fbpx
13:26 | 2020-11-12 ავტორი: Prime Time

„ჩემს ხმას ვერ ვამსგავსებ, ფეიკია“ – რას ამბობს ცესკოს ყოფილი თანამშრომელი სკანდალურ ჩანაწერზე

„ჩემს ხმას ვერ ვამსგავსებ, ფეიკია“ – რას ამბობს ცესკოს ყოფილი თანამშრომელი სკანდალურ ჩანაწერზე

სააგენტო „კვირას“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ ცესკოს ყოფილ თანამშრომელს, ივანე ბურდულს ესუაბრა. სანამ მის პოზიციას გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რომ დღეს საინფორმაციო სააგენტო „კვირამ“ გაავრცელა ფარულ აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ ასახულია ცესკოდან რამდენიმე დღის წინ დემარშით წამოსული თანამშრომლის, ივანე ბურდულის საუბარი, მის აწ უკვე ყოფილ თანამშრომელთან.

 

„კვირა“ წერს, რომ ჩანაწერი მას მესამე პირმა მიაწოდა. აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ივანე ბურდული, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი შაშკინის ახლო მეგობარია, ცესკოს თანამშრომელ ქალს ქრთამის სანაცვლოდ სამსახურიდან მის მსგავსად დემარშით წამოსვლას სთავაზობს.

 

ჩანაწერის მიხედვით, ივანე ბურდული ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს ხატია ფერსაშვილს ესაუბრება და დიდი ფულის სანაცვლოდ მისი ნაბიჯის გამეორებას სთავაზობს.

 

ჩანაწერში ისმის ფრაზა, რომ გადახდილი იქნება ბევრი ფული.

 

„პრაიმტაიმი“ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით ივანე ბურდულს დაუკავშირდა:

 

„ეს ჩემი ხმა არ არის, ეს არის სრული ფეიკი. ასეთი საუბარი არ შემდგარა. ამით ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას.

 

– დამონტაჟებულია, თუ საერთოდ არ არის თქვენი ხმა?

 

– სავარაუდოდ. ვერ გეტყვით. ეს ჩემი ხმა ნამდვილად არ არის. მე ვერ ვამსგავსებ ყოველშემთხვევაში. ალბათ დამონტაჟებულია.

 

– იცნობთ იმ ქალბატონს, რომელიც ამ ჩანაწერში ფიგურირებს?

 

– ცხადია, ცესკოს თანამშრომელია.

 

– არ გქონიათ მსგავსი საუბარი მასთან?

 

– არანაირი. მიმსგავსებული საუბარიც კი არ მქონია.

 

 

ჩანაწერის შინაარსი დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ და მოისმინოთ აქ.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X