21:33 | 2020-04-29 ავტორი: თამარ გონგაძე

“ჩვენ ექიმებს ტაში დავუკარით” – ვისი ჯერია ახლა? – “შენ მნიშვნელოვანი ხარ”

“ჩვენ ექიმებს ტაში დავუკარით” – ვისი ჯერია ახლა? – “შენ მნიშვნელოვანი ხარ”

პანდემიის დასაწყისში მსოფლიოს მედიკოსებმა მადლიერების ტაში მიიღეს. ამ მნიშვნელოვან აქტს საქართველოც შეუერთდა და ამ დროის გმირები ტაშით გაამხნევა.

 

მადლიერების ტაშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი იყო. ამჟამად გოგამ სხვა პროფესიის ადამიანების მიმართაც გამოხატა მადლიერება და მათ გასამხნევებლად სლოგანით – შენ მნიშვნელოვანი ხარ, სოციალური კამპანია წამოიწყო.

 

გოგა ჩანადირი: – ჩვენ ექიმებს ტაში დავუკარით. მადლობა ეკუთვნით მცირე მრეწველობაში დასაქმებულ ადამიანებსაც, სუპერმარკეტში მომუშავეებსაც, პურის მცხობელებსაც, მშენებლებსაც, ბანკირებსაც, ჟურნალისტებსაც და მეშახტეებსაც… ბევრი დავირუსების რისკის გამო თავს შეიკავებდა მუშაობისგან, მაგრამ არა, ისინი არ გაჩერებულან. განა რა ხელფასები უნდა ჰქონდეთ, რომ რისკზე მიდიან. ეს ადამიანები ნამდვილად მნიშვნელოვნები არიან და მათ მადლობით გამხნევება სჭირდებათ.

 

ფოტოგრაფმა კამპანია გუშინ დაიწყო და როგორც ამბობს, ის სოციალურ ქსელში დღეს დაიქოქა. გოგას ინიციატივას უერთდებიან სხვადასხვა პროფესიის ცნობილი ადამიანები, მათ შორის ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე.

 

“სიამოვნებით ვუერთდები გოგა ჩანადირის ინიციატივას.
ჩვენ ქვეყანაში მართლაც უამრავი გმირი გვყავს, რომლებიც პანდემიის პირობებში ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის და ჩვენთვის შრომობენ! ექიმებით დავიწყებ, მთავრობა, პატრული, პურის მცხობელები, ტელევიზიები, ჟურნალისტები, ცხელი ხაზის თანამშრომლები. მათ შორის აფთიაქების, ბენზინ გასამართი სადგურების, ბანკების, სურსათის მაღაზიების თანამშრომლები, ასევე, მეტალურგები, მაღაროელები, მშენებლები.
ვინ მოთვლის, რამდენი გმირი გვყავს, რომელიც ამ ძნელბედობის ჟამს მუშაობს და ჩვენ არ ვიცნობთ. აუცილებლად უდა გავაცნოთ ისინი ხალხს. ისინი გვეუბნენოდნენ ,,დარჩი სახლში, მე ვიმუშავებ, იმისთვის რომ შენ გადარჩე.
ერთად ვუთხრათ მათ: შენ მნიშვნელოვანი ხარ!
აუცილებლად დავაფასოთ ჩვენი დროის გმირები!” – წერს ჯაჯანიძე “ფეისბუქზე”.

 

მსახიობმა მაკა შალიკაშვილმა “პრაიმტაიმთან” საუბრისას აღნიშნა, რომ სიამოვნებით იმუშავებდა სხვისთვის, მაგრამ პროფესია ხელს არ უწყობს ამაში.

 

მაკა შალიკაშვილი: – მთელი სულით და გულით ვუერთდები გოგა ჩანადირის გამოწვევას. სიტყვებიც არ მყოფნის იმ ადამიანებისთვის მადლობის სათქმელად, ვინც პანდემიის დროს ამხელა საფრთხის მიუხედავად მუშაობენ გაუჩერებლად. ესენი არიან წესიერი და პატიოსანი – ექიმები, ჟურნალისტები, პურის მცხობელები, მეშახტეები, პოლიციელები, ბანკირები, მშენებლები. მე პირადად ვიცნობ “ჯორჯიან მანგანეზში” მომუშავე ადამიანებს, რომლებიც არ გაჩერდნენ. გმირები არიან ასევე მშენებლები, ის პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხზე ზრუნავენ და პატიოსნად მუშაობენ.

 

ძალიან აქტიური ადამიანი ვარ. მინდა მეც იმ პროფესიის ადამიანი ვიყო, რომ გავიდე და ვუთხრა ადამიანებს, დარჩი სახლში, მე შენთვის ვმუშაობო. მაგრამ სამწუხაროდ ისეთი პროფესია აღმომაჩნდა, სახლში უნდა ვიჯდე და სხვამ იმუშაოს ჩემთვის. მე ვარ მსახიობი და ყველაზე ბოლოს, ალბათ, თეატრი გაიხსნება.

 

ამიტომ ამ მნიშვნელოვან ადამიანებს ჩემი დიდი პატივისცემა, მოწიწება და სიყვარული. ღმერთმა დაიფაროს ყველა ეს ადამიანი.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X