fbpx
15:11 | 2020-06-11 ავტორი: რუსა ღვანიძე

„ჩვენ ჯერ ამ გზის დასაწყისში ვართ!“ – ძმები ცირამუების ტექნოლოგიური ინოვაციები ტურიზმის სფეროში

„ჩვენ ჯერ ამ გზის დასაწყისში ვართ!“ – ძმები ცირამუების ტექნოლოგიური ინოვაციები ტურიზმის სფეროში

აპლიკაცია, რომლის უმთავრესი მიზანია საქართველოს ტურისტული მარშრუტებისა და ღირშესანიშნაობების მსოფლიოში პოპულარიზაცია და შექმნილია იმისათვის, რომ მოგზაურობა გახდეს კომფორტული, უსაფრთხო და დაუვიწყარი.

 

„პრაიმტაიმი“ ძმებ – გიორგი და თორნიკე ცირამუებს დაუკავშირდა, რომლებმაც უფასო ტურისტული მობილური აპლიკაცია შექმნეს.

 

– საქართველოში მრავალი განხრით ვითარდება ტურიზმი, თქვენი მეშვეობით ტექნოლოგიებმაც შეაღწია ამ სფეროში – საიდან გაჩნდა იდეა?

 

მე და ჩემ ძმას ყოველთვის გვიტაცებდა მოგზაურობა და ლაშქრობები, ამავდროულად, გვსურდა ჩვენი ტექნოლოგიური ცოდნა და მოგზაურობისას შეგროვებული ინფორმაცია, ტურიზმში გამოგვეყენებინა და დავხმარებოდით საქართველოს პოპულარიზაციას მსოფლიოში.

 

მამას, რომელსაც თავად ფეხით აქვს შემოვლილი საქართველო, გაუჩნდა იდეა, რომ დაგვეხაზა ჩვენი გავლილი მარშრუტები და ონლაინ გაგვეზიარებინა საზოგადოებისთვის. ამ იდეის საფუძველზე მე და ჩემმა ძმამ „ბილიკის“ კონცეფცია შევიმუშავეთ.

 

 

მსგავსი აპლიკაციები თუ არსებობს სხვა ქვეყნებში?

საერთაშორისო ბაზარზე, ძირითადად, ორი ტიპის აპლიკაციები არსებობს. ერთი ნაწილი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ტურისტულ მარშრუტებს (alltrails, komoot, wikiloc), თუმცა, იქ არ არის განთავსებული ტურისტული ღირშესანიშნავი მხარეები, ხოლო მეორე – ტურისტული სერვისი და ღირშესანიშნაობებია (tripadvisor), ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ორივე ეს ნაწილი გაგვეერთიანებინა ერთ სივრცეში.

 

– და რამდენი ტურისტული მარშუტი გაქვთ?

 

ამჟამად, აპლიკაციაში განთავსებული გვაქვს 30-ზე მეტი ტურისტული მარშრუტი, თუმცა, ბაზაში გვაქვს 120-ზე მეტი და მიმდინარე ტურისტულ სეზონზე ვგეგმავთ, დამატებით ახალი მიმართულებები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს.

 

– რა სერვისების მიღება შეიძლება Biliki App-ით?

 

Biliki App (Play Store, App Store) საქართველოს ტურისტული მარშუტების აპლიკაციაა, რომლის მიზანია გაამარტივოს ტურის დაგეგმვა და დაგეხმაროთ მოგზაურობის დროს…

 

აპლიკაციის გამოსაყენებლად, პირველ რიგში, საჭიროა ანგარიშის შექმნა ან ფეისბუქით ავტორიზაცია. ამის შემდეგ, მომხმარებელი გემოვნების მიხედვით ირჩევს, სათავგადასავლო, ეკო, ქალაქის, შოპინგ თუ სხვა ტიპის ტურებს.

 

აპლიკაცია, რეკომედირებულ ტურებს, სთავაზობს, არჩეული ინტერესების და მომხმარებლის ადგილმდებარეობის მიხედვით.

 

სასურველი ტურის არჩევის შემდეგ, შესაძლებელი ხდება ყველა ინფორმაციის ნახვა – მარშუტის რუკა, ამინდი, საჭირო დრო და მანძილი, ინფორმაცია ტურისტული ადგილების შესახებ, მანქანის დაქირავების შესაძლებლობა, ბანკომატები, ბენზინგასამართი სადგურები და ყველა საჭირო დანიშნულების წერტილი.

 

ყველაზე მთავარია, რჩევები იმის შესახებ, თუ რისი წაღებაა სასურველი კონკრეტულ ტურზე.
გარდა ამისა, Biliki -ს გამოყენება, offline რეჟიმშიც არის შესაძლებელი. ამისთვის, საკმარისია ჩამოვტვიროთ ჩვენთვის სასურველი ტური და ინტერნეტის გარეშე მივყვეთ მარშრუტს.

 

– რას გვეტყვით პანდემიის დროს განხორციელებულ პროექტზე „იმოგზაურე საქართველოში“ ვირტუალურად?”

 

პროექტის იდეა გაჩნდა, მას შემდეგ, რაც დაიწყო პანდემია და ყველა სახლში ვიყავით გამოკეტილები, გვსურდა საზოგადოებისთვის ინტერაქტიული და საინტერესო ვიდეო ეპიზოდები, რომელიც გააცნობდა საზოგადოებას საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და გაზრდიდა მოგზაურობის სურვილს.

 

ამიტომ „spend4seasonsinGeorgia“-თან ერთად დავიწყეთ პროექტი – „იმოგზაურე საქართველოში ვირტუალურად“, სადაც ვყვებოდით, საქართველოში ჩვენი მოგზაურობის შესახებ, აპლიკაციაში არსებული ტურების მიხედვით.

 

შედეგად, ჯგუფის დახმარებით და ჩვენი ციფრული მარკეტინგის გამოყენებით, საშუალოდ ვიდეოებს – 30 000 ნახვა ჰქონდა ფეისბუქზე და გაიზარდა აპლიკაციის გადმომწერთა რაოდენობა.

 

– ბევრი მიმართულებები გაქვთ – ეკოტური, ღვინის ტურები, რელიგიური და კულტურული ტურები, კიდევ რამე ხომ არ გამომრჩა?

 

დიახ, თუმცა ამ ეტაპზე აქცენტს, სათავგადასავლო და ეკო ტურებზე ვაკეთებთ, რადგან პანდემიის შემდეგ პერიოდში, დავეხმაროთ ადმიანებს ბუნებსათან კვლავ დაახლოებაში.

 

– ეს ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული, დაგეხმარათ რომელიმე ორგანიზაცია ან კერძო პირი?

 

პროდუქტი, პირადი დანაზოგოდით გავუშვით და ასევე, რამდენიმე კომპანიის და ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, როგორებიცაა საქართველოს უნივერსიტეტი, „თიბისი ბანკი“ და „ტოიოტა საქართველო“, რომელიც დღესაც აქტიური პარტნიორია.

 

დღეს, ინვესტიციის მოზიდვის ეტაპზე ვართ, რათა კიდევ უფრო გავამდრიდოთ აპლიკაცია საინტერესო ფუნქციონალებით, განვახორციელოთ მარკეტინგული აქტივობები და გავზარდოთ ჩვენი გუნდი, მარკეტინგის და სხვა მიმართულებებით.

 

– ტურისტის მიერ, საინტერესო ტურისტული მარშრუტის აღმოჩენის შემთხვევაში, შეეძლება თუ არა დადოს თქვენს აპლიკაციაში, თქვენთან შეთანხმების საფუძველზე?

 

დღეს, აპლიკაციაში თავმოყრილია, ჩვენს მიერ ექსპედიციების შედეგად შედგენილი მარშრუტები, თუმცა მოგზაურს, რომელსაც საინტერესო ტურისტული მარშრუტი აქვს, შეუძლია, მოგვაწოდოს ინფორმაცია და ჩვენ განვათავსებთ.

 

ასევე, ვგეგმავთ დავამატოთ ახალი ფუნქციალი, რომლის მეშვეობით, მომხმარებელი, მისი განვლილი მარშრუტის განთავსებას და მის გაყიდვასაც შეძლებს.

 

ამით კი ვქმნით, თავისუფალ საბაზრო სივრცეს. მომხმარებელთა ტურები კი, შეფასდება და ექნება რეიტინგი, რომელიც თავად მომხმარებელზეა დამოკიდებული.

 

– რამდენადაც ვიცი, თქვენ თვითონ მოიარეთ ეს მარშრუტები, რა დრო მოანდომეთ აპლიკაციის შექმნას? ალბათ, საკმაოდ რთული და დროში გაწელილი პროცესია?

 

2011 წლიდან ვატარებთ ექსპედიციებს და სხვადასხვა კვლევით პროექტებში ვიღებთ მონაწილეობას, შედეგად 3000-ზე მეტი ტურისტული ობიექტი მოვიკვლიეთ და 120 -ზე მეტი ტური შევიმუშავეთ. აპლიკაციის არსებული ვერსია, 6 თვის განმავლობაში შევქმენით, ჩვენს პარტნიორ დეველოპერულ კომპანია Wandio-სთან ერთად.

 

– თუ ადამიანს, არ აქვს გადაწყვეტილი რა სახის ტური აირჩიოს, აპლიკაცია იძლევა ამის საშუალებას?

ხშირად მოგვისმენია, რომ ვერ გადაუწყვეტიათ, სად წავიდნენ მომდევნო შაბათ-კვირას.

 

ჩვენ ამ პრობლემის გადაწყვეტა, „ბილიკით“ შეგვიძლია. თუ მომხმარებელი მიუთითებს სასურველ ინტერესებს (ეკო, სათავგადასავლო, ქალაქი, შოპონკი, ჯიპ ტური და ა.შ.), აპლიკაცია შესთავაზებს რეკომენდირებულ ტურებს არჩეული ინტერესების და მომხმარებლის ადგილმდებარეობის მიხედვით. ამავდროულად, ინტეგრირებული ამინდის პროგნოზი და ტურის რჩევები, დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში.

 

– რა სეგმენტზეა გათვლილი აპლიკაცია?

 

დღესდღეობით, აპლიკაცია „ბილიკი“, გათვლილია სათავგადასავლო და ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულ ადამიანებზე. ჩვენი ტურების ძირითად ნაწილს, სწორედ, ასეთი ტიპის ტურები წარმოადგენს. თუმცა, აპლიკაციაში ასევე შეხვდებით ქალაქის და შოპინგის ტურებს.

 

– ცოტა რამ, თქვენი ბიოგრაფიის შესახებ…

 

მე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ და სხვადასხვა დროს საჯარო და კერძო სექტორში ვმუშაობდი. ბაკალავრიატის საფეხური საქართველოს უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრატურა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გავიარე.

 

ასევე, მქონდა შესაძლებლობა, განათლება მიმეღო ესტონეთის დიპლომატიურ სკოლაში. ბოლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურში ვმუშაობდი.

 

იქიდან გამომდინარე, რომ „Biliki“ დიდ დროს და ენერგიას მოითხოვდა და აღარ გამოდიოდა ორ „ფრონტზე” მუშაობა. გადავწყვიტე, დამეტოვებინა სამსახური და ჩავრთულიყავი კერძო ბიზნესში.

 

 

 

გიორგი, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მართვის სპეციალიასტია, რომელმაც საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურები საქართველოს უნივერსიტეტში გაიარა.

 

დღეს, ტოიოტა საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ჯგუფის უფროსია. მას 10 წლიანი გამოცდილება აქვს ინფორმაციულ ტექნოლოგიების დანერგვასა და მართვაში და სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, განხორციელებული აქვს IT პროექტები.

 

– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდით?

 

დღესდღეობით ინვესტიციის მოზიდვის ეტაპზე, რათა „ბილიკის“ ფუნქციონალი, კიდევ უფრო გავაფართოვოთ და გავზარდოთ გუნდი, მარკეტინგისა და გაყიდვების სპეციალისტებით.

 

ჩვენი მიზანია Biliki გახდეს გლობალური ბაზრის ნაწილი, სადაც ქართულ ტურისტულ მარშრუტებთან ერთად, განთავსებული იქნება სხვა ქვეყნების ტურებიც.

 

ბილიკის მიმართ ინტერესი, აღმოსავლეთ ევროპის ისეთმა ქვეყნებმა გამოიჩინეს, როგორც არის ესტონეთი, რუმინეთი და ბულგარეთი.

 

– აპირებთ, ქართულის გარდა სხვა ენებზე რომ ითარგმნოს თქვენი აპლიკაცია?

 

დღესდღეობით, აპლიკაცია სრულად ინგლისურენოვანია და თუკი იქნება მოთხოვნა, დავამატებთ ქართულს და ასევე სხვა ენებს, რის საშუალებას ტექნოლოგია იძლევა.

 

– როგორ ჩამოვრტვირთოთ, აუხსენით მომხმარებლებლებს…

 

აპლიკაცია ხელმისაწვდომია, Play Store, App Store-ზე

 

– თუ იცით რამდენი მომხმარებელი გყავთ?

 

აპლიკაცია, 2019 წლის შემოდგომაზე გავუშვით და მიუხედავად არა აქტიური სეზონისა და პანედმიისა, 3000 აქტიური მომხმარებელი, უკვე გვყავს.

 

– როგორც აღნიშნეთ, პროექტის შექმნაში მამათქვენიც მონაწილეობდა – რა პროფესიის არის?

 

მამა, სერგო ცირამუა – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის პროფესორია.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, თავად ფეხით აქვს შემოვლილი საქართველო და გაუჩნდა იდეა, დაგვეხაზა ჩვენი გავლილი მარშრუტები და ონლაინ გაგვეზიარებინა საზოგადოებისთვის.

 

ამ იდეის საფუძველზე, მე და ჩემმა ძმამ, „ბილიკის“ კონცეფცია შევიმუშავეთ. ის თავის საუნივერსიტეტო მოღვაწეობაშიც, აქტიურად ავითარებს ამ თემას და შექმნილი აქვს საგანი -“გეოინფორმაციული სისტემები ტურიზმში”, რომელიც აკრედიტებულია საქართველოს უნივერსიტეტში.

 

 

 

დედის პროფესიაზე რას გვეტყოდით?

 

დედა, ნანა აბრამიშვილი – საქართველოს ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილებისა“ და ანსაბლ „რუსთავის“ ყოფილი მოცეკვავეა. რომელსაც მსოფლიოს მრავალ სცენაზე უცეკვია, რითაც ძალიან ვამაყობ. სხვათა შორის, დედასგან, მეც გამომყვა ცეკვისადმი განსაკუთრებული სიყვარული. მინდა აღვნიშნო, რომ დედა, ჩვენ პროექტში, არაერთ საინტერესო იდეით დაგვეხმარა.

 

 

რას ურჩევდით ახალგაზრდა თაობას – რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?

 

ჩვენ, ჯერ ამ გზის დასაწყისში ვართ. თუმცა, შეგვიძლია ვურჩიოთ ის, რამაც დღემდე მოგვიყვანა – ძლიერი სურვილი, ნებისყოფა და დაჟინებული შრომა. განსაკუთრებული ძალა აქვთ თანამოაზრეებს, მათ გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე


X