21:34 | 2020-05-28 ავტორი: თამარ გონგაძე

“ჩათვალეს მეძავი ვარ, ვაბოლებ, კაცს ველოდები” – 91 წლის თამარ სხირტლაძე ახალგაზრდობის ისტორიას იხსენებს

“ჩათვალეს მეძავი ვარ, ვაბოლებ, კაცს ველოდები” – 91 წლის თამარ სხირტლაძე ახალგაზრდობის ისტორიას იხსენებს

91 წლის თამარ სხირტლაძე ახალ როლზე მუშაობს. შესაშური მეხსიერება აქვს. ჯერ არ მქონია შემთხვევა, როლში მყოფს სიტყვა დამვიწყებოდაო, ამბობს.

 

ებრაელი ქალის როლს ძერწავს, რომელსაც ბრალს ანტისემიტომაში დებენ.

 

“ვრეპეტიციობდით, მიზანსცენებზე ვიყავით გადასული, მაგრამ კორონას გამო გამოგვყარეს თეატრიდან. ჩემთანაც დადიოდნენ ბიჭები და სახლში ვაგრძელებდით რეპეტიციას. მაგრამ საბოლოოდ მაინც კორონამ დაგვშორა ერთმანეთს. მე რისკფაქტორი ვარ ასაკობრივადაც, ფილტვებიც სუსტი მაქვს, მთელი ცხოვრებაა სიგარეტს ვეწევი. ამიტომ სიფრთხილეს ძალიან ვიჩენ.

 

როლისთვის ვემზადები, თუ არ მიღალატა ან ტვინმა, ან გულმა. თუ მეღირსა პრემიერის თამაში და კორონა არ დაგვეტაკა, მობრძანდით პრემიერაზე”, – დაგვპატიჟა მსახიობმა.

 

საინფორმაციო გამოშვებებს აქტიურად ადევნებს თვალ-ყურს. ხელი ქვეყნის პოლიტიკურ მაჯისცემაზე უჭირავს და უკვირს, რატომ არ უნდა ვიყო ასეო.

 

თამარ სხირტლაძე: – ვუყურებ და ვუსმენ, რა ხდება ჩვენს თავს. პოზიცია და ოპოზიცია როდის დაწყნარდებიან, არ ვიცი. ჩემდა საუბედუროდ ჩართული ვარ პოლიტიკაში. სულ მეჩხუბებიან ჩემები, თავი დაანებე, ნუ უყურებო, რადგანაც ნერვებს ავყვები ხოლმე… როგორ შეიძლება არ მაინტერესებდეს?

 

2020-05-09"მთელი ცხოვრება ვინანებ, რომ მხდალი აღმოვჩნდი" - ნატო დუმბაძე

 

რამდენ რამეს არ მოვსწრებივარ. სამი ომი გამოვიარე, მაგრამ ასეთ დროებაში, ახლა რომ გვიდგას, არასდროს მიცხოვრია. სამ კარგ რამეს რომ გავაკეთებ და ვთქვათ, მეოთხე შემეშალა, ხომ არ შეიძლება ამას გადამაყოლოთ? არაფერი არ მოგვწონდეს, ეს შეიძლება? როგორმე მიზეზს ვეძებთ, რომ მუდმივად ვიქილიკოთ.

 

მეორე სამამულო ომის მომსწრე ვარ. ვორონცოვის მოედანზე ვცხოვრობდით და მახსოვს, მშიერი გერმანელი რომ შემოვიდოდა ჩვენს ეზოში, დედას ეცოდებოდა და აჭმევდა. გაჭირვება კი იყო, მაგრამ ჩვენ არ გვიჭირდა.

 

ერთი ხშირად დადიოდა და საჭმელს სახლის კიბეზე აჭმევდა დედა. ამ ბიჭმა სურათები გვაჩვენა, თურმე პიანისტი ყოფილა. მშობლებიც ვიოლინოებით იყვნენ სურათებზე. არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი აღმოჩნდა და ომში გამოაგდეს… შიოდა, რა ექნა? რაღაცებს ანგრევინებდნენ და აკეთებინებდნენ…

 

როგორ გაატარა კარანტინის დღეები ბუბა კიკაბიძემ
2020-05-28როგორ გაატარა კარანტინის დღეები ბუბა კიკაბიძემ

 

ეს სურათები რომ ვნახე, შემრცხვა და დედას ვუთხარი, სახლში შევიყვანოთ და იქ ვასადილოთ-მეთქი. მე ათი წლის ვიყავი და უკვე მსახიობობა მინდოდა. ეს ბიჭი რომ პიანისტი აღმოჩნდა, უკვე მერიდებოდა გარეთ რომ ჭამდა საცოდავად. მაშინ იმდენი ვერ მოვიფიქრე, რომ ამ ბიჭის სახელი გვარი და მისამართი ჩამეწერა, რომ მერე მომეძებნა.

 

17 წლის რომ გავხდი და თეატრალურ სტუდიაში დავიწყე სიარული, ამ გერმანელ ჯარისკაცზე ხშირად ვფიქრობდი. მინდოდა მომეძებნა და მეთქვა, როგორ ვკვებავდით და შიმშილს გადავარჩინეთ ეს ლამაზი ბიჭი.

 

 

მას მერე რას აღარ მოვესწარი. 9 მაისი, 1978 წელს ქართული ენის სახელწიფო ენად გამოცხადებისთვის გამართული მიტინგები. 9 აპრილი… აფხაზეთის ომი…

 

უნდა გითხრათ, აფხაზეთში ჩასულები, აფხაზებისგან კეთილგანწყობას ვერ ვგრნობდით, ცივად გვხდებოდნენ. ახლაც არ ეტყობათ, რომ ჩვენთან უნდათ. არ ვუნდივართ…

 

აფხაზეთში თითქმის ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით. სოხუმში ვიყავით გასტროლით და მე და ჩემი მეგობარი, ავთო შევედით მაღაზიაში. ჩემმა მეგობარმა გამყიდველ ქალს რაღაცაზე ჰკითხა, ეს რა ღირსო? ის არ პასუხობს, არ აქცევს ყურადღებას. მერე მე რუსულად ვკითხე, რატომ არ პასუხობთ-მეთქი? არ მესმის ქართულიო, ეს აფხაზი ქალი გვპასუხობს. მაშინ ავთომ ქართულად შეაგინა და მყისიერად შემოუტრიალდა. ეს გაიგეო? ჰკითხა ავთომ.

 

2020-05-27"იმდენად გამორჩეული სპორტსმენია, მისი დაკარგვა დრამატული იქნება" - ლანა ღოღობერიძე

 

სოხუმის ყველაფერი მენატრება, ძალიან საყვარელი ქალაქია. პლაჟიც, მსახიობთა სახლიც, თავისი დიდი ბაღით და არაჩვეულებრივი მომსახურებით. ვის არ ნახავდით კომპოზიტორების სახლშიც…

 

სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, იური კაკულია ბრეხტის „დედა კურაჟს“ დგამდა. მთავარ როლში დამაკავა. დიმა ჯაიანი ჩემს შვილს თამაშობდა. რეპეტიციებია გახურებული, დილიდან ვრეპეტიციობდით და ერთხელაც, დიმამ და იურიმ, წამოდი, ვისადილოთო მითხრეს.

 

მე ქვიშაზე მოდუღებულ ყავას დავლევ, სანამ თქვენ ისადილებთ-მეთქი, ვუთხარი. სანაპიროს კაფეში, როგორც ყოველთვის, ბევრი ხალხი იყო. დავჯექი მარტო, ვსვამ ყავას და სიგარეტს ვეწევი… ქერა ქალი ვიყავი, თან მაცვია უცნაურად, რეპეტიციის ფორმაში ვარ…

 

მოვიდა ორი ქართველი გოგო, ეძებენ ადგილს. მომიახლოვდნენ, დავსხდეთ აქ, მაგრამ ჩემი მტერი დაჯდა ამასთანო, ამრეზით ამათვალირეს. რუსი ვგონივარ. ჩათვალეს, ბ…ზი ვარ რაა, “მეძავი”, მარტო ვზივარ, კაცს ველოდები, ვაბოლებ. (მე რომ სახელი მქონდა ცხოვრების მანძილზე, ნეტა, ეგ სახელი ჰქონოდათ იმათ. ჩემთვის პატიოსნება ყველაფერს ნიშნავდა.)

 

მთელი იქ ჯდომის დროს მლანძღეს, ენა არ გაუჩერებიათ. ყველაფერი განიხილეს, თმა საით მქონდა გადავარცხნილი, როგორ მეცვა, გადამიარ-გადმომიარეს. ისიც თქვეს, ამისთვის დიდი პატივია ჩვენს გვერდით ჯდომაო. მე ისეთი სახე მაქვს, თითქოს ვერაფერს ვერ ვიგებ.

 

2020-05-27"ინსულტი გადავიტანე, ჩემი ქალაქიდან გაყვანა გახდა საჭირო..." - თემურ წიკლაური

 

დიმა ჯაიანი პოპულარული იყო, იური კაკულია სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი გახლდათ, მასაც იცნობდნენ. მოკლედ, მომიახლოვდნენ ნასადილები დიმა და იური.

 

დიმა მანძილიდან მეუბნება, რატომ არ წამოხვედით, ქალბატონო თამარ, ისეთი შებოლილი ქათამი იყოო (იქ მართლა გემრიელი ქათამი ჰქონდათ ხოლმე)… მე ამ ქალებს გადავხედე.

 

გამშრალი ისხდნენ და მიყურებდნენ. წავედით გავაგრძელეთ რეპეტიციაო, მითხრეს. მეც ავდექი, ამათ გადავხედე და ვუთხარი, დიდი მადლობა თქვენს გვერდით ჯდომის ღირსი რომ გავხდი-მეთქი. ფერი არ ედოთ სახეზე, ენა ჩაუვარდათ…

 

სხვათა შორის, ახლა, კორონავირუსის პანდემია რომ დაიწყო და საინფორმაციოში ვუსმენდი, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დაინფიცირებულები სამკურნალოდ გადმოიყვანესო (იქაური ქართველები იქნებოდნენ და არა აფხაზები ან ოსები.), ვფიქრობდი, ამ გადასვლა-გადმოსვლის დროს, იქნებ წაიშალოს ეს მავთულ-ხლართები და აიღონ-მეთქი.

 

რას აიღებენ, თურმე უფრო ღრმად შემოდიან და გადმოაქვთ ჩვენსკენ საზღვარი. დაასახლებენ რუსებს და შემოსულები იქნებიან, რა. ომს ვერ დავიწყებთ…

 

მინდოდა, ისე არ მოვმკვდარიყავი, რომ ეს დარდი არ წამეღო. რა გაკავეთო, როგორ გავიგრძელო სიცოცხლე?

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X