15:27 | 2021-03-02 ავტორი: ზურა დვალაშვილი

დაასრულებს თუ არა პოლიტიკურ კრიზისს 6-პუნქტიანი დოკუმენტი – დიალოგის მაგიდა ლიდერების მოლოდინში

დაასრულებს თუ არა პოლიტიკურ კრიზისს 6-პუნქტიანი დოკუმენტი – დიალოგის მაგიდა ლიდერების მოლოდინში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. შარლ მიშელი საქართველოში 1 მარტს ჩამოვიდა და პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართა. მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

 

პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა საქართველოში სტაბილურობის და ევროპა-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

 

შარლ მიშელის თქმით, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ევროკავშირს ძალიან აშფოთებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოუწოდა მხარეებს ინტენსიურად იმუშაონ რათა ვითარების განეიტრალება მოხდეს.

 

“ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური ვიზიტის ფონზე,როდესაც გამწვავებული კრიზისია ეს რა თქმა უნდა ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ სიტუაციის განეიტრალება მოხდეს. ჩვენი შეხვედრის დროს მე მოვუწოდებ პოლიტიკურ მხარეებს დიალოგისკენ ოპოზიციასთან და მთავრობასთან…

 

მე ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს ლიდერშიფს, მე დარწმუნებული ვარ, რომ აქვს ყველა საშუალება იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მიიღოს, რათა მოხდეს კონსოლიდირება ამ დემოკრატიული ბაზების, არამხოლოდ იმ კავშირში, რომელიც ევროკავშირთან აქვს არამედ თავისი ბაზების კონსოლიდაცია, რომ მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვა ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ ადამიანების სურვილები განხორციელდეს, პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, რომელიც ღია დემოკრატიით იქნება გამყარებული, სასამართლო სისტემით, რომ გამყარდეს ურთიერთობა საქართველოდან ევროკავშირს შორის”, – ამბობს შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ვინ არის და რა ვიცით შარლ მიშელის შესახებ, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა
2021-03-02ვინ არის და რა ვიცით შარლ მიშელის შესახებ, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა

 

შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებთან პოლიტიკური დიალოგის მზაობა გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერის თქმით, პოლიტიკურ ძალებთან დიალოგი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

 

“შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება, ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ არსებულ გამოწვევებს და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ.

 

ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა.

 

როგორც შარლ მიშელმა საოკუპაციო ხაზთან ყოფნის დროს განაცხადა, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია.

 

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩემი თვალით მენახა ადგილზე არსებული ვითარება. სწორედ ამიტომ ვარ აქ. თქვენ იცით, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი, რათა შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ეცადოს სტაბილურობის შენარჩუნებას, ასევე წაახალისოს ნდობის აღდგენის ზომები. ვიცით, რომ სიტუაცია კომპლექსური და რთულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სწორედ ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვუთხრა ადგილობრივ მოსახლეობას – თქვენ მარტო არ ხართ. ევროკავშირი მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების ერთგულია“, – აღნიშნა მიშელმა.

 

დღის მეორე ნახევარში ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან. სადაც პოლიტიკოსებმა შარლ მიშელს კრიზისიდან გამოსვლის საკუთარი ხედვა წარუდგინეს და ხელისუფლებასთან არსებულ საკუთარ პრეტენზიებზე ისაუბრეს.

 

ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიშელი საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა  ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ხვდება.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი.

 

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწყო და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთობლივ შეხვედრაზე დაპატიჟა.

 

„მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს. ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შეხვდეთ. დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე. ვიმეორებ – პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა.

 

ეს პროცესი რამდენიმე საკითხს მოაგვარებს. ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმა, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო არის ის ასპექტი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის ძირითად ასპექტს წარმოადგენს. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სასამართლოსადმი ნდობა და ნდობის შეგრძნება. ეს მნიშვნელოვანია ასპექტია და ყველას გვესმის, რომ კონკრეტული საქმეები უნდა იყოს მოგვარებული.

 

ასევე მოგიწოდებთ, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და მეტი ამბიციით განახორციელოთ რეფორმები. ამას დასჭირდება ლიდერული პოზიცია და ყველა მხარის ჩართულობა, კომპრომისებზე წასვლა“, – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

შარლ მიშელის ინიციატივას ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურე ირაკლი ღარიბაშვილი და ოპოზიციასთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

“მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის, მე მინდა საჯაროდ დავადასტურო – მზად ვარ ამ შეხვედრას დავესწრო და მონაწილეობა მივიღო და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ დეესკალაციისთვის და რეალური კონსტრუქციული დიალოგისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

შარლ მიშელის ინიციატივას მალევე გამოეხმაურნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მაღალი რანგის ევროპელი სტუმრის მოწვევას დათანხმდნენ, რის შემდეგაც მალევე შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩაინიშნა.

 

გიგა ბოკერია თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადაა, თუმცა ეს არ უნდა გადაიქცეს რუტინულ პროცესად და უნდა მოყვეს შესაბამისი ნაბიჯები, რადგან მოლაპარაკებების დროს პოლიტპატიმრები ციხეში ვერ ისხდებიან.

 

„ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ ეს წინადადება ჩვენი მაღალი რანგის ევროპული სტუმრისგან. რა თქმა უნდა, დემოკრატიული ოპოზიცია მზად არის ამ პროცესის სწრაფად დაწყების და დღესვე შესაძლო შეხვედრისთვის, თუმცა ბუნებრივია, ყველას ესმის, რომ ეს პროცესი ვერ იქნება რუტინა, პარალელურად პოლიტპატიმრები ციხეში ვერ ისხდებიან.

 

შეხვედრამ შედეგად უნდა გამოიღოს პოლიტპატიმრების სწრაფად გათავისუფლება და რეალური საქმიანი საუბრის დაწყება ვადამდელი არჩევნებისკენ სვლაზე.

 

ევროკავშირის ასეთი მაღალი თანამდებობის პირის პირდაპირი ჩართულობა პოლიტიკური კრიზისის საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ამბავია.

 

მისი საჯარო გზავნილები, რაც მოვისმინეთ, პირდაპირ იყო აღწერა იმ რეალობის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი უარყოფდა. პოლიტიკური კრიზისია, რაც მან თქვა.

 

მეორეა, სასამართლოს პრობლემა და კონკრეტული საქმეები, რომელთა გადაწყვეტის გარეშე საუბარი ვერ იქნება განმუხტვაზე“, – განაცხადა ბოკერიამ.

 

მიშელთან ჩანიშნულ ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივ შეხვედრას “ვერსალის ზავის დასაწყისი უწოდა “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ.

“მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვნახოთ. ვერსალის ზავი იქნება, იგივე გზავნილები იქნება, რაც აქამდე იყო. მაგ მხრივ არაფერი შეცვლილა, მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვნახოთ. ვერსალის ზავი იქნება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

შეხვედრაზე საკუთარი მყარი პოზიციებით მივიდა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი. მისი თქმით, არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია და მისი პოლიტიკური ძალისთვის პლებისციტი მიუღებელია.

 

„შეთანხმებას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით და საერთოდ საარჩევნო სისტემის და გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებით. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის პლებისციტი მიუღებელია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

მიშელის ინიციატივას სკეპტიკურად შეხვდა “ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე. მისი თქმით, ვადამდელ არჩევნებზე კარგი გამოსავალი არ არსებობს და ყველა სხვა შემოთავაზება კრიზისის განმუხტვისთვის არაეფექტური იქნება.

 

„გონიერი ადამიანები ვართ, უმეტესობა ყოველ შემთხვევაში, ამიტომ თუ ვინმე იმაზე უკეთეს გამოსავალს შემოგვთავაზებს, ვიდრე ჩვენ მიგვაჩნია, ბუნებრივია, ასეთ გამოსავალს მივიღებთ. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, ეს რა შეიძლება იყოს.

 

ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და დევნის შეწყვეტა. ამაზე რა უნდა შემოგვთავაზოს ევროკავშირმა ან ვინმემ, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას უთხრას, შეწყვიტე პოლიტიკური დევნა და გამოუშვი პოლიტიკური პატიმრები?

 

მეორეა, ვადამდელი არჩევნების თემა. შეიძლება, ტექნიკურად იყოს შემოთავაზება, როდის და როგორ შეიძლება, მაგრამ უსაშველოდ ვერ გადაიწევს ვადამდელი არჩევნების თემა.

 

მოსმენა ყველასი ღირს, ხანდახან არაადეკვატურმა მხარემაც კი შეიძლება ძალიან საინტერესო წინადადება წარმოთქვას, მითუმეტეს, როდესაც საუბარია ევროკავშირის წინადადებაზე.

 

რა თქმა უნდა, მოსმენით მოვისმენთ, იმედი მაქვს, რამე ისეთი იქნება, რასაც ახლა ვერ ვხვდები, თუმცა იშვიათად არის, რომ რამეს ვერ ვხვდებოდე“, – აცხადებს ბურჯანაძე.

 

მიუხედავად სხვადასხვანაირი მოლოდინებისა პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეების სამსაათიანი შეხვედრა ჩარჩო ხელშეკრულებით დასრულდა.

“ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოლაპარაკებების 6 პუნქტზე შეთანხმდნენ.

 

„შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში, მათ შორის თვითონ ევროკავშირის პრეზიდენტის ინიციატივით, შესულია ისეთი საკითხები, როგორიც არის პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დღის წესრიგი ყოვლისმომცველია და ყველა ის თემაა, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემისთვის და მათ შორის ოპოზიციისთვის. მაგრამ მოლოდინი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე, ან ყველაფერი შეთანხმდებოდა, არ უნდა ყოფილიყო. სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს. გადაწყდეს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

შეხვედრით კმაყოფილმა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა “იმედიანი გაზაფხულის” დადგომა ამცნო საზოგადოებას.

 

„ვფიქრობ იმედიანი გაზაფხული დგება. ჩვენმა სტუმარმა, ევროკავშირის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აჩვენა უნიკალური პოლიტიკური და დიპლომატიური უნარი და რასაც ვერ წარმოვიდგენდით, ის მოახდინა – ჩვენ დავსხედით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთანრომელიც არ არის არც მოლაპარაკება და არც რაუნდი, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები და პირველ საკითხად არ ჩაჯდება ახალი საპარლამენტო არჩევნები“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

 

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგმა სხვა დონეზე აიწია.

 

მისი თქმით, შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ ყოფილა მიღებული, თუმცა შეთანხმდნენ, რომ წითელი ხაზები მოიხსნა.

 

“დიალოგმა სხვა დონეზე აიწია, პირადად ევროკავშირის პრეზიდენტი იქნება ჩართული ამ დიალოგის შედეგით დასრულებაში. აქვე მინდა ვთქვა, რომ ფრთხილი ოპტიმიზმი შეგვიძლია გვქონდეს. ოპოზიციამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების საკითხიც. 

 

არ იყო ეს შეხვედრა იმისთვის, რომ დეტალურად განგვეხილა თითოეული პოზიცია. ეს შეხვედრა პირდაპირ ემსახურებოდა იმას, არიან თუ არა მხარეები მზად ევროკავშირის უშუალო მოდერაციით და არა ფასილიტაციით გავაგრძელოთ ეს საუბარი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ.

 

წითელი ხაზები, რომ რაღაცას არ ვიხილავთ, ასე არ არის, ყველაფერს განვიხილავთ და ყველაფერზე ვსაუბრობთ. 

 

რაც შეეხება პლებისციტს, ამაზე არ გვისაუბრია. ეს არის სხვა დონის ჩართულობა ამ პროცესში და ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ პროცესს. პიკეტირებას და პროტესტს ვაგრძელებთ ეს არის ცალსახა განუყრელი ნაწილი ამ პროცესის,” – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

 

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩარჩო დოკუმენტში შემავალ პუნქტებზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნებს “არის 2 პუნქტი დამატებული – ერთი ეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას და ერთი ეხება ძალაუფლების დანაწილებას, რომელიც ბატონმა პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ასევე მნიშვნელოვანი იყო”.

 

აღნიშნული განცხადებებით ირკვევა, რომ ოპოზიციის 4 მოთხოვნას, შარლ მიშელის ინიციატივით ემატება კიდევ 2.

 

ჩარჩო ხელშეკრულების მიხედვით, ოპოზიცია და ხელისუფლების შემდეგ შეხვედრებზე განხილული იქნება:

 

1. ამბიციური საარჩევნო რეფორმა

  • საქართველოში დემოკრატიის ღრმა კონსოლიდაციისთვის

 

2. ​კანონის უზენაესობა / სამართლის რეფორმა

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვები
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები
  • რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად

 

3. პოლიტიკური მართლმსაჯულება / პატიმრების საკითხი

 

4. ძალის გადანაწილება პარლამენტში

  • საგამოძიებო კომისია
  • პარლამენტში როლებისა და პასუხისმგებლობების სამართლიანი განაწილება

 

5. პოტენციური ვადამდელი არჩევნები / მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

 

6. ფასილიტაციის / მედიაციის გაგრძელება და განხილვა 2021 წლის მარტში.

 

თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული დამაიმედებელი განცხადებების მიუხედავად, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეთანხმება შედგა მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე, რიგგარეშე არჩევნებსა და პლებისციტზე საუბარი საერთოდ არ იქნება.

 

„ინფორმაციული თვალსაზრისით, ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუ კომპილაციური დოკუმენტის საფუძველზე მსჯელობას დავიწყებთ. აქ არის საკითხების ჩამონათვალი, რომელთა უმრავლესობა ისედაც იდო მოლაპარაკების მაგიდაზე ოპოზიციის მხრიდან. ამ საკითხების შეკრება და წარმოდგენა მოხდა, რომ ნათელი იყოს, რა მოთხოვნებს აყენებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. არანაირი ხელმოწერილი დოკუმენტი და შეთანხმების მსგავსი არ ყოფილა. შეთანხმება შედგა ერთადერთ საკითხზე, რომ განახლდეს მოლაპარაკებები და რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს პოზიტიური შედეგით.

 

 

გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, ეს ძალით გახარებული ოპოზიცია, რომელიც გამოდიოდა, რაღაცას გვიყვებოდა და ამ დოკუმენტზეც აპელირებდნენ. სხვათა შორის, იქ შეთანხმება იმაზეც იყო, რომ მსგავსი დოკუმენტის ან სიღრმისეული მსჯელობის შესახებ ინფორმაცია არ გამოსულიყო. ასეთი მსჯელობა არ ყოფილა, რადგან იყო საორგანიზაციო ზოგად საკითხებზე, იმაზე, რომ უნდა განახლდეს მოლაპარაკებები, მაგრამ არ ყოფილა დეტალურად რომელიმე საკითხზე, მათ შორის არც მათ მიერ დაყენებულ საკითხებზე.

 

 

აქედან გამომდინარე, სპეკულაციური იქნება ჩვენი მხრიდანაც, რომ რაღაც დეტალებს ჩავყვეთ, რომელიც კომპილაციურ, ხელმოუწერელ დოკუმენტშია ჩაწერილი. აქედან რაღაც საკითხებზე იქნება მზაობა და არის უკვე იქ საკითხები, რომლებზეც არის მზაობა, უკვე ქმედითი არის საკითხები, რომლებზეც საერთოდ საუბარი არ იქნება მაგალითად, რიგგარეშე არჩევნები, პლებისციტი საერთოდ წარმოუდგენელი რამეა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ამ წუთებში პარლამენტან საყვირების ხმა ისევ ისმის… ოპოზიციის მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელის პიკეტირებას ისევ აგრძელებენ…

ავტორი: ზურა დვალაშვილი


X