ძალიან ნერვიულობს, მას წნევებიც აწუხებს, ღამე საერთოდ არ სძინავს.

 

ლოგინში არ წვება. ყველას ვემუდარები – დაგვეხმარონ.

 

ისეთი ტრავმები გვაქვს გადატანილი, პლუს სახლი გაგვიტეხეს გარდაბნის რაიონში, სოფელ გამარჯვებაში და ღამეები ამის გამო საერთოდ არ სძინავს.

 

სულ იმას იძახის სახლი ასე გამიუბედურესო.

 

24 მარტიდან საჭმელსაც არ ჭამს. ჩემი შვილი მიდის საწოლთან და ამოწმებს – სუნთქავს თუ არა ბებიამისი.

 

გთხოვთ ყველას დამეხმარეთ ბილეთის შესყიდვაში და დედაჩემი დავუბრუნო სამშობლოს, მის მიწა-წყალს.

 

12 წლის უნახავი დედა სასიკეთოდ ჩამოვიყვანე და უარესი დავმართე.

 

დამეხმაროს საელჩო, ნუ გამიხდით დედას გადასასვენებელს.

 

ჯვარი სწერია და შეიძლება ვერც გადმოვასვენოთ“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას დალი ჭინჭარაული.

 

ათენში სპეცრეისი ამჯერად 5 მაისს დაინიშნა. როგორც ირკვევა, ჩვენმა რესპონდენტმა ბორტზე ადგილი ვერც ამჯერად იპოვა.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები