10:47 | 2020-04-16 ავტორი: თამარ გონგაძე

ჩემი მეუღლე და ორი შვილი ჩემგან დაინფიცირდა – რას ამბობს ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ქალი

ჩემი მეუღლე და ორი შვილი ჩემგან დაინფიცირდა – რას ამბობს ნიუ-იორკში მცხოვრები  ქართველი ქალი

ნიუ-იორკში მცხოვრებ ნათია მინდელს 24 დღის წინ ტემპერატურამ აუწია. მარტის დასაწყისში ფეხი მოიტეხა და ბუნებრივია, შინიდან არ გადიოდა. როგორც ვარაუდობს, კორონავირუსი, ფეხზე ნაკერების ასახსნელად კლინიკაში ვიზიტის დროს მისულს შეეყარა, ოჯახში დაბრუნებულმა კოვიდ-19-ით კი ქმარი და ორი შვილი დააინფიცირა.

 

ნათია მინდელი: – მარტის შუა რიცხვებში ამერიკაში ეპიდემიის აფეთქება არ ყოფილა. ფეხი შეშუპებული მქონდა და ტკივილებით რომ გადამიყვანეს, კლინიკის ექიმები ჯერ კიდევ არ იყვნენ პირბადეებით. სავარაუდოდ, იმ დროს დავინფიცირდი, რადგან ფეხის გამო მე გარეთ არ დავდიოდი.

 

მაშინვე გავახმაურე, რომ კორონავირუსი მქონდა. დავიწყე ფიქრი იმაზე, ვინმესთან ხომ არ მქონია იმ პერიოდში კონტაქტი. ერთი ოჯახი მსტუმრობდა, მაგრამ ადრე, დაინფიცირებამდე და საბედნიეროდ, მათ ჩემგან არაფერი გადასდებიათ.

 

ნათია, რითი დაგეწყოთ?

 

– ყელში უსიამოვნო შეგრძნებით, თითქოს რაღაც გამეჭედა და ჩახველებით რომ გინდა ეს დისკომფორტი მოიშორო. ასეთი შეგრძნება მქონდა სამი დღე. მეოთხე დღეს ხველა დამეწყო და საღამოს უკვე ტემპერატურა – 38 და 8 მომცა.

 

რახან ფეხზე ნაოპერაციები ვიყავი და რკინა მქონდა ჩასმული, ვიფიქრე, სიცხის მატება ვენების პრობლემით ხომ არ იყო გამოწვეული. გამოვიძახე სასწრაფო დახმარება, ექიმმა ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

 

22 მარტს უკვე შემთხვევები მომატებული იყო ნიუ-იორკში. იმდენად გამოხატული მქონდა ყველა სიმპტომი, კლინიკაში ტესტი აღარ გამიკეთეს და კორონავირუსით დაინფიცირებულთათვის ცალკე მობილიზებულ განყოფილებაში მომათავსეს. გამიზომეს წნევა, ტემპრეტაურა და ჟანგბადის დონე. იქ მითხრეს, რომ სახლში უნდა მემკურნალა და თუ სუნთქვის უკმარისობა მექნებოდა, მაშინ გადამიყვანდნენ უკან კლინიკაში და სპეციალურად მომზადებულ პალატაში მომათავსებდნენ.

 

– რა სიმპტომები დაგემატათ?

 

– სიცხე, ხველა, გულისრევის შეგრძნება, ფაღარათი… შემდეგ დღეებში ყნოსვა და გემოს შეგრძნება დავკარგე. სურდო და ცხვირის გაჭედვა არ მქონია. ვერაფრის სუნს ვერ ვგრძნობდი, საერთოდ! დაავადებიდან 22-ე დღეა დღეს და ყნოსვა უმნიშვნელოდ დამიბრუნდა. გემოს შეგრძნება ჯერ კიდევ არ აღმდგენია.

 

თავიდან ძალიან მეშინოდა. მეგონა, ყოველ წუთას გამიუარესდებოდა მდგომარეობა. ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა.

 

მეორე დღეს უკვე შვილებსაც მისცა სიცხე. უმცროსს, ხუთი წლისას, 38 გრადუსი ჰქონდა ორი დღე. უფროსი 21 წლისაა და დაბალი სიცხეები აქვს. მათ შედარებით იოლად გადააქვთ ვირუსი. ხველა არ ჰქონიათ.

 

რახან მე ნაოპერაციები ვიყავი და იმუნიტეტი დაქვეითებული მქონდა, გულის აჩქარებაც დამეწყო. ჩემ ქმარს ოთხი დღე ჰქონდა მაღალი სიცხე, ხველა და სისუსტე. თუმცა მან ჩემთან შედარებით იოლად გადაიტანა.

 

სახლში ყველაფრის დეზინფექციას ვაკეთებთ. ვიღებთ ბევრ სითხეს.
აქ ექიმები ტელეფონითაც ვერ გაძლევენ კონსულტაციას, იმდენი პაციენტი ჰყავთ, რომ ამისთვის ფიზიკურად ვერ იცლიან. კლინიკიდან გამომატანეს დაწერილი მითითება და იმას მივყვებით.

 

არავის სთხოვენ საბუთებს და ლეგალობას, ყველას უფასოდ მკურნალობენ.

 

აქ მცხოვრებმა ქართველმა ექიმებმა კრიზისცენტრი გააკეთეს და ქართველებს ფსიქოლოგიურ, მორალურ და ფიზიკურ დახმარებას უწევენ. ნიკოლოზ ჩხეიძე და ცენტრის სხვა ექიმები მირეკავდნენ და მდგომარეობას მეკითხებოდნენ. ისე ისტრესები, რომ გინდა ექიმთან კავშირზე იყო, რომ სიმშვიდე შეგინარჩუნდეს, გამხნევდე.

 

სხვათა შორის, ჩვენი კრიზისცენტრის ექიმებს კორონავირუსისგან კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქართველები ისეთ კლინიკებში მიჰყავთ, სადაც არაა გადავსებული პალატები.

 

სხვათა შორის, ლევან რატიანთან მქონდა კონტაქტი და ის მაძლევდა რეკომენდაციებს. ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევდა. მირეკავდა, მომიკითხავდა, დღეს უკეთესი ხმა გაქვსო, მეუბნებდა და მეც ფსიქოლოგიურად თავს უკეთ ვგრძნობდი. სტრესს მიხსნიდა. ძალიან დამეხმარა მისი მორალური თანადგომით.

 

რომ ვუყურებ, სულ ტელევიზიით ჩანს და კომენტარებს იძლევა, მიკვირს, როგორ იცლიდა ჩემს მოსაკითხად. თუ ვერ დარეკავდა, ხმოვანი შეტყობინებით მითითებებს მაძლევდა, ბევრი სითხე მიიღეთ, კარგად ჭამეთ, ცილით გაჯერებული პროდუქტი მიირთვით და სახლში ყველაფერი ასუფთავეთო. საოცარი ადამიანია.

 

– რა წამლებს იღებდით სახლში?

 

– სიცხის დასაწევად „ტაილენოლს“, ხველისთვის – ვენტოლინს. მივიღე ანტიბიოტიკიც – აზიტრიმიცინი დავლიე. ექიმმა ეს ანტიბიოტიკი ბავშვებსაც დაუნიშნა, თუმცა არ დასჭირვებიათ, გართულება არ ჰქონიათ და არ მიმიცია. პედიატრთან მაქვს სატელეფონო კონტაქტი.

 

მე სუსტად ვიყავი, ადგომაც არ შემეძლო. გუშინ ფილტვებზე რენდგენი გადავიღე და მითხრეს, რომ სუფთა მაქვს. ერთ კვირაში სრულად ალაგდება და უკეთ იქნებიო, დამაიმედეს.

რა პროდუქტის მიღებაა რეკომენდებული?

 

– ბევრი სითხე. ექვსი დღის განმავლობაში უმადობა მქონდა. ცხრა კილო დავიკელი. მინდოდა მეჭამა, მაგრამ საჭმლის დანახვაზე გულისრევის შეგრძნება მქონდა. მეშვიდე დღეს უკვე მომინდა მეჭამა, თუმცა გემოს შეგრძნება დაკარგული მქონდა.

22-ე დღეა, რაც კორონავირუსი მაქვს დღეს შედარებით უკეთ ვარ…

 

ბევრი ადამიანი მწერდა, მამხნევებდა და ამან გამაძლებინა, თორემ ძალიან შეშინებული ვიყავი.

 

რა შეიცვალა კორონავირუსის შემდეგ?

 

– ამ ვირუსმა ბევრი კარგი ადამიანი გამაცნო, დიდი სიყვარული ვიგრძენი. აქ ქართველებს ძალიან უყვართ ერთმანეთი. კლინიკაში რომ მივდიოდი, „უბერი“ გამოვიძახეთ და მძღოლი ქართველი აღმოჩნდა. მანქანიდან რომ გადავედით, ჩემმა ქმარმა ტელეფონში ნახა, რომ ამ ბიჭს შეკვეთა გაუუქმებია, რომ ჩვენ თანხა არ გადაგვეხადა.

 

მწერდნენ – რა მოგიტანო, რამე ხომ არ გჭირდებაო. ერთმა ქართველმა მომიტანა კართან პროდუქტებით სავსე ჩანთები… პროდუქტებით ჩვენი კრიზისცენტრიც ეხმარება ქართველ ემიგრანტებს, ფინანსურადაც.

 

დაბოლოს, მინდა დავძინო, რომ უყურადღებოდ მიტოვებული აქ არავინაა. სახლში მკურნალობას მსუბუქი პაციენტები გადიან. ფუზიკურად ამდენ პაციენტს ვერ დაატევენ კლინიკებში. ეს წამოუდგენელია. საქართველო პატარაა და ცოტა შემთხვევაა. შედარებაც არ შეიძლება. ღმერთმა დაიფარის ამერიკის მაგვარი სიტუაციისგან, თორემ წარმოდგენაც მიჭირს, რა იქნება.

 

უნდა მიყვეთ რეკომენდაციებს, მთავარია განწყობა, რაც მე თავიდან არ მქონდა. მერე მივხვდი, განწყობა არ უნდა გამეფუჭებინა, რასაც თავიდან ვერ ვაკეთებდი. მივხვდი, რომ ამაზე უნდა მეზრუნა. ნეგატიურ ინფორმაციას აღარ ვიღებდი.

 

ექიმის გარეშე არც ერთი მედიკამენტი არ მიიღოთ.

 

მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედგა, მათ შორის ექიმ ნანა გეგეჭკორს, რომელიც დაკავებულობის მიუხედავად, მამშვიდებდა და რჩევებს მაძლევდა.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები