22:17 | 2021-07-15 ავტორი: Prime Time

ბუში VS მერკელი – რატომ იქცა 2008 წელს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხი ორი ლიდერის დაპირისპირების მიზეზად

ბუში VS მერკელი – რატომ იქცა 2008 წელს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხი ორი ლიდერის დაპირისპირების მიზეზად

აშშ-ის  43-ე პრეზიდენტმა, ჯორჯ უოკერ ბუშმა DW-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ  მასსა და ანგელა მერკელს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უთანხმოება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების განაცხადის შემოტანის სამოქმედო გეგმას (MAP) ეხებოდა.

 

ჟურნალისტის დასმულ კითხვას, რა იყო ყველაზე დიდი უთანხმოების საგანი მასსა და კანცლერ მერკელს შორის, ბუშმა ასეთი პასუხი გასცა:

 

„ალბათ, ჩემსა და მერკელს შორის ყველაზე დიდი უთანხმოება ეხებოდა უნდა მიგვეცა თუ არა საქართველოსთვის  NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანის სამოქმედო გეგმა (MAP). მას (მერკელს) მიაჩნდა, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იქნებოდა, მე კი სწორ ნაბიჯად მივიჩნევდი“,- განაცხადა ჯორჯ ბუშმა.

 

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჯორჯ ბუში NATO-ში საქართველოსთვის NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანის სამოქმედო გეგმის მიცემის მომხრე იყო, ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, კი ამ თემის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი.

 

ჯორჯ ბუში საქართველოს და სხვა პოსტაბჭოთა ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარს უჭერდა. ასევე, ის იყო აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც 2005 წელს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

 

„პრაიმტაიმნიუსი“ ამ თემაზე საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტს, ალექსანდრე კუხიანიძეს ესაუბრა.

 

მისი თქმით, ბუშსა და მერკელს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსეთთან საქართველოს დაძაბული ურთიერთობა იყო. ამას ემატებოდა გერმანიასა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები.

 

„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ გერმანია რუსული გაზის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომხმარებელია. გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრედერი დღეს გაზპრომში მუშაობს.

 

ამაზე მეტი პოლიტიკური კორუფცია რა უნდა იყოს?! ამას ემატება ისიც, რომ მსხვილი გერმანული კომპანიები რუსეთის ტერიტორიაზე მოღვაწეობენ. აქედან გამომდინარე, მერკელს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. ის ფიქრობდა, რომ NATO საქართველოს ვერ დაიცავდა და ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, შესაძლოა, სახიფათო აღმოჩენილიყო და  რუსეთის მხრიდან უარესი ქმედებები გამოეწვია. ამას ემატებოდა ისიც, რომ მაშინ მერკელს იმედი ჰქონდა, რომ პუტინთან დიალოგი შესაძლებელი იყო.  მგონი, ისიც დარწმუნდა რომ ეს ილუზია იყო“,- ამბობს კუხიანიძე.

 

კუხიანიძე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს NATO-ში გასაწევრიანებლად აუცილილებელი პირობა სამხედრო მზაობასთან ერთად, ქვეყნის დემოკრატიული დონეა.

 

„NATO დაგვპირდა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. თუმცა, NATO მხოლოდ იმას როდის უყურებს, როგორაა მომზადებული ჩვენი ჯარი, არამედ იმასაც, დემოკრატიის როგორი დონეა საქართველოში…

 

და დემოკრატიის როგორი დონეა ახლა საქართველოში? ძალადობა, დარბევა, ჟურნალისტების ცემა… აი, აქ კი უკვე მეორე კითხვა ჩნდება – არის კი საქართველო მზად გახდეს NATO-ს წევრი?!“,- ამბობს ექსპერტი.

 

DW-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯორჯ ბუშმა წლების შემდეგ პირველად განიხილა სხვადასხვა პოლიტიკური საკითხები.

 

 

|ანგელა მერკელი

 

 

ბუშისთვის, ისევე როგორც მრავალი ამერიკელისთვის, ანგელა მერკელი სრულად განასახიერების იმას, რასაც „ამერიკულ ოცნებას” ეძახიან. ქალი, რომელიც კომუნისტური რეჟიმის პირობებში გაიზარდა და რომელმაც მიაღწია იმას, რომ მაღალ ეშელონებში ყოფილიყო. ეს ყველაფერი კი მან იმ ქვეყანაში მოახერხა, რომელმაც დიქტატურისგან თავის დაღწევა ორჯერ შეძლო.

 

„მერკელმა საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებები მიიღო, მან გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო გერმანიისთვის და რაც საუკეთესო იქნებოდა მისი ქვეყნისთვის. ის არის ქალი, რომელსაც ლიდერობის არ ეშინია.

 

 

ბუში, რომელსაც ორი ქალიშვილი ჰყავს, ამბობს, რომ ანგელა მერკელი ყველა გოგოსთვის მისაბაძი ფიგურაა.

„უამრავი გოგოა, რომელიც ანგელა მერკელს უყურებს და ამბობს – მეც შემიძლია მქონდეს ძალაუფლება და მივაღწიო ამდენს“,- აცხადებს ბუში.

 

 

| „ჩრდილოეთის ნაკადი-2“

 

 

აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მსგავსად ჯორჯ ბუშიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის (ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსული უსტ-ლუგიდან გერმანულ გრაიფსვალდამდე შენდება) მოწინააღმდეა.

 

ბუშის თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გერმანიის რუსეთზე დამოკიდებულებას გაზრდის და უკრაინასთან ურთიერთობებს გაართულებს. თუმცა, როგორც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, ის გაგებით ეკიდება მერკელის ახალ პოლიტიკას რუსეთის მიმართ და მიაჩნია, რომ ყველა ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობებისთვის თავისი გზა უნდა იპოვოს.

 

 

|მერკელი და საიმიგრაციო პოლიტიკა

 

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა აშშ-ს ყოფილი ლიდერი მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკას, ბუშმა შემდეგნაირად უპასუხა“

„მე მის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემ. „მერკელი არის ქალი, რომელსაც დიდი გული აქვს“,- ეს იყო ჩემი პირველი რეაქცია მის გადაწყვეტილებებზე. დარწმუნებულია ვარ, რომ მისი ყველა ნაბიჯი ადამიანების თანაგრძნობით იყო განპირობებული“.

 

 

ასევე, ბუშმა ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა.

ცნობისთვის, ანგელა მერკელი დღეს კანცლერის რანგში ვაშინგტონში თავის ბოლო ვიზიტს მართავს.

 

 

ვიზიტი გერმანიის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე იმართება. მოელიან, რომ შეხვედრის დროს ხაზს გაუსვამენ გერმანულ-ამერიკული ურთიერთობის სტაბილურობას და აღნიშნავენ, რომ ამ ურთიერთობებში შეიცვალა ტონი პრეზიდენტის პოსტზე ბაიდენის მოსვლის შემდეგ, რომელმაც თავისი წინამორბედისგან განსხვავებით, ვალდებულება იკისრა, ტრადიციულ მოკავშირეებთან ერთობას ესწრაფოს.

 

 

 

მომზადებულია DW-ის მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge

ავტორი: Prime Time


X