13:54 | 2021-09-27 ავტორი: Prime Time

ჩემთვის, ომი მაშინ დაიწყო, როცა მე-6 კლასში ვიყავი – მაკა ბელქანია აფხაზეთის ომსა და ოცნებად ქცეულ დაბრუნებაზე

ჩემთვის, ომი მაშინ დაიწყო, როცა მე-6 კლასში ვიყავი – მაკა ბელქანია აფხაზეთის ომსა და ოცნებად ქცეულ დაბრუნებაზე

ამჟამად ოჯახთან ერთად თბილისში მცხოვრებ მაკა ბელქანიასთვის მტკივნეულად გასახსენებელია სოფელ კოჩარაში გატარებული წლები.

 

სოხუმის დაცემიდან 28-ე წლისთავი ყველაზე მძიმე დღეა მათი ოჯახისთვის. პირველი დარტყმა სამხედრო კონფლიქტის დროს სწორედ ამ სოფელმა მიიღო.

 

საომარი მოქმედებები იმ წლებში სოხუმის გადასარჩენად,ძირითადად ტამიშსა და კოჩარაში მიმდინარეობდა. პირველი დარტყმებიც სწორედ იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ იგემა.

 

მაკა დღეს თბილისში ცხოვრობს, გერმანისტია კერძო სკოლაში. ერთადერთი სურვილი აქვს ამდენი წლის მოგონებებს თავი მოუყაროს და წიგნად გამოსცეს.

 

 

„ომი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც უმიზეზოდ არასოდეს იწყება.

 

პირადად ჩემთვის, ომი მაშინ დაიწყო, როცა მე-6 კლასში ვიყავი. ოჩამჩირის რაიონის განათლების განყოფილებაში ”არტეკის”საგზური მოვიდა. კოჩარის სკოლამ ჩემს კანდიდატურაზე იმსჯელა, სხვა სკოლამ აფხაზ გოგონას გაუწია რეკომენდაცია. გასაუბრების საფუძველზე, ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა აერჩიათ და გაეგზავნათ საერთაშორისო ბანაკში-ყირიმში. ამის მოლოდინში მთელი ზაფხული სახლში გავატარე…

 

ყოველგვარი გასაუბრების გარეშე აღმოჩნდა აფხაზი გოგონა “არტეკში” ქართველობა დამიწუნეს! ბანაკში წასვლით იქნებ ბევრი რამ არ დამიკარგავს მაგრამ…..

 

მეორედ ომი ჩემთვის მაშინ დაიწყო, როცა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებმა აგვიყოლია მოსწავლე-ახალგაზრდობა და აფხაზეთის მოსახლეობას გაფიცვისკენ მოუწოდეთ. მეც ამ მოძრაობის გამოკვეთლი ლიდერი ვიყავი. იმ წელს სკოლას ვამთავრებდი და ჩემი მომავალი თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში მესახებოდა.

 

 

იმდროინდელმა რაიონის ხელმძღვანელმა აფხაზმა პირმა, ლამის ხელით მაჭანჭყარა, საყვედურებით მავსებდასოლიდარობაზე საუბარი, ხომ ზედმეტია. განათლების განყოფილების უფროსი აფხაზი ქალბატონი სახალხოდ დამემუქრა-ვნახავ, როგორ ჩააბარებ საატესტატო გამოცდებსო, ამ შემთხვევაში ეროვნულისთვის ჩამწიხლეს!…

 

მესამედ – სოხუმის ავტობუსის მძღოლს გაჩერება ვთხოვე, თუმცა მან, ყურიც არ მათხოვა და პირიქით სიჩქარეს უმატა. ვიფიქრე, ალბათ ვერ გაიგონა-მეთქი და მაღალ ტონალობაში გავუმეორე თხოვნა. ამომხედა, ცინიკურად გაიღიმა და მითხრა- არ მესმის რასაც მეუბნებიო….აქ ქართული ენა დამიწუნეს!…

 

მეოთხედ – საკუთარი ხელით შეკერილი შვინდისფერი დროშა, რომელიც 26 მაისს ჩვენი სამოსახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დავკიდე, აფხაზმა მეზობლებმა ორჯერ ჩამოაგდეს და მესამედ საერთოდ მომპარეს.-ამით საქართველოს დამოუკიდებლობა დაგმეს.

 

აფხაზეთის ომის დასრულებიდან თითქმის სამმა ათეულმა წელმა განვლო…

 

 

 

საკმაოდ დიდი ხანი გავიდა იმისთვის, რომ ოკუპირებულ სოხუმში ეფიქრათ შეცდომების გამოსწორებაზე. ჩემი ასაკის და მით უმეტეს უფროსი თაობის იმედი აღარ შემრჩენია, რომ რამე რადიკალური გარდასახვა მოხდება მათ აზროვნებაში. სადაც ამდენი წლის განმავლობაში არცერთი გზავნილი: სინანულის, მონატრების, მოლაპარაკების, შერიგების არ მოსულა ჩვენამდე. აწი რაღას უნდა ველოდოთ?! ახალი თაობის იმედად ვარ-იქნებ, იქნებ..დრო მიდის…

 

გარდა იმისა, რომ დევნილებისთვის შინ დაბრუნება ოცნებად იქცა, სამშობლოს წინაშე გვაქვს ვალდებულება აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა.

 

რას ფიქრობს მტერი-ბედს შევეგუეთ? ჩვენი საკუთრება სხვას შევატოვეთ? ვინმეს შიში გვაქვს?-ძალიან ცდებით!რა დროს სისხლის ღვრაა თორემ, საქართველოს მებრძოლ პატრიოტებს რა გამოულევს!

 

მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. 1993 წლის 27 სექტემბერი არ უნდა განმეორდეს! დღეს კი, პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს!” ,- წერს კოჩარელი მაკა ბელქანია.

 

აფხაზეთის დაკარგვიდან ამდენი წლის შემდეგ მისი მშობლები და და ეკა ბელქანია ზუგდიდში დაფუძდნენ. ხოლო ძმა დათო ბელქანია და მისი ოჯახი შვილებით თბილისში ცხოვრობენ.​ ბელქანიები ყოველი წლის 27 სექტემბერს, აფხაზეთში დაბრუნების იმედით ხვდებიან.

 

 

ავტორი: თეა შონია 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!