19:41 | 2021-04-28 ავტორი: რუსა ღვანიძე

„ჩვეული ტემბრით საუბრობდა… უცებ ჩემ ზურგს უკან „დამანგრეველი“ ხმა გაისმა! – კახი კავსაძის „მრავალჟამიერი“ (ვიდეო)

„ჩვეული ტემბრით საუბრობდა… უცებ ჩემ ზურგს უკან „დამანგრეველი“ ხმა გაისმა! – კახი კავსაძის „მრავალჟამიერი“ (ვიდეო)

გუშინ, 27 აპრილს სახალხო არტისტი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ მსახიობი, ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, მას 2020 წლის 28 ნოემბერს კორონავირუსი დაუდგინდა.

 


ვაჟთა ფოლკლორულ ანსაბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელმა მიშო ჯავახიშვილმა, ბ-ნ კახისთან ერთად შესრულებული „მრავალჟამიერის“ ვიდეო, სოციალურ ქსელში გამოაქყვენა, რასაც საზოგადოების მხრიდან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

ამასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ წევრს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, რეგიონული პროექტების სამსახურის კოორდინატორ, საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანს და პროდიუსერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ანსამბლ „შავნაბადას”, მუსიკალურ ჯგუფ „ბარაკას” წევრ მიხეილ (მიშო) ჯავახიშვილს დაუკავშირდა და ამ საოცარი საღამოს შესახებ ესაუბრა:

 

საქართველომ დაკარგა ისტორიული მნიშვნელობის მსახიობი, ადამიანი, რომელმაც დიდებულ ადამიანებთან ერთად, მთელი ეპოქა შექმნა. ნანა ჯანელიძის ერთ-ერთ ფილმში – „ნეტავ იქ თეატრი არის?“, საუბრობდა, რომ ბავშვობაში, ვერც კი იოცნებებდა, რომ რუსთაველის თეატრის სცენაზე, ფეხს დაადგამდა – მთელი ცხოვრება. ამ სცენაზე გავატარეო.

 

თეატრი მისი სახლი, მისი ცხოვრება, ამოსუსუნთქვა, ჩასუნთქვა, საუბარი იყო. ისეთი ენერგია და განწყობა მოდიოდა მისგან, რომ ჩვენ, პატარა ბიჭები, გაოგნებულები ვუსმენდით-ხოლმე, ვაყოლებდით ამბებს და რჩევებს ვეკითხებოდით. საოცარი ენერგიის მატარებელი იყო, მას შეეძლო როგორც კარგი სიმღერა, ასევე ცეკვა.

 

მოგვიყევი, კავსაძეების გვარის ისტორიაზე…

 

მოგეხსენებათ, რომ კავსაძე, ეს არის გვარი, რომელმაც უდიდესი საქმე გააკეთა ქართული სიმღერის და გალობის ისტორიაში. ამ გვარმა, ფაქტიურად, იმ წლებში გადაარჩინა ქართული ხალხური სიმღერა და მომავალ თაობებს გადასცა.

 

რაც შეეხება სიმღერას, სახელმწიფო ანსამბლის ისტორიაში, კავსაძეების გვარი, უმნიშვნელოვანესი იყო. განსაკუთრებით, 1930 -იანი წლების შემდეგ, სათავეში ედგა ანსამბლს. იმ პერიოდში, არ იყო ადვილი საქმე, ქართული ხალხური სიმღერის და გალობის, ასე მარტივად შესრულება.

 

„ქართულ ხალხურ სიმღერას, არ ჭირდება გამდიდრება, ისედაც მაღალ მწვერვალზეა!“ -  მიშო ჯავახიშვილი და ეთნოჯაზბენდ „ირიაოს
2020-07-14„ქართულ ხალხურ სიმღერას, არ ჭირდება გამდიდრება, ისედაც მაღალ მწვერვალზეა!“ - მიშო ჯავახიშვილი და ეთნოჯაზბენდ „ირიაოს" უნიკალური რეპერტუარი

 

იქმნებოდა მრავალრიცოვანი გუნდები. იმ წლებში, როცა სტალინს „ველური კავკასიელი ტომის შვილს“ეძახდნენ – დეკადა, რომელიც 1937 წელს მოაწყო, ქართული ხალხური სიმღერით და სანდრო კავსაძის ამ დიდებული ლოტბარის ხელმძღვანელობით, დაანახა ყველას, რომ ქართული კულტურა უდიდესია და არაფრით ჩამოუვარდება რუსულს.

 

სანდრო კავსაძე ისტორიული გვარია, ქართული ხალხური სიმღერა ინდივიდუალურ შემსრულებლებზე, იმ ლოტბარებზე დგას, რომლებმაც გადაარჩინა ქართული კულტურა.

 

კახი იმ გვარის და ქვეყნის წარმომადგენელია, რომელმაც ძალიან მაღალ დონეზე აიყვანა სიმღერა და განავითარა ქართული კულტურა. იცოდა ანსამბლის ოჯახის წევრების ისტორია, ქართული სიმღერის კუთხით – ყველა ვარიანტი, ვინ როგორ მღეროდა.

 

ჩემი აზრით, ამ ადამიანის ნათქვამი და ნააზრევი, ძალიან დიდი იყო, ქართულ ხალხურ სიმღერაზე. კახი იყო იმ ოჯახის შვილი, ვინც ქართული ხალხური სიმღერის უდიდესი სიყვარულით, ქვეყანა დიდ მწვერვალზე აიყვანა.

 

ისტორიული გვარია, ჩვენ ახალგაზრდები, თუ ქართულ ხალხურ სიმღერას ვმღერით, ვსწავლობთ და სხვებსაც ვასწავლით, სწორედ, კავსაძეების გვარის ჩანაწერების დამსახურებაა. ხშირ შემთხვევაში, კახი კავსაძე იყო მაგალითი შემართების, ხასიათის, მრავალჟამიერის შესრულებით, მთელი სიდიადის, რაც ქართულ ხალხურ სიმღერას ახასიათებს.

 

საკმაოდ რთული შესასრულებელია „მრავალჟამიერი“…

 

ურთულესია, საოცრად ასრულებს კახი, თან რა ტონალობაში! განსაკუთრებით, ასაკოვანი ადამიანისთვის, ეს ძალიან რთულია. ამ ვიდეოში, კახი სავარაუდოდ, 80 წლის ასაკშია. თან ნახავთ, რომ დამწყებია სიმღარაში, უსმინეთ როგორი შემარტებით მღერის.

 

ვიდეოში, სადაც მე და კახი „მრავალჟამიერს“ ვმღერით, გადაღებულია 2015 წელს, რეჟისორ ნანა ჯანელიძის სახლში, ჰოლივუდის მსახიობ რალფ ფაინსის საქართველოში სტუმრობისას. სუფრასთან ვისხედით, ვსაუბრობდით, ზოგი რალფს რაღაცას უთარგმნიდა, კახი ძალიან აქტიურობდა.

 

ჩვეული ტემბრით საუბრობდა… უცებ ჩემ ზურგს უკან, „დამანგრეველი“ ხმა გაისმა. წარმოიდგინეთ რა რთულია, რომ ამ დროს, უცებ უნდა აჰყვე. ძალიან დავიბენი, კადრშიც ჩანს, რომ ამხელა კაცი, ფეხზე დგას და მე ვზივარ. რომ ვიგრძენი ის საოცარი ხმა, რაც მესმოდა, ადგილიდან ვერ ავდექი.

 

ისეთი შემართება ჰქონდა, გამიჭირდა ავყოლოდი. ჩანს კიდეც ვიდეოში, თავმდაბლურად, მოწიწებით ვმღერი. კახიმ თავისი ხმით, მთელი ანსამბლი გადაფარა. სიმღერის მეორე ნაწილის დროს, წამოვდექი და ხელგადახვეულებმა განვაგრძეთ სიმღერა.

 

საოცარი ხმის ტემბრი ჰქონდა…

 

სასწაული ხმა ჰქონდა, მართლაც საუკეთესო შემსრულებელი იყო. ასეთ შემართებას, მისგან ვსწავლობდით, თუნდაც როგორ იხსენებდა მის წინაპრებს, მშობლებს, მეუღლე – ბელა მირიანაშვილს დიდი სიყვარულით.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბელას გარდაცვალების შემდეგ, მოკლე დროში დასრულდა მათი ერთად ყოფნა, მაინც ძალიან შემართებული ადამიანი იყო და ეს ტრაგიკული ცხოვრება, სცენაზე გადაჰქონდა.

 

დიდი ემოციების და სიყვარულის მატარებელი იყო, როცა სტუმრად მიდიოდნენ, ეს იყო მართლაც „ფილმი“, როგორ ჩამოჰყავდა სახლიდან, ხელში აყვანილი ბელა…

 

სწორედ ასეთი მასშტაბის შემოქმედნი არიან, ის დიდებული მსახიობები, რომლებიც ჩვენი მშობლების თაობას ახსოვს და რომლებმაც ქართული თეატრის სცენა, უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა.

 

კახი არის და დარჩება, გამორჩეულთა შორის გამორჩეულ მსახიობ და შემოქმედათ. როგორც პიროვნება, იყო უაღრესად დადებითი ადამიანი და იმედი მაქვს, უამრავი თაობა გაიზრდება მის ნამოღვაწარზე და შექმნიან ახალს.

 

დიდი დანაკლისია როგორც საქართველოსთვის, ასევე შენთვისაც, არა მარტო კახის, არამედ ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალება…

 

მართალია, კახისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ანზორ ერქომაიშვილი, მთელი ცხოვრება მამასავით მედგა მხარში. ის იყო ჩვენი პირველი მასწავლებელი. ადამიანი, რომელმაც ქართული სიმღერა, ხელის გულზე დაგვიდო, დაგვანახა და გვითხრა – ბიჭებო, ეს არის ქართული გენი, ქართული სული, ქართული ენა, საქართველო – ყველაფერი, რაც კი ქართულია.

 

ეს იყო ის, რაც კოდივით აიღო და ჩადო ჩვენში, იმ ბიჭებში, რომლებიც იმ პერიოდში, ძალიან ცოტანი იყვნენ და იშვიათად მღეროდნენ. ანზორი ცდილობდა, რომ ბაბუის დანატოვარი სიტყვა აესრულებინა.

 

ანზორს ჟურნალისტიკის ფაკულზეზტე უნდოდა სწავლის გაგრძელება. ბაბუ, სად აპირებ ჩაბარებასო, უკითხავს. როცა გაიგო სად აპირებდა სწავლის გაგრძელებას, არტემს უთქვამს, ჭიქა ღვინო დამისხიო, მასთან ერთად დამჯდარა და თან აუხსნია, თუ რა ფენომენი იყო, ქართული გალობა და სიმღერა.

 

ასევე ის, რომ ბოლო წარმომადგენელი იყო იმ თაობისა, რომელიც ინახავდა და ყოფაში ინარჩუნებდა ქართულ ხალხურ სიმღერას და გალობას. ჩემს მერე, პატრონი არ ეყოლება გურულ სიმღერას და გალობას, ყველანი მოვხუცდით, ბევრი წავიდა ამ ქვეყნიდან. შენ ერთადერთი შემსრულებელი ხარ, ვინც უნდა განაგრძო და თუ სხვა მიმართულებით წახვალ, დაიღუპება ეს საქმეო.

 

შენ თუ ამ ყველაფერს მიხედავ, რასაც გიტოვებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩება ქართველი ერის სულიო. როგორც ჩანს, ბ-მა ანზორმა ეს გაიაზრა იმ მომენტში და ყველაფერი წამებში გადაწყვიტა.

 

ექვთიმე თაყაიშვილმა, ქართველი ხალხის მატერიალური სიმდიდრე და განძი, ხოლო ანზორ ერქომაიშვილმა, ქართული სული გადაარჩინა და შეინარჩუნა.

 

ყველზე საუკეთესო რაც გააკეთა, ბავშვებს ასწავლა – თუ გინდა, რომ ქართული ხალხური სიმღერა გადაარჩინო, უნდა ასწავლო ბავშვებს! უამრავი ანსამბლი გაფრთიანდა და დღეს უკვე, ბევრი ასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერას.

 

ანზორმა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გაითქვა სახელი. თუნდაც ის, რომ „იუნესკო“-ში ქართული ხალხური სიმღერა აღიარეს, ამ ადამიანის დამსახურებაა. ისიც, რომ მთელი მსოფლიო მღერის ქართულ სიმღერას. შექმნა უამრავი ქართული ანსამბლი, ჩანაწერები, რომელიც მთელი მსოფლიოს მასტაბით მოიძია და ჩამოიტანა.

 

სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ერთად ვმუშაობდით სხვადასხვა პროექტებზე. საბედნიეროდ, მისგან ძალიან ბევრი საქმე დამრჩა გასაკეთებელი, რომელიც ჩემ მეგობრებთან ერთად, ბოლომდე უნდა მივიყვანო.

 

ჩვენ ყველა ერთად, ანზორის სახელის და საქმეების სადიდებლად, როგორც მას გაეხარდებოდა, ისე მივხედავთ ყველაფერს. მისი სახელი, ჩვენი თაობების მიერ, ძალიან მაღალ მწვერვალზე იქნება აყვანილი.

 

განსაკუთრებული, რა მოგცათ ცხოვრებაში, ამ ორ ბუმბერაზ ადამიანთან ურთიერთობამ?

 

უდიდესი გამოცდილება, ჩემი პროფესია, საკუთარ თავში გარკვევა, ჩემი ქვეყნის უდიდესი სიყვარული. მე რომ სცენაზე გავდივარ, დღემდე მახსოვს ბ-ნი ანზორის და თამაზ ანდღულაძის სიტყვები – „ბიჭებო, აბა თქვენ იცით! თქვენ უკან, არის საქართველოო!“

 

ამ სიტყვებით გავიზარდეთ და დღემდე, ასე გრძელდება. ამ ადამიანმა, ძირითადად, მამობა გაგვიწია, რომლისგანაც ვსწალობდით სიყვარულს და ურთიერთობებს.

 

შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით ახალგაზრდა თაობას, რა არის საჭირო, რომ ღირსეულად იცხოვრო?

 

საქართველო, ძალიან ბევრი რამით არის გამორჩეული, თუნდაც ბუნებით, ურთიერთობებით, სიტყვა-პასუხით, ადათ-წესებით, მაგრამ ადამიანის სრულფასოვნად გადაქცევისთვის, ჩამოყალიბებისთვის და იმისთვის, რომ იყო შენი ქვეყნის შვილი, რომელიც იფიქრებს რომ ხალხი რომელიც ამ მიწაზე დაიბადა, ქმნიდა ამ ყველაფერს, მომავალმა თაობას ვურჩევდი, რომ ქართული ხალხური სიმღერა და კულტურის სიყვარული, ცხოვრების წესად აქციონ.

 

სიმღერა, შეიძლება პროფესია არ იყოს, მაგრამ ცხოვრების წესად დაისახო. ქართულ კულტურაში ისეთივე სიბრძნეა, როგორიც არის სვეტიცხოველი, გელათი, რომელსაც მოვლა სჭირდება. მხოლოდ, მაშინ იქნები შენი ქვეყნისთვის გამოსადეგი და შემდგარი ადამიანი.

 

მტერი, ამას რომ დაინახავს, სხვანაირად შეაფასებს ამ ყველაფერს. იციან ჩვენი კულტურის ფასი. როცა ამ ქვეყანაში იბადები, უკვე ამაყი ხარ!

 

შეგახსენებთ, რომ ცნობილი მსახიობი კახი კავსაძე, ქართველი ლოტბარისა და სახელმწიფო ეთნოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელ დათა კავსაძის უფროსი ვაჟი იყო, უმცროსი – იმერ კავსაზე, ყოფილი საოპერო მომღერალია.

 

იხ ვიდეო:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე


X