fbpx
21:35 | 2020-09-23 ავტორი: თამარ გონგაძე

“ჩემთვის ჩარჩოები მხოლოდ ნახატისთვის არსებობს…” – ნინო ქათამაძემ გადაცემის კეთება დაიწყო

“ჩემთვის ჩარჩოები მხოლოდ ნახატისთვის არსებობს…” – ნინო ქათამაძემ გადაცემის კეთება დაიწყო

ნინო ქათამაძე შაბათობით “ტვ პირველზე” ხელოვანი ადამიანების შემოქმედებაზე გადაცემას აკეთებს. “სტუმრად ნინო ქათამაძესთან” ასე ჰქვია დოკუმენტურ სტილში გაკეთებულ ახალ პროექტს, რომლის პირველი სტუმარი ნაციონალური ბალეტის ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ილიკო სუხიშვილი გახლავთ. ნინო “სუხიშვილების” რეპეტიციას დაესწრო, ილიკომ სპეციალურად მისთვის დადგა ცეკვა და ასე ცეკვა-თამაშში, რესპონდენტს ბევრი საინტერესო რამ ათქმევინა.

 

ნინო ქათამაძე: – ჩემთვის ეს გამოცდილება ძალიან ახალია. მომეცა საუკეთესო საშუალება დაველაპარაკო მათ, ვინც მიყვარს, მენატრება და აქამდე კითხვების დასმის საშუალება არასდროს მომცემია.

 

ეს შემოთავაზება რომ მივიღე და ტელევიზიაში მივედი, იმხელა სიყვარული და იმედი დამხვდა, უკან დასახევი გზა არ დამიტოვეს. ჩემით ვერ გავბედავდი. გავიქცეოდი. როცა კითხვებს მისვამენ, არ ვარ კარგი ხასიათის. ეს შენთან ვარ გახსინილი, ყურადღებას ვგრძნობ, დეტალებით მაბედნიერებ… ისე, არ მიყვარს.

 

რატომ არ გიყვარს კითხვებზე პასუხების გაცემა?

 

– ხშირ შემთხვევაში ადამიანები შენგან დიდ მოვლენებს ითხოვენ, რომელიც ცხოვრებაში სულ რამდენიმეჯერ ხდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ცხოვრების მხატვრები. როდესაც ეს ყველაფერი მუსიკაში მიგაქვს, ყველაფერში მხატვარი ვერ იქნები. რთულია, საინტერესო თუ არ ხარ, ყველაფერი ბანალურად მიდის. მე არ მიყვარს, როდესაც ბანალური ვრჩები ნებისმიერ ამპლუაში – გინდ არტისტი, გინდ მეგობარი, გინდ რესპონდენტი…

 

 

 

– როგორც ინტერვიუერი რაიმე სირთულეს თუ გადააწყდი?

 

– მხოლოდ საკუთარ თავთან. რესპონდენტისგან მე მხოლოდ შემოქმედებითი მხარე მაინტერესებს. არის ასეთი მომენტი – თან გინდა არ ჩაგერიონ, მაგრამ რომ არ ჩაგერიონ, თავს რომ ვერ ართმევ. მე ხომ არ ვიცი სტრუქტურა, რა მასალიდან რისი გამოყვანა შეიძლება. თუმცა ნელ-ნელა ვსწავლობ. აზარტული ყოფილა. ტელევიზია მიყვარს ზოგადად. ილუშკას გადაცემა უკვე დამონტაჟებული რომ ვნახე, დოკუმენტურ სტილში, ძალიან მომეწონა ფორმა.

 

რა გაიგე ახალი ილიკოსგან?

 

– ილუშკას სხვა ცხოვრება არ ჰქონია, სულ ცეკვაში იყო. მის ოჯახს, მთელი ასწლიანი ისტორიის მანძილზე, უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა ქვეყანაში. ის ამას მხატვარივით უყურებს, როგორც ქვეყნის მოქალაქე, მნიშვნელობას ანიჭებს მასშტაბში. ილუშკა არის ადამიანი, რომელსაც სურს განვითარება, მაგრამ ამ დროს უფრთხილდება ფუძესაც. ეს ძალიან საინტერესო მოსასმენი იყო მისგან. გამიხარდა, რომ მომეცა საშუალება კიდევ ერთხელ დამედასტურებინა, რომ მიყვარს.

 

გულწრფელად გეტყვით, მე ჩემს გადაცემაში ისეთ ადამიანებსაც გავესაუბრები, რომელთათვის ჩემი მუსიკა ახლოს არ არის. გავიგოთ, რატომ ირჩევენ ეს ადამიანები ამ ცხოვრების გზას, როგორ ცხოვრობენ… ძალიან მაინტერესებს მხატვრობა. ვნახოთ…

 

საინტერესო ამბები უნდა მოვყვე, თან სიფრთხილეც უნდა გამოვიჩინო, კითხვის დასმაც უნდა ვისწავლო, რაც არ მიყვარს. ბევრი საზღვარი უნდა გადავლახო და რესპონდენტს ისე უნდა მოვექცე, როგორც მინდა, რომ მე მომექცნენ.

 

ფარაჯანოვის დონე არ არის - ნიკუშა შენგელაია ლედი გაგას ახალ კლიპს აფასებს
2020-09-22ფარაჯანოვის დონე არ არის - ნიკუშა შენგელაია ლედი გაგას ახალ კლიპს აფასებს

 

როცა უბრალო ენით ყვები, საინტერესო არ არის. ცხოვრებას ყველა საინტერესო გზებით გავდივართ. ყველა არტისტს ათასჯერ აქვს რაღაცები მოყოლილი. თუმცა არსებობს ჩემთვის მნიშვნელოვანი ნიუანსები, სწორედ ამ მხარეების დანახება მინდა.

 

არის რაღაცები, რასაც მე სხვანაირად ვუყურებ. ჩემი თავისადმი არასოდეს არ ვარ ობიექტური. ყოველთვის იმ წუთას, პროცესში ხდება რაღაცები. როდესაც კონცერტს ვუყურებ, ვცდილობ გავიხსენო ის მგომარეობა, რა ხდებოდა იმ წუთას. თუ მე ყველა ემოცია დავვარცხნე, სტანდარტებში ჩავსვი, გაპრანჭულად ვილაპარაკე, ჩემთვის საინტერესო არანაირად არ იქნება.

 

სამყაროს ვეწინააღმდეგები, ყველა ფორმით ყველაფერი უნდა ნახო, მისაღებ ფარგლებში. ჩემთვის, ჩარჩოები, ბავშვობიდან, მხოლოდ ნახატისთვის არსებობს, ზოგჯერ არც იმისთვის. ვნახოთ, თუ მიიღებს მაყურებელი ისე, როგორც მე გამომდის. სულ მსმენელი მყავს და ახლა პირველად ვამბობ – მაყურებელს.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X