fbpx
18:02 | 2020-08-17 ავტორი: თამარ გონგაძე

“დადიოდა და ღორებს თავის მარგალიტებს გვიყრიდა…” – ზუზუს გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა

“დადიოდა და ღორებს თავის მარგალიტებს გვიყრიდა…” – ზუზუს გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა

ორი წელი გავიდა მსახიობის, ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებიდან. 2018 წლის 17 აგვისტოს მსახიობი მეგობრის სახლის ლიფტში გულის შეტევით გარდაცვლილი იპოვეს…

 

ზუზუს სოციალურ ქსელში იხსენებენ მისი მეგობრები. ვერიკო ტურაშვილი წერს: 2 წელი ზუზუს გარეშე. ნეტა ისევ ნაკიკლავები ვიყოთ და სხვებისგან ვიგებდე, რას ლაპარაკობ ჩემზე, ოღონდ იყო რა. მაკა რაზმაძე მეგობრებს ეკითხება: რამდენმა ვერ მოასწარით გეთქვათ, როგორ გიყვარდათ? რამდენს გწყდებათ ახლა გული ამის გამო?

 

მსახიობი მაკა შალიკაშვილი “პრაიმტაიმთან” იხსენებს ეპიზოდს, თუ როგორ აცინა ზუზუმ გადამღები ჯგუფი მაკას პაროდიით.

 

მაკა შალიკაშვილი: – ყველა მის მეგობარს, ნაცნობსა და უცნობს, ყველას აკლია ეს ძალიან საყვარელი და პოზიტიური ადამიანი. მან მე ჩემი თავი სულ სხვა კუთხით გამაცნო. თავის სამეგობროს სხვა მაკა გააცნო და ისინი დღეს ჩემზე გიჟდებიან. მას ეს შეეძლო. ადამიანებს ხედავდა განსხვავებული რაკურსით და ამ კუთხით თავად იმ ადამიანსაც აცნობდა თავის თავს.

 

თვითშეფასებას აგიმაღლებდა. სასწაული ხარ, რა მაგარი ტიპი ხარო, გეტყოდა. მე დავკარგე ადამიანი, რომელმაც ყველაზე ზუსტად იცოდა ჩემი ფასი.

 

 

 

რეზო ესაძე გვიღებდა ფილმში “თვე, როგორც ერთი დღე”. მასიური სცენა იყო, უცხო ადამიანებით. ეკლექტიკური საზოგადოება ჰყავდა შეკრებილი – ინტელიგენტი, ბრალიანი, უბრალო, მასწავლებელი, ბავშვი, მოხუცი… მათ შორის იდგა ორსული გოგონა. ვიფიქრე, მუცელი გაუკეთეს და ასე იღებენ-მეთქი. მივედი, თითები მოვუჭირე და ვეკითხები – ნამდვილია? თუ გაგიკეთეს-მეთქი? გაოცებული მიყურა, მერე გაბრაზდა და ეს ქალბატონო, ჩემიაო და გაიქცა. ეტყობა, ზუზუ მიყურებდა და – შალე, რა მაგარი გიჟი ხარო, მითხრა. მერე მოუყვა ხალხს ეს ამბავი, თან მაჯავრებდა, ხმის ტემბრით, ბევრი აცინა ყველა. მეუბნებოდა, შენ ისეთი ტიპაჟი ხარ, ვიღაცამ უნდა გითამაშოსო.

 

ამ ფილმში ზუზუ სასწაულია. რეზო ესაძე ტყულად არავის გადაიღებდა. ისეთი კუთხით არის ნაჩვენები, როგორი ნამდვილი, ნაღდი, ნატურალური და სევდიანიაც იყო ზუზუ. ის ასეთი იყო და არა ისეთი, როგორიც შოუებიდან ახსოვს საზოგადოებას. ის იყო აბსოლუტურად სხვა ადამიანი. სხვა გზა, სხვა ხსნა რომ არ გააჩნდა, ამიტომაც არის ისე, როგორც არის.

 

როცა გარდაიცვალა, მივედი და ფსალმუნებს ვკითხულობდი. არც მახსოვდა, თმა როგორ მქონდა, როგორ გამოვიყურებოდი. გარდაცვლილი ზუზუსთვის არ დამიხედავს, არ შემეძლო. მოვიდა მისი მეგობარი, ნინი დედალამაზიშვილი და ეცინებოდა: ახლა რომ გხედავდეს რას გავხარ, შეიძლება გაეფრინაო…

 

ეს ბიჭი იყო სასწაული… არ ვიცი, რა… უნიჭიერესი, რომელიც დადიოდა და თავის მარგალიტებს ღორებს გვიყრიდა და გვიყრიდა… გაიბნა, დაცოტავდა და დამთავრდა…

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X