18:12 | 2020-05-12 ავტორი: თამარ გონგაძე

“ჩემი შვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ჩემი ცხოვრება სხვანაირად იქნებოდა” – იუბილარი იმედა კახიანი გარდაცვლილ ვაჟს იხსენებს

მსახიობი იმედა კახიანი 83 წლის გახდა. მამას დაბადების დღე სოციალურ ქსელში ეკა კახიანმა ასე მიულოცა: “ჩემი ცხოვრების იმედი 83 წლისაა. გაუმარჯოს იმედა კახიანს!!! კაცი, რომელიც 100%-ით ამართლებს სახელს.”

 

იუბილარი მსახიობი თავის ოჯახთან ერთად მცხეთის აგარაკზე იმყოფება. მთელი პანდემიური კარანტინის პერიოდი იქ გაატარა. იმედა კახიანი “პრაიმტაიმს” ემოციებს უზიარებს.

 

იმედა კახიანი: – ბედს არ ვუჩივი, მადლობელი ვარ. სულ ველოდებოდი, რომ ჭკუა მომემატებოდა, მაგრამ მომატებას ვერ ვატყობ. ამაზე გული ძალიან მწყდება, მაგრამ წინ არი ცხოვრება, ჯერ სად ვართ.

 

მე სულ ვამბობ, ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვცხოვრობ და ქართველი ვარ. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ასეთი არც მიწაა სადმე და არც ადამიანი. ჩემი გაგებით ასეა.

 

ამის გარდა, ღვთისმშობლის წილხვედრია და ესეც სხვა მადლია… ამას რომ ვერ დაინახავ კაცი, რად გინდა მაშინ სიცოცხლე.

 

ასე რომ ბედნიერი კაცი ვარ… შვილით, შვილიშვილებით და შვილთაშვილებით. ერთადერთი ტკივილი, რაც არის ჩემს ცხოვრებაში, შვილის დაკარგვაა. 14 წლის ბიჭი გარდამეცვალა. არ ვიცი, ეს რატომ მოხდა. მაშინ 45 წლის ვიყავი. გარდაცვლილი შვილი ბევრჯერ დამსიზმრებია.

 

– როგორ მოერიეთ ამ ტკივილს?

 

– რას იზამ, გენაცვალე. ეკა მყავდა. გათხოვდა და უცებ გაჩნდა ნინი. ამან სიცოცხლე მოიტანა… საუბედუროდ, ჩემზე უბედურები და ტკივილიანებიც არიან ამქვეყნად. შენი ტკივილი და მწუხარება სხვას არ უნდა მოახვიო თავს.

 

ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ჩემი ცხოვრება სხვანაირად იქნებოდა. ამ ტრაგედიამ დამანახა ის, რომ ადამიანი სანამ აქვეყნად ხარ, უნდა იცოცხლო. სიყვარულით უნდა იცხოვრო, არ უნდა დაიბოღმო და სხვისი არ უნდა შეგშურდეს.

 

ღმერთმა სამი შვილთაშვილი მაჩუქა… ამაზე ბედნიერება რა არის?

 

იცით, მთავარი მისია რა მგონია? სხვისი სიყვარული. ამ ვირუსის მაგალითზე რომ ვთქვათ, თუ მეზობელი ჯანმრთელი არ არის, ვერც შენ იქნები ჯანმრთელი. სხვაზე უნდა ვიფიქროთ. მარტო საკუთარ თავზე ზრუნვა არ შეიძლება.

 

მიმტევებელი და მომთმენი უნდა იყო. ხელს თუ გაანძრევ, ყველაფერს ღმერთი მოგცემს.

 

ამ მიწაზე რომ შიმშილი იქნება, სირცხვილია. მცხეთაში პატარა ეზო მაქვს და რაც ხილია, ყველა მაქვს და ბალახიდან დაწყებული ყველაფერი ჩემი დარგულია. ჩემი შვილიშვილი რომ ხიდან ნაყოფს მოწყვეტს და გაუხარდება, ესაა ჩემთვის ბედნიერება.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X